კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

გარდასულ აჩრდილთა ციაგი

გარდასულ აჩრდილთა ციაგი

788
3 / 5

ნაცრისფერ საბურველში გახვეული თბილისი საკუთარი ცრემლების დამალვას წვიმის წვეთებთან შერევით ცდილობდა. აზვირთებული მტკვრის დაუღალავ დინებას ალბათ აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ამგვარ საზარელ ამინდში ვინმე, მეტადრე ისეთი რაციონალური კაცი, როგორიც ალექსი ბარათაშვილი გახლდათ, მის ტალღებში შერევას გადაწყვეტდა. ფინანსურმა მრჩეველმა ოთხი მტკივნეული დარტყმა მიაყენა მისი სახლის კარებს, თუმცა მტკვრის ბარბაროსულ ბუნებას უკვე მთლიანად შთაენთქა ალექსი ბარათაშვილის უმწიკვლო სხეული. 

ალექსს მშვენიერი მდელოს შუაგულში გამოეღვიძა. მის თვალებში განწირულებისა და ტკივილის ნაცვლად უკვე გაოცებულ პლანეტებს შენიშნავდით, დარღვეულ ორბიტაზე რომ ცდილობენ გზის გაკვლევას. ორიოდე წუთის წინად გალაკტიონის ხიდიდან მიფრინავდა, ახლა კი ნორვეგიის რომელიღაც მხარეში ლილიებს შორის გაშოტილიყო და მშვენიერ პეიზაჟს გასცქეროდა. ის იყო წამოდგომა სცადა, რომ უზარმაზარი ტანის, თეთრ სამოსში გახვეული მოხუცი წარმოუდგა თვალწინ. 

- როგორა ხარ ყმაწვილო?

- ერთმანეთს ვიცნობთ? - აღელვებული თვალები მიანათა ბერიკაცს.

- ო, ეგ კი სულ დამავიწყდა, შენ ხომ ვერანაირად გემახსოვრება. "Humana mens: obliviscitur quod meminisse volumus ac meminit quod oblivisci volumus"1 ჰმ, მაინც როგორ გგონია, სად იმყოფები? - დამწუხრებულმა ალექსმა სულის მიღმიერი სარდაფებიდან ამოისუნთქა:

- მახსოვს თვითმკვლელობა ვცადე, მაგრამ მე... წარმოდგენა არ მაქვს ეს რა ადგილია, წესით მკვდარი უნდა ვიყო. 

- ბრავო! შესანიშნავია! კარგი მოკლედ აგიხსნი: ყოველი ადამიანი გარკვეული მიზეზით იკლავს თავს - ოჯახური, ფინანსური, პოლიტიკური თუ სხვა. ამრიგად, სიკვდილის შემდგომ იგი შესაბამის ადგილას ხვდება. შენს შემთხვევაში, ერთი წუთით მადროვე, ჰო, ამჯერად 95% ფინანსები, 2% ურთიერთობები, 3%-იც ალკოჰოლიზმი, - მოხუცი მცირე ხანს ჩაფიქრდა, წარბები შეჭმუხნა, მერე კი განაგრძო, - ძალიან კარგი, იქნებ ამ ჯერზე რაიმე გამოვიდეს.

- რრა, რა უნდა გამოვიდეს?

