ტრენინგს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საჯარო და კერძო სკოლების 15 მასწავლებელი დაესწრო.
ტრენინგი მოიცავდა მასწავლებლებისთვის სწავლების აქტიური მეთოდებისა და „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების ისეთი საკვანძო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ.
ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ თავიანთ სკოლებში VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის „სკოლა-ბანკის“ გაკვეთილები დანერგონ და ხელი შეუწყონ მოზარდების ფინანსური განათლების ამაღლებას თამაშით სწავლებით.
ტრენინგის ყველა მონაწილეს გაკვეთილების ჩატარებისთვის საჭირო სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
„სკოლა-ბანკის“ ტრენინგზე დასწრება ნებისმიერი მსურველი მასწავლებლისთვის წინასწარი რეგისტრაციით იყო შესაძლებელი.
„სკოლა–ბანკი“ საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International–ის (ამჟამად კი, Aflatoun International) მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამაა, რომელიც მოზარდებში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება. ფინანსური განათლება, თავის მხრივ, დაეხმარება ბავშვებს გონივრულად მართონ პირადი ფინანსები და მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები.