1. კონკურსის იდეა და მიზანი
მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე 23 აპრილს აღინიშნება. მისი მიზანია, ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მოსახლეობაში წიგნისთვის დათმობილი დროის ზრდის მოტივაცია.
საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პლატფორმა, www.finedu.gov.ge – (შემდგომში - "ფინედუ"), გამოდის ინიციატივით, გამოეხმაუროს ამ დღის აღნიშვნას და შეკრიბოს წიგნის მოყვარული ნებისმიერი ასაკის ადამიანი წიგნიერებისა და ფინანსური განათლების საკითხების ირგვლივ და შპს "საბას" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404940427) (შემდგომში - "საბა") და შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204931164) (შემდგომში - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა") ჩართულობითა და მხარდაჭერით გამოაცხადოს კონკურსი სახელწოდებით "ფინანსური გაკვეთილები მხატვრულ ლიტერატურაში" (შემდგომში - "კონკურსი").
კონკურსის მიზანია, მოსახლეობაში, ერთი მხრივ წიგნის, როგორც განათლების მნიშვნელოვანი წყაროს, პოპულარიზაციის ხელშეწყობა და იმავდროულად ფინანსური განათლების საკითხების ყოველდღიურობის წარმოჩენა და კონკურსის ფარგლებში კონკურსანტების მხრიდან შემოსული საინტერესო მასალების გავრცელება, რაც დამატებით ხელს შეუწყობს დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ფინანსური განათლების საკითხების პოპულარული ენითა და საინტერესო რაკურსით მიწოდებას.
2. კონკურსის ტიპი, ვადები და პირობები
1. კონკურსის სახელწოდება: „ფინანსური გაკვეთილები მხატვრულ ლიტერატურაში“;
2. კონკურსის ტიპი - ღია კონკურსი;
3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს;
4. კონკურსის გამოქვეყნების და ნამუშევრების მიღების თარიღი: 11 აპრილი, 2022 წ.
5. კონკურსში ფარგლებში გაითვალისწინება/შეფასდება იმ კონკურსანტთა ნამუშევრები, რომლებიც კონკურსის პირობების შესაბამისად შემოვა 18 აპრილის 23:59 სთ-ის ჩათვლით;
6. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლინდებიან 2022 წლის 23 აპრილს;
7. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა, კონკურსანტმა "ფინედუს" ფეისბუქის გვერდზე - https://www.facebook.com/finedu.gov.ge გამოქვეყნებული შესაბამისი პოსტის ქვეშ გამოგზავნოს საკუთარი ნამუშევარი, კერძოდ, აღწეროს ე.წ. "ფინანსური გაკვეთილი" პოსტის კომენტარის სახით ქვემოთ მოცემული პირობების დაცვით:
- კომენტარი უნდა მოიცავდეს ამონარიდს/ციტატას და/ან იდეის აღწერას და/ან სიუჟეტის მოკლე შინაარსს მხატვრული ნაწარმოებიდან (შესაძლებელია როგორც პროზა, ისე პოეზია), რომელიც კონკურსანტის მოსაზრებით ფინანსურ "გაკვეთილებს" შეიცავს;
- კომენტარში მოცემული ფინანსური გაკვეთილი შეიძლება შეეხოს პირადი ფინანსების მართვის იდეებს ერთი ან რამდენიმე ისეთი თემიდან, როგორიცაა მაგალითად: დაზოგვა, სესხება, ბიუჯეტირება, დაზღვევა, ინვესტირება, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავება, ფინანსური უსაფრთხოება;
- კომენტარი უნდა მოიცავდეს მხატვრული ნაწარმოებისა და მისი ავტორის დასახელებას;
- კომენტარში კონკურსანტი უნდა აღწერდეს საკუთარ მოსაზრებას, თუ რაზე მიანიშნებს, რას ასწავლის მკითხველს მის მიერ მოყვანილი ამონარიდი/ციტატა და/ან იდეა და/ან მოკლე სიუჟეტი;
- კომენტარის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 სიტყვას;
- კომენტარში სასურველია მიეთითოს კონკურსანტის სახელი და გვარი, იმ შემთხვევაში, თუ კომენტარი იწერება სხვა პირის მიერ ან კონკურსანტის რეალური სახელი განსხვავდება იმ მომხმარებლის დასახელებისგან, რომლის "ფეისბუქის" პროფილიდანაც დაფიქსირდა კომენტარი.