მოხუცმა უცებ თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა, სერიოზული მზერა მიიღო და მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა: მე პლუტოკრატოსი ვარ, ფინანსებისა და სიმდიდრის ღვთაება. 2000 წელია რაც კაცთა საქმეებში ჩარევა აკრძალული მაქვს. ოდესღაც ძალმიძდა აღმეკვეთა ადამიანთა თვითნებობა, მაგრამ... საბჭომ ეს უფლება ჩამომართვა. ამიტომაცაა, რომ მწუხარებისა და გაურკვევლობის რიდეში გახვეულნი უკვე ასწლეულებია ამ მდელოზე მოდიხართ. ალექს, შენი სულისთვის ეს უკვე სამოცდამეათე მცდელობაა, ისევ იმავე მიზეზით - წინდაუხედაობას იჩენდი ფინანსურ საკითხებში, - პლუტოკრატოსმა ნაღვლიანად გახედა სივრცეს, - იმ ტყეს ხომ ხედავ - ტიტანური ხელით მიანიშნა მოხუცმა, - ეს შემეცნების ტყეა, აქ მოსულმა ყოველმა ადამიანმა ეს ტყე უნდა გაიაროს, რათა წყევლისგან გათავისუფლეს. სამწუხაროდ, ღვთაებრივი კანონები მიკრძალავს შენს დახმარებას, მაგრამ, - დამწუხრებული თვალები ალექსის სახეზე დააფინა, - ეს ბოლო შანსია, ალექს. 70 მცდელობის შემდეგ წყევლისგან გათავისუფლება შეუძლებელია, რას ვიზამთ, "La legge è legge".2 - დაღონებულ ალექსს ამ უკანასკნელმა სიტყვებმა დარდი გაუათკეცა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ამაზე ფიქრი მხოლოდ ხელს შეუშლიდა, ამიტომ წამოდგა და ღვთაებას ხელი გაუწოდა:

- გმადლობ, - მოხუცის სახეზე ღიმი გაკრთა, თანაგრძნობითა და უჩვეულო სევდით გამსჭვალული.

ბევრი იტანჯა ალექსმა, სანამ ტყეს მიაღწევდა. შიშნარევი, აჩქარებული ნაბიჯით შეაბიჯა მურყნებს შორის, დაჟინებით ცდილობდა წყვდიადში სილუეტების გარჩევას. რაც უფრო წინ მიიწევდა, ნისლიც მატულობდა და უფრო ეძნელებოდა გზის გაკვლევა. უცებ წინ მშვილდმომარჯვებული კენტავრი შენიშნა და შეყოვნდა, უფრო სწორად შიშისაგან ვეღარ შეძლო ნაბიჯის გადადგმა. 

- გგამარჯობა, მე მითხრეს რომ ეს ტყე უნდა გამეარა, თქვენ...

- მე ეკვიზენტია ვარ, ეს პირველი დონეა, -კენტავრმა მშვილდი მოზიდა და პირველი კითხვა გააჟღერა: რატომ არ აწყობს გონიერი ინვესტორი ყველა კვერცხს ერთ კალათაში? - ალექსი ჩვეულებისამებრ დაიბნა, მაგრამ ამჯერად სახეზე ღიმილი გადაეფინა.

- ეს ხუმრობაა?

- 60 წამი, შემდეგ გესვრი, - ამას კი ნამდვილად არ ელოდა ლეგენდარულ თავადთა შთამომავალი და ფიქრი დაიწყო. აშკარა იყო, რომ შეკითხვა მეტაფორულ შინაარს შეიცავდა. უცებ ერთი მოგონება გაახსენდა: უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ უცნობი კომპანიის აქციები შეიძინა, მერე ეს კომპანია გაკოტრდა და ალექსმაც მთელი თავისი დანაზოგი დაკარგა. მკერდის არეში მძიმე ტკივილი იგრძნო, ის იყო კენტავრს ისარი უნდა ეტყორცნა, რომ ალექსმა ხმამაღლა შეჰყვირა:

- დივერსიფიკაცია! მან იცის, რომ თუ კაპიტალს სხვადასხვა აქციებზე გადაანაწილებს, ამით იგი პოტენციურ ზარალს შეამცირებს. თუკი ერთი კომპანია გაკოტრდება, დანაკარგი არც თუ ისე დიდი იქნება, - კენტავრმა მშვილდი დაუშვა.

- სწორია, გზა განაგრძე, - გახარებულმა ალექსმა სწრაფი ნაბიჯით განაგრძო გზა, თან უნივერსიტეტის წლებზე ფიქრობდა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ აბრა შენიშნა: "II დონე". ცოტათი წინ რომ წაიწია, მდინარის ჩუხჩუხი მოესმა, მოგონებათა ღრმა სარდაფებიდან ამოცვივდნენ ბავშვობის სასიამოვნო წლები, მაგრამ ეს ფიქრები ტიტანური ზომის არსებამ შეაწყვეტინა, რომელმაც ალექსს ყელზე სამკაპი მიაბჯინა და შემზარავი ხმით მიუგო:

