ჯადოსნური კლაუს ქარდი
იმ დღეს მთელი ქალაქი თოვლს დაეფარა. ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამთარი იყო. გაიხედ-გამოიხედავდით თუ არა მაშინვე მიხვდებოდით, რომ მალე ძველი წელი ჭეშმარიტად ძველი გახდებოდა და მას ახალი, იმედია, უკეთესი ჩაანაცვლებდა.
ბაბუა გახარებული ელოდებოდა უმცროსი შვილიშვილის მოსვლას. უფროსი უკვე მასთან იყო და უყვებოდა თუ როგორ წარმატებით დახურა მორიგი სემესტრი და როგორ უნდოდა მალე გასულიყო წელიწად-ნახევარი და ისიც სხვა, უკვე შემდგარი ადამიანებივით სტუდენტი გამხდარიყო.
- ისე, იცი რომ თადუკას კიდევ სჯერა სანტა კლაუსის? - სიცილით აცნობა ბაბუას და დიდ, წითელ ჭიქაში ყავა დაისხა.
- მერე რა?! - გაეცინა მოხუცს - ის ჯერ ხუთი წლისაა, რაც უფრო დიდხანს დაიჯერებს, რომ ოცნებები ხდება, უფრო მეტად მოუნდება მომავალში ეს სიმართლე აღმოჩნდეს.
- ჰო, რა ვიცი. მე დედას თხოვნას ვასრულებ და სიმართლეს არ ვეუბნები. გული დასწყდება და არ მინდა ვაწყენინო.
- ისე, რატომ აგვიანებენ?
- დედამ თქვა ბანკში რაღაც საქმე მაქვს და ცოტა შემაგვიანდებაო. ხომ იცი ახალი წელი მოდის და ყველგან რიგებია. ისე, იცი, წელს თადუკამ ელექტრო მანქანა უნდა მიიღოს საჩუქრად.
წინადადების დამთავრება ძლივს მოასწრო, რომ უკვე მრავალჯერ ნახსენები თადუკა სახლში შემოვარდა, სწრაფად ჩაეხუტა ბაბუას და თავის საყვარელ მწვანე პუფში ჩახტა.
- მე წელს ელექტრო მანქანა უნდა მომიყვანოს სანტა კლაუსმა. ყველაზე კარგი წელი იქნება. - სასწრაფოდ მოახსენა ბაბუას.
- მართლა? რა კარგია. ყველაზე კარგი წელი ყველაზე კარგ ბიჭუნას. რატომ დააგვიანეთ? - მიუბრუნდა ქალიშვილს.
- რაღაც უაზრო დანაზოგის გამოტანა უნდოდა. - არ დააცადა თადუკამ ლაპარაკი შეკითხვის ადრესატს - საერთოდ რა სისულელეა, ან რა საჭიროა ეს დანაზოგი?
- დანაზოგი ძალიან პრაქტიკული და ..... - ახსნა დაიწყო ბაბუამ, მაგრამ ნიკომ შეაწყვეტინა.
- არ გინდა. მე მოვუყვები რა საჭიროა დანაზოგი, თქვენ უფროსების ენაზე ისაუბრეთ და ცოტა დაისვენეთ. მოდი ... - ხელით ანიშნა უმცროს ძმას და ორივე დივანზე გადასხდნენ.
***
ლაპლანდიაში იმ დღეს საშინელი ქარიშხალი იყო. სანტა კლაუსი თავის მეუღლესთან, მისის კლაუსთან ერთად ბუხართან იჯდა და ცხელ შოკოლადს მიირთმევდა.
- რა საშინელი ამინდია არა, მისის კლაუს?
- დიდი ხანია შენს სამუშაო კვირას ასეთი ცუდი ამინდი არ დამთხვევია. იმედია, მარხილს გზა არ დაებნევა.
- ჩემს მარხილს გზა არასდროს ებნევა, დაგავიწყდა ძვირფასო?
- არა, საყვარელო, მაგრამ ხომ იცი ქალბატონები ყოველთვის ზედმეტს ნერვიულობენ.
უცებ კარზე ბრახუნი ატყდა.
- კი მაგრამ ვინ არის ამ სიცივეში? - შეშფოთდა მისის კლაუსი, თეთრი თბილი პლედი უფრო მჭიდროდ მოიხვია და კარისკენ წავიდა.
- მისსსიისსს კლაუსს... ძალიან ცივა, შეიძლება შემოვიდეთ? სასწრაფო საქმე გვაქვს.
- რა თქმა უნდა, სწრაფად, მოდით.
სახლში სამი კბილებაკაწკაწებული და სახეაწითლებული ელფი შემოვარდა. შემოსასვლელში ტანსაცმელი დაიფერთხეს და სირბილით სანტასკენ გაიქცნენ.
- ჰოუ, ჰოუ, ჯერომ, მარიო, ბრამს, რა ხდება?
- სანტა, ცუდი ამბავი გვაქვს.