8. ერთი კონკურსანტის მხრიდან დაფიქსირებული "ფინანსური გაკვეთილების" რაოდენობა შეზღუდული არ არის. კონკურსში ერთზე მეტი რაოდენობის ნამუშევრით მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, კონკურსანტმა თითოეული მათგანი ცალკე კომენტარის სახით უნდა განათავსოს კონკურსის პირობების დაცვით;
9. კონკურსის ორგანიზატორი პასუხს არ აგებს და, შესაძლოა, არც იზიარებდეს კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრების ავტორების მოსაზრებებს. იმავდროულად, კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას წაშალოს კომენტარები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის პირობებს ან შეიცავს ტენდენციურ და/ან კომერციულ და/ან დისკრიმინაციულ და/ან შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს ან/და არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, წინააღმდეგობაში მოდის საჯარო წესრიგსა თუ ზნეობის ნორმებთან;
10. კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი თავის მიერ გამოგზავნილ ნამუშევარზე საკუთრების უფლებას გადასცემს "ფინედუს". მიღებული კომენტარები (კომენტარში დაფიქსირებული მოსაზრებები) შესაძლოა, მოგვიანებით სხვა ფორმით გამოქვეყნდეს, მათ შორის, "ფინედუს" ვებ-გვერდსა და მის სოციალურ არხებში, კერძოდ, "ფეისბუქზე", "ინსტაგრამზე", "ლინკდინზე" და "იუთუბის" გვერდზე ავტორის მითითებით.
3. ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულების გამოვლენის პირობები
1. კონკურსით დადგენილ ვადებში (2022 წლის 11-დან 18 აპრილის ჩათვლით) შემოსული ნამუშევრების შერჩევა, შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა განხორციელდება შემდეგი პირობებით:
1.1 პრიზი პირველი ასეულისათვის - პირველი არაუმეტეს 100 ნამუშევრის (კომენტარის) ავტორს "საბა" ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკაში, ვებ-გვერდზე www.saba.com.ge, გადასცემს წვდომას 20 ელექტრონულ წიგნზე მომხმარებლის პირადი პროფილის ანგარიშზე (პირად ბიბლიოთეკაში). გადასაცემი ელექტრონული წიგნების ჩამონათვალს განსაზღვრავს "საბა". ამასთან, კომენტარების რიგითობა დადგინდება კომენტარის დაფიქსირების დროის შესაბამისად. ამასთან, კომენტარების პირველი ასეულის ავტორებში არ გაითვალისწინება:
- ავტორები, რომელთა კომენტარებშიც არ არის დაცული წინამდებარე განცხადების მე-2 პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით დადგენილი პირობები;
- "ფინედუს" ჟიურის რჩეული კომენტარების ავტორები (რომლებიც ცალკე დაჯილდოვდებიან);
- ავტორები, რომლებიც ერთხელ უკვე დაფიქსირდნენ პირველ ასეულში;
- ავტორები, რომელთა კომენტარიც მანამდე დაფიქსირებული კომენტარის ზუსტი ან იდეური ასლია, კერძოდ, მოცემული ნაწარმოების, იდეისა და გაკვეთილის კომბინაცია მანამდე უკვე დაფიქსირდა და იმეორებს დაფიქსირებული კომენტარის ავტორის მოსაზრებას. იმავდროულად, გაითვალისწინება ის კომენტარები, რომლებიც მანამდე დაფიქსირებული ნაწარმოების მონაკვეთს/სიუჟეტს განსხვავებული იდეით წარმოაჩენს.