- მე ტრიტონი ვარ, პოსეიდონის ვაჟი. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ამ კითხვაზე მიპასუხე: წლების წინ, ატლანტიკის აზვირთებული ტალღები დაღუპვას უქადდა რამდენიმე მეზღვაურს, მაგრამ მათი კაპიტანი გონიერი კაცი აღმოჩნდა. მცირერიცხოვნობის მიუხედავად მეზღვაურები თავიანთ ადგილებზე განალაგა და საბოლოოდ ყველა სიკვდილისგან იხსნა. მითხარი, რა იყო ის პრინციპი, რითაც კაპიტანმა გემი დამსხვრევას გადაარჩინა? 120 წამი, - ალექსს ამაზე ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია. უცნაურია, მაგრამ გაახსენდა ბავშვობაში წაკითხული "ოთარაანთ ქვრივი", ყოველი საქმისთვის თავისი ქისა რომ ჰქონდა გამოყოფილი და ბრწყინვალედ ანაწილებდა ხარჯებს. ისიც მოაგონდა, თავად როგორ წინდაუხედავად ფლანგავდა ფულს, მერე კი ადამიანის აბსურდული ყოფის გააზრებით დადარდიანებული მისი გონება როგორ ცდილობდა დარჩენილი ორიოდე გროშის დღეებზე განაწილებას. ამჯერად მშვიდად მიუგო ტრიტონს:

- რისკების მენეჯმენტი და შეზღუდული რესურსების განაწილება. კაპიტანს ალბათ წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი ამგვარ შემთხვევაზე, ამიტომაც არ აღელდა და შეძლო სიტუაცია მშვიდად გაეკონტროლებინა, - ტრიტონმა სამკაპი დაუშვა და გზა დაუთმო ცოდვილს.

- სწორია, შეგიძლია გაიარო, წინ ფინალური ეტაპია.

მდინარის ნაპირს მიყვებოდა ალექსი და თან მომდევნო შეკითხვაზე ფიქრობდა. ო, რამდენი შეცდომა დაუშვია ცხოვრებაში, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რატომ ცდილობდნენ ეს დარდები მოგონებათა დახშული ზღუდეების გარღვევას მაინცდამაინც ახლა, როცა საქმეზე უნდა ეფიქრა. წინ სინათლე გაკრთა და ალექსმა ნაბიჯი შეანელა. პლუტოკრატოსი თავის ტახტზე წამომჯდარიყო, უჩვეულო გრძნობები იკვეთებოდა მის სახეზე, თითქოს უხაროდა ალექსმა რომ აქამდე მოაღწია, მაგრამ ისიც კარგად უწყოდა, რომ  რაც უფრო ამაღელვებელია წარმატებით გამოწვეული აღმაფრენა, მით უფრო მტკივნეულია მისი დაკარგვით გამოწვეული დაცემა.

- აბა ალექს, მომილოცავს, როგორც ხვდები ეს ფინალური ეტაპია, მზად ხარ?

- მზად ვარ.

- წარმატებები, მეგობარო. თუკი ამ შეკითხვას უპასუხებ, თავისუფლებას მოიპოვებ, ეს გახსოვდეს. მაშ ასე: ალექსს, რობერტის ძევ, ვინ არის ის, ვინც ხმაურის დროს ყოველთვის ყურებს იხშობს, ვინც ადიდებულ ტალღებში დაუფიქრებლად ეშვება, ვისაც გამუდმებით უვარდება ხელიდან საგნები და ვინც გარდასულ აჩრდილთა შეცდომებზე ვერასდროს სწავლობს. 180 წამი, გენაცვალე, - ალექსი საგონებელში ჩავარდა, ჯერ ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეზე ფიქრობდა, მერე გაიხსენა ყველა ცნობილი ეკონომისტი და ბიზნესმენი ვისაც მიწაზედ ფეხი დაუდგამს. მოხუცის მიერ აღწერილი პიროვნება ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. დანაღვლიანდა თავადი, უფრო ზუსტად, წარუმატებელი ინვესტორი. ფრთები შეკვეცა სანუკვარმა ოცნებამ. თავისუფლების საბოლოო დაკარგვით დადარდიანებული, განწირულების ჩვეულ საბურველში გახვეული ალექსი ბარათაშვილი მუხლებზე დაემხო და აქვითინდა, როგორც საერთოდ ჩვევიათ ადამიანებს, რომელთაც ბედმა იმთავითვე განუსაზღვრა ტანჯული ყოფა. 

