კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სავალო ფასიანი ქაღალდები / ობლიგაციები

რა არის ობლიგაცია?

ობლიგაცია არის სავალო ფასიანი ქაღალდი. ემიტენტი გამოსცემს ობლიგაციას, რათა მიიღოს თანხა ინვესტორებისგან, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაასესხონ ფული გარკვეული დროის პერიოდით.

ვინ შეიძლება იყოს ობლიგაციის ემიტენტი?

  • სახელმწიფო
  • საფინანსო ინსტიტუტი
  • კორპორაცია
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IFI)

როდესაც ინვესტორი ყიდულობს ობლიგაციას, ის ფულს ასესხებს ობლიგაციის გამომშვებ პირს (ემიტენტს), რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო, საფინანსო ინსტიტუტი ან კორპორაცია. სანაცვლოდ, ინვესტორის წინაშე ემიტენტი ვალდებულია, გაისტუმროს ხელშეკრულებით განსაზღვრული კუპონი (ერთგვარი სარგებლის თანხა, რომელიც განსაზღვრულია კუპონის განაკვეთით) და ნომინალური ღირებულება (სესხად აღებული ძირი თანხა), რომელთა ანაზღაურებაც უნდა მოხდეს ობლიგაციის დაფარვის ვადის ფარგლებში.

ობლიგაციის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს მისი ემიტენტი, ვადიანობა, ნომინალური ღირებულება, კუპონის განაკვეთი/ტიპი, გადახდის სიხშირე და ვალუტა. ობლიგაციის დამატებით მახასიათებლებს, ხშირ შემთხვევაში, განაპირობებს კონკრეტული ქვეყნ(ებ)ის საკანონმდებლო მოთხოვნები, მარეგულირებელი ჩარჩო, საგადასახადო მოთხოვნები და სხვა გარემოებები. დაბოლოს, ობლიგაციას შესაძლოა ჰქონდეს პირობითი მახასიათებლებიც, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევებისთვის შეიძლება გარკვეული ტიპის უფლებებს ანიჭებდეს ემიტენტს ან ინვესტორებს.

რას ნიშნავს ობლიგაციაში ინვესტირება?

  • ობლიგაციაში ინვესტირების შემთხვევაში, თქვენ ფულს ასესხებთ ემიტენტს (ობლიგაციის გამომშვებ პირს), წინასწარ განსაზღვრული კუპონის განაკვეთითა და პირობებით გათვალისწინებული ვადით;
  • თუ ემიტენტი ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, თქვენ მიიღებთ პერიოდულ შემოსავალს კუპონის სახით და უკან დაიბრუნებთ ობლიგაციის ნომინალურ ღირებულებას ობლიგაციის ვადის დაფარვის თარიღში (თუკი განსხვავებულად არ არის განსაზღვრული პირობების შესაბამისად);
  • თუ საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იზრდება, ობლიგაციების ფასებიც შესაბამისად აიწევს და პირიქით.