კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ობლიგაციებში ინვესტირების პროცესი

ობლიგაციის ტიპები

საქართველოს ბაზარზე ვხვდებით შემდეგი ტიპის ობლიგაციებს:

კორპორაციული ობლიგაციები

  • კორპორაციების მიერ გამოშვებული ობლიგაციები
  • საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ობლიგაციები
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ობლიგაციები

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

  • სახაზინო ვალდებულებები
  • სახაზინო ობლიგაციები
  • ევრო-ობლიგაციები

კორპორაციული ობლიგაცია

კორპორაციული ობლიგაციის საჯარო შეთავაზება ხორცილდება პირველად ან მეორად ბაზარზე. მისი შეძენა შეუძლია ნებისმიერ ადგილობრივ და არარეზიდენტ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებს. მსგავსი ტიპის ობლიგაციები შესაძლებელია იყოს დენომინირებული როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. შესაძლებელია კორპორაციული ობლიგაციების კერძო შეთავაზებაც.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ობლიგაციები

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ობლიგაციებს (IFI Bonds) აქვს კორპორაციულ ობლიგაციების მახასიათებლები. მათ შეთავაზებას საქართველოს ბაზარზე ახორციელებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა მაგალითად: EBRD, IMF, World Bank, ა.შ. 

სახაზინო ფასიანი ქაღალდები

სახაზინო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ხორციელდება წინასწარ გამოცხადებულ აუქციონებზე, რომელიც ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს და, მათი შუამდგომლობით, ადგილობრივ და/ან არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ევრობონდების გარდა, დენომინირებულია ეროვნულ ვალუტაში. ადგილობრივ ბაზარზე ვხვდებით შემდეგი ტიპის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს:

სახაზინო ვალდებულებები (Treasury Bills):

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულებას აქვს ერთ წლამდე დაფარვის ვადა.

სახაზინო ობლიგაციები (Treasury Notes):

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ობლიგაციებს აქვთ 1-დან  10-წლამდე დაფარვის ვადა.

საჯარო შეთავაზებით გამოშვებული ობლიგაციის ყიდვა

ობლიგაციის შესყიდვა შესაძლებელია პირდაპირ, საბროკერო კომპანიის მეშვეობით, მისი საჯაროდ გამოშვების შემდეგ პირველად ბაზარზე. ინვესტორი ეცნობა ობლიგაციაზე ინფორმაციას ემისიის პროსპექტის მეშვეობით, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას, შეიძინოს თუ არა ობლიგაცია და გადაიხადოს მისი ნომინალური ღირებულება (ძირი თანხა).

ობლიგაციის ყიდვა, ასევე, შესაძლებელია მეორად ბაზარზეც (OTC). ამ შემთხვევაში ობლიგაციის ფასი დამოკიდებული იქნება საბაზრო ფასზე, რასაც, ასევე, დაემატება ტრანზაქციისა და საბროკერო მომსახურების ხარჯები.

საჯარო შეთავაზებით გამოშვებული ობლიგაციის ფლობა (შენახვა)

ინვესტორს ობლიგაციის ფლობა შეუძლია საბროკერო კომპანიის ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით. განსხვავდება ფასიანი ქაღალდების ფლობისა და საკუთრების ტიპები. ობლიგაციის შეძენისას მნიშვნელოვანია, დააზუსტოთ თქვენს ბროკერთან, რა ალტერნატივები/შემოთავაზებებია ბაზარზე და კონკრეტული ობლიგაციის შემთხვევაში როგორი ტიპის მფლობელობის/საკუთრებით მოხდება მისი თქვენზე გადმოცემა.

საჯარო შეთავაზებით გამოშვებული ობლიგაციის გაყიდვა

ინვესტორს შეუძლია, ობლიგაცია გაყიდოს მისი ვადის დაფარვის თარიღამდე მეორად ბაზარზე. ამ შემთხვევაში ობლიგაციის ფასი დამოკიდებულია გაყიდვისას საბაზრო ფასზე. 

თუ ინვესტორი ობლიგაციას გაყიდის იმაზე მეტ ფასად, ვიდრე მან ის შეისყიდა (ნომინალურ ღირებულებაზე მეტად), მაშინ ის ნახავს მოგებას. თუ ინვესტორი ობლიგაციას გაყიდის იმაზე ნაკლებ ფასად ვიდრე მან ის შეისყიდა (ძირ თანხაზე ნაკლებად), ის ნახავს წაგებას.