ერთი ბარათის ამბავი
ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენო, ხომ გაგიგიათ? ჰოდა, ახლა მე ჩემს შეცდომას მოგიყვებით და თქვენ ისწავლეთ.
პირველი ბარათი
ესე იგი 2012 წელია, ბაკალავრი ახალი დამთავრებული მაქვს და სულ ორი თვეა, რაც სამსახური დავიწყე. ერთ დღესაც, უფროსი კაბინეტში მიბარებს და მეუბნება რაღაც ცვლილებებია, ამის მერე ხელფასი პლასტიკურ ბარათზე უნდა დაგირიცხოთო. დედა! გადავირიე. პლასტიკური ბარათები მაშინ უკვე სიახლე აღარ იყო. მეც თავს პროგრესულად მოაზროვნე და დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდად კი ვთვლიდი, მაგრამ ჩემს გონებას მაინც ვერ სწვდებოდა ამდენი ფული ამ ციცქნა პლასტმასის ნაჭერზე როგორ უნდა დატეულიყო. ამიტომ, ცოტა არ იყოს შევკრთი და ვიუარე, იყოს, ხელზე ავიღებ მეთქი, ვუთხარი კიდეც უფროსს, მაგრამ არაო, დრო შეიცვალა, ახლა ასეაო და აბა მე რას გავაწყობდი.
რამდენიმე დღეში დამიბარეს კიდეც ბანკში და ბარათი ამაღებინეს. მოვდივარ სახლისკენ და ჭკუაზე აღარ ვარ. დაბნეულობამაც და გაურკვევლობამაც წამში გამიარა. ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნადო, ხომ გაგიგიათ, მეც პირველად მაშინ გავიგე მაგ გამონათქვამის ჭეშმარიტი არსი. სამეზობლოს, სანათესაოს, სამეგობროს, ოჯახობას... ყველას მოვდე ახალი ამბავი. ახალი საფულეც ვიყიდე და ბარათი გამჭვირვალე ჯიბეში ჩავდე, რომ მაღაზიაში, ვინც არ მიცნობდა, იმათაც კი გაეგოთ, რომ მე სახელფასო ბარათი მქონდა. მალე უბანში "ბარათაც" კი შემარქვეს, მეც ამაყად ვატარებდი ჩემს ზედმეტსახელს.
პირველი შენაძენი ინტერნეტით
ერთ დღესაც, ჩემი ძმაკაცის წყალობით, ინტერნეტში რაღაც ვებ-გვერდს წავაწყდი, სპორტულები და სპორტული ინვენტარი იაფად იყიდებოდა. დავინახეთ თუ არა ფეხბურთის ბუცები, ორივემ ერთმანეთს შევხედეთ და ძმაკაცური ტელეპათიის უნარით ამოვიკითხეთ ერთმანეთის თავებში გაჩენილი აზრი - ეს აუცილებლად უნდა მქონდეს. დიდი წვალებით, პროდუქტები ავარჩიეთ. გადახდის დრო რომ მოვიდა, დავინახე თუ არა ბარათით გადახდას გვთხოვდნენ, მეგობარს ამაყად ვუთხარი, მიმიშვი, ეს ჩემი სფეროა მეთქი და კლავიატურა მოვიმარჯვე. არც კი დავფიქრდი, ისე შევიყვანე ბარათის ნომერი, ჩემი პირადი ნომერი, პინკოდი და რა ვიცი, საერთოდ ყველა რიცხვი, რაც კი ბარათზე ეწერა. კმაყოფილებმა ერთმანეთს შევხედეთ და დავიშალეთ. ცოტა ხანში ჩვენი შეკვეთაც ჩამოვიდა. ბუცების დანახვით სიხარულით მეცხრე ცას კი ვეწიეთ, მაგრამ მერე მე რასაც ვეწიე, ეგ სასიხარულო ნამდვილად არ იყო.
პირველი დანაკარგი
მოკლედ, ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეა, ბანკში მივდივარ და რა ხდება? ანგარიშზე თანხა საერთოდ არ არის. ვაახ, მეთქი ისე დავთვერი რომ ფული დავხარჯე და არაფერი მახსოვს მეთქი, გავიფიქრე და ძმაკაცს დავურეკე, მაგრამ არა, მსგავსი არაფერი მომხდარაო დამარწმუნა. რა უნა მექნა, გიჟივით მივირბინე სამსახურში, უფროსს ვთხოვე გადაემოწმებინა ხელფასი ნამდვილად ჩამირიცხეს თუ არა, ყველაფერი რიგზეაო, ახლა ამან დამარწმუნა. ლამის ჭკუიდან გადავედი. რა უნდა მექნა? მეორე თვემდე როგორ მივედი, არ მკითხოთ, ძალიან გთხოვთ, ერთს გეტყვით, ღირსების შემლახველი რაღაცები ყველას გაუკეთებია და არც მე ვარ გამონაკლისი. მეორე თვის დასაწყისშიც მივაკითხე ბანკს, გაგიკვირდებათ და თანხა ისევ არ დამხვდა. ცივმა ოფლმა დაასხა და თმა ყალყზე დაუდგაო, ხომ გაგიგიათ, ხოდა მეც იგივე დამემართა. მესამე თვესაც რომ ხელცარიელი დავბრუნდი, გადავწყვიტე ბარათი გამეუქმებინა.
ცოტა ხანს აღარც "ბარათა" მერქვა და აღარც ჩემი საფულის გამჭვირვალე ჯიბეს ამშვენებდა პატარა პლასტმასის ნაჭერი, მაგრამ მაგას ვჩიოდი? არ მოგატყუებთ, და არც დავეჭვებულვარ, რომ ჩემი ანგარიშიდან თანხა შეიძლებოდა იმ გაურკვეველი სახელის გვერდიდან მოეხსნათ, მე და ჩემმა ძმაკაცმა რომ სპორტულები გამოვიწერეთ. მაგას ზუსტად 4 წლის მერე მივხვდი, ჩემმა თანამშრომელმა რომ მსგავსი პრობლემით შემომჩივლა. ამ ამბავს ფეხდაფეხ მივყევით, მერე, რაღაც სტატიებსაც წავაწყდით კიბერ თაღლითობაზე და თვალიც ამეხილა, თუმცა საკმაოდ გვიან, სამაგიეროდ, სამწუხაროდ ვერც ჩემმა თანამშრომელმა დაიბრუნა ფული უკან...
შეცდომებზე სწავლობენ
ბევრი რომ აღარ ვილაყბო, დაიმახსოვრეთ, მეგობრებო, გაკვეთილის სასწავლად არ არის საჭირო რაღაც მაინცდამაინც თქვენს თავზე გამოსცადოთ. არ მომბაძოთ და არავის ანდოთ ისეთი კონფიდენციალური მონაცემები, როგორიც ბარათის რეკვიზიტებია, მითუმეტეს რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის კამბოჯურ საიტებს, მე კიდევ ბეწვზე ვარ გადარჩენილი, თორემ პირადი და ბარათის ნომრის საშუალებით რისი გაკეთება არის შესაძლებელი, თქვენ ჩემზე კარგად იცით.