შეგახსენებთ, რომ ფინედუზე მიმდინარეობს კონკურსი მასწავლებლებისთვის - "ფინანსური განათლება სკოლაში". კონკურსი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობების შექმნას გულისხმობს. გამარჯვებულ მასწავლებლებს კი ფულადი პრიზები გადაეცემათ.
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, კონკურსით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ფინედუზე მეორე საინფორმაციო შეხვედრა იგეგმება.
შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ ინფორმაციას კონკურსის შესახებ, მასწავლებლებს გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და საკონკურსო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებს. მასწავლებლებს კი ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან შეკითხვები სპიკერებს და მიიღონ პასუხები შეხვედრის მსვლელობისას.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, 29 სექტემბერს, 16:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით. შეხვედრა პარალელურ რეჟიმში გავა ფინედუს ფეისბუქგვერდის პირდაპირი ეთერით (Facebook Live).
შეხვედრის სპიკერები იქნებიან:
მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერები სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
თინათინ გუჯაბიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების სპეციალისტი.
დაინტერესებულ მასწავლებლებს შეხვედრაზე დასწრება და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხის მიღება შეუძლიათ რომელიმე მათთვის მოსახერხებელი გზით:
1. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია Zoom პლატფორმაზე. ამ შემთხვევაში შეკითხვებს უშუალოდ დასვამენ;
Zoom შეხვედრაზე დასასწრები ბმული:
https://us06web.zoom.us/j/89721537510?pwd=IIL8R6W4CVU3kRsdb38gpBb3oXaFwT.1
2. შეხვედრისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია ფინედუს ფეისბუქგვერდზე, სადაც პირდაპირ ეთერში გავა შეხვედრა. ამ შემთხვევაში შეკითხვების გაგზავნა შესაძლებელი იქნება იმავე პოსტის ფეისბუქის კომენტარების საშუალებით;
3. მათ, ვინც შეხვედრაზე დასწრებას ვერ ახერხებენ, შეუძლიათ წინასწარ გამოგზავნონ შეკითხვები მეილზე info@finedu.gov.ge ან ფეისბუქგვერდზე მესენჯერის საშუალებით. შეკითხვებს პასუხები გაეცემა შეხვედრის მსვლელობისას, ჩანაწერი კი დარჩება ფინედუს ფეისბუქგვერდზე და მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოსახერხებელ დროს.
პირველი საინფორმაციო შეხვედრის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=259337503360290
მასწავლებლებისათვის განკუთვნილი კონკურსის პირობები კი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://finedu.gov.ge/ge/ghonisdziebebi-2/mastsavleblebis-konkursi-finansuri-ganatleba-skolashi-2
კონკურსი ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზისბანკის", სს "ლიბერთი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "პსპ დაზღვევის" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" ჩართულობითა და მხარდაჭერით.