ინოვაციური ვებპლატფორმა ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად და აერთიანებს ერთი მხრივ, ფეხბურთის სტრატეგიას, დინამიკას და მეორე მხრივ, ფინანსური ცოდნის მიღებასა და მის პრაქტიკაში გამოყენებას.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ.
პრეზენტაციას ეროვნული ბანკის, კომერციული, საჯარო და არასაჯარო სფეროს წარმომადგენლები, ასევე "ფინედუს" კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიების ყველაზე საინტერესო და სახალისო ნაწილი თამაშის პრაქტიკაში გამოცდას დაეთმო. მოსწავლეები ფეხბურთის წესებისა და თამაშის სტრატეგიების გარდა, ერთმანეთს ფინანსური განათლების საკითხების ცოდნაშიც შეეჯიბრნენ.
ტრადიციული სწავლების მეთოდების პარალელურად, თამაშზე დაფუძნებული მიდგომები საშუალებას გვაძლევს, რთული ფინანსური კონცეფციები მარტივად აღსაქმელი გავხადოთ. "ფინანსური ფეხბურთი" სწორედ ასეთი ინსტრუმენტია - ის აერთიანებს სპორტის დინამიკას და ფინანსური ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება განათლების მიღების პროცესი უფრო ცოცხალი, საინტერესო და სახალისო გახდეს" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.