23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. მისი მიზანია ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, წიგნისთვის დათმობილი დროის ზრდის მოტივაცია მოსახლეობაში.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს ორგანიზებით, ასევე, ელექტრონული წიგნების სახლის "საბასა" და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ჩართულობითა და მხარდაჭერით, ცხადდება კონკურსი სახელწოდებით "ფინანსური გაკვეთილები მხატვრულ ლიტერატურაში".
კონკურსის მიზანია, მოსახლეობაში წიგნის, როგორც განათლების მნიშვნელოვანი წყაროს, პოპულარობის ხელშეწყობა და, იმავდროულად, ფინანსური განათლების საკითხების ყოველდღიურობის წარმოჩენა. კონკურსის ფარგლებში შემოსული საინტერესო მასალების გავრცელება კი, დამატებით, დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ფინანსური განათლების საკითხების პოპულარული ენითა და საინტერესო რაკურსით მიწოდების შესაძლებლობებს შექმნის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კონკურსში ჩასართავად საჭიროა, ფინედუს ფეისბუქგვერდზე, შესაბამისი კონკურსის პოსტის ქვეშ ფეისბუქის კომენტარის დაწერა, სადაც კონკურსანტი მიუთითებს მისთვის საყვარელი ან ნაცნობი მხატვრული ლიტერატურიდან - პროზიდან ან პოეზიიდან - ამონარიდს/ციტატას და/ან აღწერს იდეას და/ან გადმოსცემს სიუჟეტის მოკლე შინაარსს, რომელიც კონკურსანტის მოსაზრებით ფინანსურ "გაკვეთილებს" შეიცავს.
კონკურსანტებს ნამუშევრების გამოგზავნა მოეთხოვებათ 11 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, ხოლო გამარჯვებულები საავტორო უფლებების დაცვისა და წიგნის მსოფლიო დღეს - 23 აპრილს გამოვლინდებიან.
კონკურსი იძლევა 100-ზე მეტი გამარჯვებულის გამოვლინის საშუალებას. გამარჯვებულებს ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" დააჯილდოებენ.
კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ აქ.