საქართველო ამ თარიღის აღნიშვნას 2012 წლიდან უერთდება და მას სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობით აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად იგეგმება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული პროექტი - "მოიწვიე ფინედუ კლასში".
აღნიშნული კამპანია ასევე ეძღვნება ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანები სკოლებს ესტუმრებიან: ვიზიტები 2 ოქტომბერს, ლარის გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადების დღეს დაიწყება და გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე, დაზოგვის მსოფლიო დღემდე. ფინედუს დესპანები მოსწავლეებისათვის თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით სახალისო და გამორჩეულ აქტივობას ჩაატარებენ.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები ღონისძიებაში ჩართვით დაინტერესებული პირებისათვის.
რა დანიშნულება და ისტორია აქვს დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნას?
დაზოგვის მსოფლიო დღის ისტორია 1924 წელს იწყება. სწორედ ამ დღეს, იტალიის ქალაქ მილანში ჩაეყარა საფუძველი იმ თარიღს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
დაზოგვის მსოფლიო დღის მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისება.
საქართველოში ამ ინიციატივის ძირითადი სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ახალგაზრდები არიან. დაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".
ვისთვისაა განკუთვნილი გაკვეთილები და რა ფორმატით ჩატარდება მოსწავლეებთან შეხვედრა?
გაკვეთილები ჩაუტარდებათ V-XII კლასის მოსწავლეებს.
- V-VII კლასელებს ფინედუს დესპანები ეწვევიან განახლებული პრეზენტაციითა და თამაშის ელემენტებით;
- VIII-XII კლასელებს კი ფინედუს დესპანები პრეზენტაციასთან ერთად, სპეციალურ სამაგიდე თამაშით სახელწოდებით „ფინანსური ასოციაციობანა“ ესტუმრებიან და ბავშვებს ფინანსურ ტერმინებზე დააფიქრებენ. სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა" შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია "თამაშობანას" მიერ.
რა ხანგრძლივობის იქნება ფინედუს დესპანების სტუმრობა?
გათვალისწინებულია 2 საგაკვეთილო საათის ხანგრძლივობის შეხვედრები.
შესაძლებელია თუ არა კლასების გაერთიანება?
შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, კლასების გაერთიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად მოსწავლეების რაოდენობა არ იქნება 29 მოსწავლეზე მეტი.
როდის განხორციელდება სკოლებში ვიზიტები?
ფინედუს დესპანების ვიზიტები განხორციელდება მასწავლებლისა და დესპანის ურთიერთშეთანხმებულ დროს, 2 – 31 ოქტომბრის შუალედში.
ვინ იქნებიან ფინედუს დესპანები? ვინ ესტუმრება სკოლებს?
ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების, კერძოდ: საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, კრედო ბანკისა და მიკრობანკ ემბისის თანამშრომლები. თითოეულ მასწავლებელს ელექტრონულ ფოსტაზე წინასწარ ეცნობება, თუ რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესტუმრება მის კლასს.
რა არის საჭირო ღონისძიებაში ჩასართავად?
ფინედუს დესპანის კლასში მოსაწვევად საჭიროა, დაინტერესებული სკოლის დირექტორმა, დირექციის წარმომადგენელმა ან ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოს ფინედუს მხრიდან დაკავშირებას საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ განაცხადს ავსებს მასწავლებელი, მან სკოლაში ვიზიტის საკითხი დამოუკიდებლად უნდა შეათანხმოს სკოლის დირექციასთან.
არსებული რესურსების გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდულია. სკოლების/კლასების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სკოლებს, რომლებიც პირველად იწვევენ ფინედუს კლასში. გარდა ამისა, სკოლების/კლასების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის რიგითობის და საგანმანათლებლო დაწესებულების ლოკაციაზე წვდომის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
რა მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო სკოლისგან ფინედუს დესპანის დასახვედრად?
- საკლასო გაკვეთილები ითვალისწინებს პრეზენტაციის წარდგენას PowerPoint ფორმატში, ამიტომ მისი საინტერესოდ წარმართვისთვის სასურველია, საგაკვეთილო სივრცეში იყოს პრეზენტაციის გაშვების შესაძლებლობა.
- საკლასო ოთახში შესაძლებელი უნდა იყოს მაგიდების გადალაგება ისე, რომ რამდენიმე მოსწავლემ შეძლოს მაგიდის ირგვლივ დაჯდომა.
- გაკვეთილის მსვლელობისას საჭირო იქნება ფურცლები და კალმები/ფანქრები.
როდის დასრულდება რეგისტრაციის პროცესი?
რეგისტრაცია დასრულდება 12 სექტემბერს, 16:00 საათზე.
სად არის განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა?
ღონისძიებაში ჩართვისა და კლასში ფინედუს დესპანის მოსაწვევად რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე: https://forms.gle/ei4PgHqDWw7o2PAm9
როდის და როგორ მოხდება საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება დარეგისტრირებულ კლასში ვიზიტთან დაკავშირებით?
ფინედუს წარმომადგენელი დარეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მასწავლებლებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 26 სექტემბრისა.
ვის შეიძლება მივმართოთ ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხებით:
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ფეისბუქის გვერდის - https://www.facebook.com/finedu.gov.ge - მესენჯერი