- ჯანდაბა! რატომ ვარ ასეთი უგუნური! მთელი ჩემი ცხოვრება სისულელეებში გავლიე, ახლა კი უბრალო მოხუცის შეკითხვაზეც კი არ შემიძლია პასუხის გაცემა, მეტადრე მაშინ, როცა საქმე ჩემს თავისუფლებას ეხება, - ბედს შეგუებული ალექსი წყლის დასალევად დაიხარა, მდინარემ კი მისი სახე აირეკლა, მაგრამ მას საკუთარი თავის მიმართ სიყვარული არ უგრძვნია. ალექსი ბარათაშვილის დაღლილ თვალთა მიღმა არსებულ წყვდიადში, დაქანცული სულის ანარეკლზე კიაფობდა ჭეშმარიტების სინათლე, რომელმაც ომახიანი სიტყვით გაჰკვეთა სევდისა და განწირულების რიდე.

- მე ვარ! მე ვარ ეგ კაცი, პლუტოკრატოს!  მე ვიყავი ის, ვინც ჩემს ფინანსურ მრჩეველს არ უსმენდა, ვისაც ეგონა, რომ დეფლაციის ნაცვლად ინფლაცია უშველიდა მის სევდას. მე ვყიდულობდი მხოლოდ ერთი კომპანიის აქციებს. მე უგულებელვყოფდი ყველას აზრს და საკუთარი თავი გენიოსად მიმაჩნდა. ასეა! ხომ ასეა, მიპასუხე?!

- გაოცებული ვარ, ნუთუ ეს მართლა ხდება? ჰადესმა დალახვროს. ჰო, ალექსს, სამოცდაათი მცდელობა დაგჭირდა იმის გასაგებად, რომ ყველაფერი რაც თავს გადაგხდა შენივე წინდაუხედაობისა და უგუნურების შედეგია. მომიახლოვდი, გეთაყვა, - გახარებული ალექსი მოხუცისკენ დაიხარა და ჩარჩოებში ჩასმული ორი მთვარე შეაგება. 

- ეს დედამიწაზე დასაბრუნებელი ბილეთია, მიხარია, რომ საბოლოოდ თავისუფლება მოიპოვე. გულწრფელად რომ გითხრა, მწყინს რომ ვეღარ გიხილავ, სახალისო იყო შენთან საუბარი, - გახარებული ალექსი მოხუცს გადაეხვია, ბილეთი ხელიდან გამოსტაცა და დაიფიცა, რომ იმედებს აღარასდროს გაუცრუებდა.

- მეც ამის იმედი მაქვს, ახლა კი განმშორდი და აქ აღარ დაგინახო.

ალექსი ბარათაშვილი მუდამ მზრუნველმა მტკვარმა ნაპირზე გამორიყა. გონს რომ მოვიდა, ცხადია არაფერი ახსოვდა, თუმცა უჩვეულო სულის სიმსუბუქეს გრძნობდა და მაშინვე ინანა ჩადენილი დანაშაული. იმ ღამეს კარგად გამოიძინა.

ხოლო შორს, მარადიული განწირულების მიღმა, ნორვეგიის მშვენიერ ტყეთა შორის სეირნობდა პლუტოკრატოსი, ბედნიერი იმით, რომ კიდევ ერთმა სულმა იხსნა თავი დაუსრულებელი ტანჯვისაგან. მოულოდნელად მოხუცი შეყოვნდა, თავზე ხელები იტაცა და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.

- ჰადესის მხევალიც ვიყო! რაღა ჰიპერინფლაციის დროს გაცოცხლდა!

 

1ადამიანის გონება: ავიწყდება ის, რისი დამახსოვრებაც გვინდა და ახსოვს რისი დავიწყებაც გვსურს.

2კანონი კანონია.