კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

არდაწერილი წიგნის გმირი

არდაწერილი წიგნის გმირი

1060
4 / 5

ზარი დაირეკა. 

- ახლა ჭამის დროა! - თქვა გიომ.

ბავშვებმა ჩანთებიდან ამოალაგეს შინიდან წამოღებული ულუფები და მისართმევად მოემზადნენ. დათო ჩუმად იჯდა. მან ჩანთიდან ქართულის სახელმძღვანელო ამოიღო, მერხზე დადო, გადაშალა და კითხვა დაიწყო. ხანდახან თვალს თანაკლასელებისკენ აპარებდა. დაკვირვებულმა ცოტნემ ეს მალევე შეამჩნია. ღვეზელი აიღო, ხელსახოცში ფრთხილად შეახვია და დათოს გაუწოდა. 

- აიღე, შენი იყოს! - უთხრა მან.

- მერე შენ? - ჩაიბუტბუტა დათომ, ცოტნეს არც კი შეუხედავს ისე.

- მე ერთი უკვე მივირთვი, მეტი არ მინდა. - მიუგო ცოტნემ.

დათომ ღვეზელი აიღო, ჩაკბიჩა და გაჩერდა. მერე ღვეზელი შუაზე გატეხა,  ნახევარი იმავე  ქაღალდში გაახვია და მალულად ჩაიდო ჩანთაში. მხოლოდ ორი ლუკმა შეხვდა. 

მალე გაკვეთილიც დაიწყო. მასწავლებელმა ახალი მასალა ახსნა. საინტერესო და მხიარული გაკვეთილი მალე გამოვიდა. ზარი დაირეკა თუ არა, დათომ ჩანთაში ხელი ჩააცურა, შენახული ნახევარი ღვეზელი აიღო და გარეთ გავიდა.

- დათო, სად მიდიხარ? - შეეკითხა ამხანაგი - მოდი, ვითამაშოთ.

დათოს პასუხის გაცემა თითქოს არც უნდოდა, მაგრამ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება ეუხერხულა და მიაძახა: - ჩემი დაიკო უნდა ვნახო.

დათომ კიბეები სწრაფად ჩაირბინა და დაიკოს საკლასო ოთახის კარს მიადგა. სწრაფად მიმოავლო თვალი პატარებს, მოძებნა დაიკო, მასთან მივიდა და ღვეზელი გაუწოდა.

- ეს შენ შეგინახე, ვიცოდი, რომ შენც არ გქონდა დღეს საჭმელი.

მარიამმა ღვეზელი გამოართვა და მაშინვე ჩაკბიჩა. დათო კმაყოფილი გამობრუნდა უკან. გულიდან დიდი დარდი მოეხსნა. დაიკო დანაყრებული ჰყავდა. 

დათო ცოტნეს ახალი კლასელია. ის მორიდებული, წყნარი და მეგობრული ბიჭია. ცოტნე შეძლებული ოჯახიდანაა, სახლიდან საკვებთან ერთად ყოველდღიურად მოაქვს 5 ლარი. სკოლის ბუფეტში სასუსნავებს ყიდულობს. 

დათოს სუფთად ჩაცმა უყვარს, მაგრამ მისი ჩასაცმელი ახალს არ ჰგავს. არასდროს ჩასულა სკოლის ბუფეტში საჭმლის საყიდლად. 

მათემატიკის გაკვეთილია. მასწავლებელმა დავალება შეამოწმა. დათოს დავალება რვეულის ნაცვლად ფურცელზე აქვს შესრულებული. მასწავლებელი არაფერს იმჩნევს, უჯრიდან ცარიელ რვეულს იღებს და დათოს მაგიდაზე დებს. ცოტნე მიხვდა, რომ დათომ რვეული ვერ შეიძინა, მასწავლებელმა კი ეს არ შეიმჩნია.

აი, "მე და საზოგადოების" გაკვეთილიც დაიწყო. მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, როგორ შეიძლება გავაკეთოთ დანაზოგი, როგორ გადავანაწილოთ ჩვენი ბიუჯეტი, როგორ განვასხვაოთ აუცილებელი და ნაკლებად საჭირო საგნები შეძენისას და ა.შ.

