რა არის აქცია?
აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომლის მფლობელსაც აქვს წილი კომპანიაში, ხოლო აქციის შესყიდვით ინვესტორი ხდება კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ანუ აქციონერი. ინვესტორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
აღსანიშნავია განსხვავება აქციებსა და სავალო ტიპის ინსტრუმენტებს შორის. კომპანიამ ფინანსური სახსრები შესაძლოა მოიძიოს დამატებითი აქციების გამოშვებით ან ვალის აღებით (მაგალითად, საბანკო კრედიტით ან ობლიგაციების გამოშვებით). სავალო ინსტრუმენტის შემთხვევაში, კომპანიამ საკუთარი ვალდებულება ძირითადად უნდა გაისტუმროს დაფარვის ვადით განსაზღვრულ პერიოდში. მაგალითისთვის, არსებობს უვადო სავალო ფასიანი ქაღალდებიც (უვადო ობლიგაციები), რომლებიც ხშირ შემთხვევაში კომპანიის კაპიტალად უფრო მოიაზრება, ვიდრე ვალდებულებად.
აქციის შემთხვევაში კი კომპანია არ არის ვალდებული, მეწილეებს დაუბრუნოს მათგან აქციების შესყიდვის შედეგად მიღებული თანხა და არ არის ვალდებული, სისტემატიურად განახორციელოს პერიოდული გადახდები ან გადაიხადოს დივიდენდი. განსხვავებულია მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობაც - გადახდისუუნარობის შემთხვევაში, აქციონერთა მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ სხვა კრედიტორთა დაკმაყოფილების შემდგომ არის შესაძლებელი.
რატომ ყიდულობენ ინვესტორები აქციას?
ინვესტორები ყიდულობენ აქციებს, რადგან:
მიიღონ შემოსავალი
ინვესტორები შემოსავალს იღებენ ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის შედეგად (Capital Gain), რასაც აქციის ფასების ცვლილება განაპირობებს.
ჰქონდეთ პერიოდული შემოსავალი
აქციონერებს შესაძლებელია ჰქონდეთ პერიოდული შემოსავალი აქციებზე გადახდილი დივიდენდის მეშვეობით (როდესაც კომპანიები საკუთარ მოგებას ანაწილებენ აქციის მფლობელებზე).
ჰქონდეთ კომპანიის პოლიტიკის განკარგვის უფლება
აქციების პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა აქციონერს ჰქონდეს უფლება, განკარგოს კომპანიის მართვის პოლიტიკა სხვადასხვა საკითხების ჭრილში (უმეტესი ტიპის აქციების მფლობელებს აქვთ ხმის მიცემის უფლებაც).
რატომ გამოსცემენ კომპანიები აქციას?
კომპანიები გამოსცემენ აქციას რათა მოიძიონ დამატებითი ფინანსური სახსრები ისეთი სხვადასხვა მიზეზებისთვის, როგორებიცაა:
- კომპანიის დაფინანსების სტრუქტურის/გადახდისუნარიანობის გაუმჯობესება;
- არსებული ვალდებულების დაფარვა;
- ახალი აქტივების შეძენა;
- გაფართოება: ახალი ბიზნეს მიმართულებების/პროდუქტების დამატება ან ახალი ბაზრებისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ათვისება.
რა უნდა გაითვალისწინოთ აქციის შეძენამდე?
ზოგადად, თუ აქციის შეძენაზე ფიქრობთ, გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ მოიძიოთ ინფორმაცია თქვენ მიერ შერჩეული კომპანიის მმართველობის ჩარჩოსა და პოლიტიკაზე და შეაფასოთ, თუ რამდენად თავსებადია აღნიშნული თქვენს საინვესტიციო მოლოდინებთან, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ განვითარების რა ეტაპზეა კომპანია. მაგალითად, სტარტაპ კომპანიების აქციებში ინვესტირებისას დივიდენდით მიღებული შემოსავლის ნაცვლად, ინვესტორი, როგორც წესი, შემოსავალს მოელის კომპანიისა და შესაბამისად აქციების ფასის ზრდიდან, მაშინ როდესაც უკვე დაფუძნებული, დიდი ზომის კომპანიის აქციების შეძენისას, ზრდის მოლოდინი უფრო ნაკლებია და ინვესტორი შემოსავალს უფრო მეტად დივიდენდის სახით მოელის.