1.2 პრიზი "ფინედუს" ჟიურის რჩეულებისათვის - "ფინედუს" ჟიურის მიერ გამოვლენილი 3 (სამი) რჩეული ნამუშევრის (კომენტარის) ავტორს "საბა" ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკაში, ვებ-გვერდზე www.saba.com.ge, გადასცემს წვდომას 100 ელექტრონულ წიგნზე მომხმარებლის პირადი პროფილის ანგარიშზე (პირად ბიბლიოთეკაში). გადასაცემი ელექტრონული წიგნების ჩამონათვალს განსაზღვრავს "საბა". ამასთან, ჟიური საკონკურსო ნამუშევრების (კომენტარების) შეფასებას განახორიცელებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- მარტივია მითითებული ნაწარმოებისა და ავტორის ნამდვილობის დადგენა;
- სრულყოფილი და გასაგებია მოცემულ კომენტარში მითითებული ფინანსური გაკვეთილის იდეა;
- კომენტარში მოცემული ნაწარმოების, იდეისა და გაკვეთილის კომბინაცია პირველად დაფიქსირდა და არ იმეორებს მანამდე დაფიქსირებული კომენტარის ავტორის მოსაზრებას. იმავდროულად, გაითვალისწინება ის კომენტარები, რომლებიც მანამდე დაფიქსირებული ნაწარმოების მონაკვეთს/სიუჟეტს განსხვავებული იდეით წარმოაჩენს.
1.3 პრიზი მომხმარებლის რჩეულებისათვის - იმ 5 ავტორს, რომლის ნამუშევარიც (კომენტარი) აკმაყოფილებს ამ კონკურსის მე-2 პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და იმავდროულად, ექნება ყველაზე მეტი ე.წ. "ფეისბუქრეაქცია" (მიუხედავად რეაქციის ტიპისა), "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" გადასცემს ზაირა არსენიშვილის ახალ რომანს "კოლაჟი მთვარის შუქზე". აღნიშნული ე.წ. "ფეისბუქრეაქციები" რაოდენობა დაითვლება 23 აპრილის 10:00 საათის მდგომარეობით.
1.4 პრიზი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" რჩეული ავტორისათვის - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" თავის რჩეულ კომენტარის გადასცემს "სულაკაურის წიგნის მაღაზიის" 50 (ორმოცდაათი) ლარიან ვაუჩერს;
2. კონკურსის გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია "ფინედუს" ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდებზე გასაჯაროვდება 2022 წლის 23 აპრილს.
3. პრიზების მისაღებად მომხმარებლები, რომლებიც გამოცხადდებიან გამარჯვებულებად, წინამდებარე განცხადების მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, "ფინედუს" პირადი შეტყობინების სახით 2 (ორი) კვირის ვადაში უნდა გამოგზავნონ:
- "საბას" ელექტრონული პრიზების მისაღებად იმ ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლითაც დარეგისტრირებულნი არიან "საბას" ელექტრონულ ბიბლიოთეკაში;
- "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ დაწესებული პრიზების მისაღებად გამარჯვებულის პირადი ნომერი.
4. "საბა" და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" მათ მიერ დაწესებული პრიზების გადაცემას განახორციელებან საკუთარი წესების, პროცედურებისა და ლოკაციების შესაბამისად არაუგვიანეს კონკურსის დასრულებიდან 2 (ორი) თვის ვადაში.
4. საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2;
- ცხელი ხაზი: (+995)32)2406406;
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/ge;
- "ფეისბუქის" გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge.
5. სასარგებლო ინფორმაცია
ფინანსური გაკვეთილები სინამდვილეში ხელოვნების არაერთ სფეროში გვხვდება, რამდენადაც ფინანსები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ხელოვნება ხშირად ჩვენს რეალურ ცხოვრებას აღწერს. ამ თვალსაზრისით „ფინედუზე“ გამოქვეყნებული მასალებიდან ფინანსური გაკვეთილები არაერთხელ გამოქვეყნებულა, რომლებიც დაინტერესებულ კონკურსანტებს შესაძლოა ინსპირაციაში დაეხმაროს.
- ფინანსური გაკვეთილები ლიტერატურიდან: https://finedu.gov.ge/ge/blogi-1/8-finansuri-gakvetili-hari-poterisgan-1;
- ფინანსური გაკვეთილები ფილმებიდან: https://finedu.gov.ge/ge/blogi-1/5-ram-finansebis-shesakheb-rasats-seriali-megobrebi-gvastsavlis-1;
- ფინანსური გაკვეთილები მუსიკიდან: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/videos/960939424634445.