ცოტნე ჩაფიქრდა, აქამდე არასოდეს უფიქრია ამაზე. 

- მე, ყოველდღე მომაქვს საჭმელი, კიდევ ფული და ვყიდულობ ბევრ სასუსნავს. მას კი რვეულიც არ ჰქონდა. დავეხმარები, აუცილებლად დავეხმარები! - ფიქრობდა ცოტნე.

ცოტნეს კვლავინდებურად მოჰქონდა სახლიდან საკვები და ფული, მაგრამ ყველას არ ხარჯავდა. შეამცირა სასუსნავების ყიდვის რაოდენობა. დაზოგილ ფულს ინახავდა. აგროვებდა ერთი მიზნისთვის - დათოსთვის ფანქრები უნდა შეეძინა. ეს უნდა მოესწრო მანამ, სანამ კლასი დაგეგმილ აქტივობას გამართავდა. სადაც ორი კვირის შემდეგ მას უკვე ჰქონდა თანხა, რითაც ფანქრებს შეიძენდა.

სკოლის ფოიეში ხალხი ირეოდა. მოსწავლეები ფუსფუსებდნენ. ემზადებოდნენ სახალისო აქტივობისთვის  - "დახატე წაკითხული წიგნის პერსონაჟი". ცოტნემ კიბეები სწრაფად აირბინა. დათოსთან მივიდა და ახალთახალი ფანქრები გაუწოდა.

- ეს შენთან შენმა მამიკომ გამომატანა - იცრუა ცოტნემ. არ უნდოდა ამხანაგებს შეემჩნია, რომ დათოს ფანქრები არ ჰქონდა.

- ჩემთან? გაბზარული ხმით იკითხა დათომ - რაღაც გეშლება,მეგობარო, მე მამა არ მყავს.

ცოტნეს ხელი აუკანკალდა, ხმა ვერ ამოიღო. მიხვდა დანაშაულს, არ უნდა ეცრუა, ეს მის სასიკეთოდ გააკეთა, მაგრამ რა გამოვიდა? თავი უხერხულად იგრძნო და დათოს ყველაზე მტკივნეულ საკითხს შეეხო უნებურად.

- მაპატიე, არ ვიცოდი, ვწუხვარ! - ძლივს ამოილუღლუღა  ცოტნემ. - ეს ფანქრები მე შევიძინე შენთვის, გთხოვ, აიღე!

- როგორ? შენ სად გქონდა ამის თანხა, ეს საკმაოდ ძვირია! - თავჩაღუნულმა მიუგო, თან თვალს აპარებდა მუყაოს ყუთისკენ.

- მთელი ორი კვირა უარი ვთქვი სასუსნავებზე, ცოტას ვყიდულობდი, ბევრს არა. ვაგროვებდი, მინდოდა შენთვის ეს ფანქრები მეყიდა. და აი, შედეგიც, ვიყიდე და შენთან მოვიტანე. ვიცი, ძალიან გჭირდება!

დათომ ფანქრები აიღო და მეგობარს მადლობა გადაუხადა.

სახალისო აქტივობა "დახატე წაკითხული წიგნის პერსონაჟი" დაიწყო. მოსწავლეები ხატავდნენ მიმზიდველი ფერებით. ჟრიამულნარები ემოციები, კისკისი, შეძახილი და უამრავ საინტერესო ნამუშევარს იხილავდა იქ მყოფი. ჟიურიმ საუკეთესო ნაშრომები გამოავლინა. "ყველაზე ორიგინალური ნაშრომის" ნომინაცია ერგო დათოს. 

"არდაწერილი წიგნის გმირი" - ასე ერქვა ნაშრომს. ნაშრომზე  ხუჭუჭთმიანი, ცისფერთვალება, მომღიმარი ბიჭი იყო გამოსახული. ცოტნემ საკუთარი თავი შეიცნო დათოს მიერ შესრულებულ ნამუშევარში და ამაყად გაეღიმა.

არდაწერილი წიგნის გმირი - ნაშრომი, რომელმაც აღიარება მოუტანა დათოს. ცოტნეს კი ასწავლა, როგორ შეიძლება გააკეთო დანაზოგი და აკეთო სიკეთე.