პროექტის განხორციელებაში, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკთან ერთად ჩართულნი იყვნენ კომერციული ბანკების თანამშრომლები. მათ ფინედუს დესპანის მისია იკისრეს და დაინტერესებული მასწავლებლების მოწვევით V-XII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს ღია გაკვეთილები ფინანსური განათლების სხვადასხვა თემაზე. გაკვეთილები შემუშავდა თამაშზე დაფუძნებული, სახალისო სწავლების ფორმატით. სასკოლო სივრცეებში მიწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ლარის ისტორია, დაზოგვა, ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები.
ფინედუს დესპანის სტატუსით პროექტში ჩაერთო საქართველოს ეროვნული ბანკის 50-მდე თანამშრომელი, ასევე, საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, კრედო ბანკისა და მიკრობანკი ემბისის 100-ზე მეტი თანამშრომელი. პირველად, პროექტში ჩაერთო საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 10 შვილი, რომლებმაც საკუთარ სკოლებში ფინედუს დესპანის როლი მოირგეს.
ერთობლივი ძალისხმევით პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაკვეთილები 213 სკოლის 254 კლასის 6,097 მოსწავლეს ჩაუტარდა, მათგან 75%-ზე მეტი რეგიონებში.
ფინედუს დესპანებმა მოსწავლეებს სპეციალური საგანმანათლებლო მასალა, მათ შორის, სამაგიდე თამაშები გადასცეს, მასპინძელმა მასწავლებლებმა კი პროექტის მხარდაჭერისთვის ეროვნული ბანკისგან სპეციალური სერტიფიკატები მიიღეს.
პროექტის დასასრულს როგორც დესპანებმა, ისე მასპინძელმა მასწავლებლებმა გააზიარეს უკუკავშირიც, რომლის შედეგების გათვალისწინებაც სამომავლო პროექტების უკეთ დაგეგმვაში იქნება გათვალისწინებული.