- ჰოუ, ჰოუ, რა ხდება ისეთი, რომ ამ სიცივეში ჩემთან მოხვედით?
- სანტა, ქარიშხლის გამო საჩუქრების ქარხანაში ელექტროენერგია დაზიანდა, მინიმუმ ორი კვირა უნდა შეკეთებას. წელს ახალი წელი არ იქნება, სანტა. ბავშვები უბედურები იქნებიან - ასლუკუნდა ბრამსი.
- დამშვიდდი.. ისედაც ცუდი ამბავია და კიდევ უარესად ნუ ამძიმებ - შეუტია მარიომ.
- რუდოლფიკო ირემმა ყველაფრის გარკვევა სცადა, მაგრამ ლაპლანდიის მერიც კი უძლურია ამ შემთხვევაში... - ნაღვლიანი სახით გაიხედ-გამოიხედა ჯერომმა.
- ჰოუ, ჰოუ, რას ამბობთ?! - სანტამ ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. - ჰოუ, ჰოუ, საწყალი ბავშვები.
- რა ეშველება ახალ წელს, სანტა? - ელფები საცოდავად დაჰყვებოდნენ, მაგრამ თვითონ დაბნეულებს სანტას დაბნეულობა კიდევ უარესად აბნევდა.
მთელი საღამო ასე, აქეთ-იქით ნაღვლიანად სიარულში გაატარეს. არც ერთმა იცოდა რა მოეხერხებინათ. როგორ გადაერჩინათ ახალი წელი. ფაქტი ერთი იყო. იმ წელს მთელი მსოფლიო ცრემლიანი თვალებით არ უნდა შეხვედროდა 31 დეკემბერს. 1 იანვარს ბავშვები ცარიელ ნაძვის ხეებთან არ უნდა დამსხდარიყვნენ და არ უნდა ეთქვათ, რომ ახალი წელი უბრალოდ ისტორია გამოდგა და არა რეალური დღესასწაული.
უკვე 11 საათი ხდებოდა. სიარულისა და ფიქრისგან თავბრუ ეხვეოდათ, როცა საძინებლიდან ამაყი სახით გამოვიდა მისის კლაუსი.
- მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. - იმედიან თვალებს ეშმაკურად შეხედა - მაგრამ ეს რთული იქნება..
- ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მისის კლაუს.. საწყალი ბავშვები, საცოდავები, აბა, როგორ შეიძლება - ანერვიულდა ბრამსი.
- აცადე ლაპარაკი! - შეუტია ჯერომმა.
- მოკლედ...- გააგრძელა მისის კლაუსმა. - აი, ეს დაგვეხმარება - და ჯიბიდან წითელი და მწვანე ფერებით გაფორმებული ბარათი ამოიღო - ეს კლაუს ქარდია. მაშინ გავხსენი, როცა სანტასთვის ახალი ხურჯინი და ელფებს კი ახალი ქუდები ვუყიდე. ამ ქარდზე საკმაოდ დიდი დანაზოგია. ჩვენ ყველა ახლა წავალთ და თვითონ ვუყიდით ბავშვებს საჩუქრებს.
- ღმერთო, რა ბედნიერებაა! ახალ წელს გადავარჩენთ და ბავშვებიც არ იქნებიან მოწყენილები! რა კარგია! - სირბილი დაიწყო აღფრთოვანებულმა ბრამსმა.
- ბრამს! - ყველამ ერთად გააჩერა ემოციური ელფი და მის უკმაყოფილო სახეზე სიცილიც აუტყდათ.
- დიდი მადლობა, ძვირფასო! შენ დღესასწაული გადაარჩინე! - ბედნიერმა სანტამ წერილები აიღო, მისის კლაუსმა თეთრი ქურქი მოისხა და გახარებულ ელფებთან ერთად საჩუქრების შესაგროვებლად გაეშურნენ.
იმ წელს, როგორც ყველა სხვა წელს, სამყაროს ყველა ბავშვმა მიიღო სასურველი საჩუქარი. და თითოეულმა მათგანმა მადლობა, არც მეტი არც ნაკლები, კლაუს ქარდს უნდა გადაუხადოს.
***
- ჰოდა, ჩემო თადუკა, აი, ამისთვისაა საჭირო დანაზოგი. საჭიროების შემთხვევაში ახალი წლის გადარჩენაც კი შეუძლია - კმაყოფილმა დაასრულა ისტორიის მოყოლა ნიკომ.
- იცი რა? - ჩაფიქრებული სახით გახედა ძმამ - ძალიანაც მომეწონა ისტორია. დანაზოგიც კარგი რამე ყოფილა.. მაგრამ, მაინც მერჩივნა დედაჩემს ეს დანაზოგი სხვა დროს გამოეტანა და მე აქ არ დამეგვიანა. ბაბუ, ჰოდა, ჩემი ელექტრო მანქანა... - სიცილით ჩამოხტა და ბაბუასთან გაიქცა.