ინვესტირებამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები: ობლიგაციის სარგებელი და რისკი
ობლიგაციის შინაარსი და მასთან დაკავშირებული რისკები აღწერილია ობლიგაციის ემისიის პროსპექტში. ემისიის პროსპექტი არის ინფორმაციული დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განიხილავს ყველა იმ არსებით ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს ინვესტორს, შეაფასოს კონკრეტულ ობლიგაციაში ინვესტირებისთვის დამახასიათებელი ძირითადი რისკები, ემიტენტის საქმიანობა, ემიტენტის ფინანსური მდგომარეობა და უშუალოდ ობლიგაციასთან დაკავშირებული უფლებები და შეზღუდვები.
ინვესტორს შეუძლია, მოითხოვოს პროსპექტი პირდაპირ ემიტენტისგან ან სებ-ის მიერ ლიცენზირებული შუამავლის დახმარებით. პროსპექტი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი და ის განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საკრედიტო რისკი
ემიტენტმა (ობლიგაციის გამომცემმა იურიდიულმა პირმა) შეიძლება ვერ გადაიხადოს დროულად კუპონი ან ძირი თანხა. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ იგი ვერ შეასრულებს საკუთარ ფინანსურ ვალდებულებებს. მაგალითად, კომპანიის გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შემთხვევაში.
საპროცენტო განაკვეთის რისკი
ობლიგაციის ღირებულებაზე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ცვლილებებს. როგორც წესი, ინვესტორი დაფარვის ვადის თარიღში იღებს ნომინალურ ღირებულებასა (ძირ თანხას) და კუპონის განაკვეთით განსაზღვრულ თანხას (კუპონს). თუმცა, ობლიგაციის დაფარვის ვადამდე გაყიდვის შემთხვევაში, მას შეიძლება ჰქონდეს ძირ თანხაზე ნაკლები ან მეტი ღირებულება.
ლიკვიდობის რისკი
ობლიგაციის გადაყიდვისთვის ინვესტორებმა შესაძლოა ვერ მოიძიონ შესაბამისი ბაზარი ან/და მყიდველი, რაც მათ შეაფერხებს ობლიგაციით ვაჭრობისგან.
ვადამდე გამოსყიდვის რისკი
ემიტენტმა შესაძლოა გამოისყიდოს ობლიგაცია მისი დაფარვის ვადის თარიღამდე. ობლიგაციის განსაზღვრული პირობების თანახმად, მსგავსი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, როდესაც პროცენტული განაკვეთი იკლებს.
თანხის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვა
ინვესტორმა შეიძლება დაკარგოს ობლიგაციაში ინვესტირებული ფინანსური სახსრების ნაწილი, თუ მას გაყიდის ვადამდე ან/და არსებობს საშიშროება, რომ ინვესტორმა მთლიანად დაკარგოს ფული ემიტენტის გაკოტრების შემთხვევაში.
რისკების შემცირების ერთ-ერთი საინვესტიციო სტრატეგიაა ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაცია. იგი ამცირებს ემიტენტსა და ფასიან ქაღალდზე დამოკიდებულების ხარისხს.
ობლიგაციის შეძენისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ინვესტორმა უნდა შეაფასოს წარმოადგენს ფინანსური და არაფინანსური დათქმები (ე.წ. კოვენანტები).
საყურადღებოა ობლიგაციონერთა (ანუ ობლიგაციის მფლობელების), როგორც კრედიტორთა პრიორიტეტული რიგითობა ემიტენტის ვალდებულებების სტრუქტურაში, რომელიც დამოკიდებულია ობლიგაციის ტიპზე. მაგალითად, ემიტენტს შეიძლება გააჩნდეს ვალდებულებები ბანკის, მიმწოდებლის და სხვა ტიპის კრედიტორების წინაშე (მათ შორის უზრუნველყოფილი), რომლებსაც იურიდიულად შესაძლოა ჰქონდეთ უფრო მაღალი პრიორიტეტის უფლება ემიტენტი კომპანიის აქტივებზე.
თაღლითობის იდენტიფიკაცია
გაითვალისწინეთ, რომ საჯარო შეთავაზებისას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ.