კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუზე მოთხრობების კონკურსი იწყება

კონკურსი
23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს თარიღი UNESCO-ს მიერ 1995 წელს დაწესდა  და მიზნად ისახავს წიგნის კითხვის წახალისებისა და ავტორების პატივისცემის იდეას, ასევე, წიგნების მასშტაბური შესაძლებლობების წარმოჩენას - დააკავშიროს ერთმანეთთან წარსული და აწმყო, გააბას ხიდები განსხვავებულ თაობებსა და კულტურებს შორის. თავად თარიღი, 23 აპრილი სიმბოლურ ხასიათსაც ატარებს, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი სამი ავტორი: უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.

საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი - www.finedu.gov.ge  მხარდამჭერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უერთდება აღნიშნულ თარიღსა და წიგნის საყოველთაო და განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეას და ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზაციისა და მათი ცხოვრებისეულ კომპეტენციებად წარმოჩენის მიზნით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ფინანსური განათლება მხატვრულად“.

კონკურსის ფარგლებში შეიქმნება პროზაული ლიტერატურული ნაწარმოებები (მოთხრობები), რომლებიც მხატვრულ სიუჟეტის საშუალებით წარმოაჩენენ ფინანსური განათლების საკითხებს,  მკითხველებს მათს მნიშვნელობაზე დააფიქრებენ და იმავდროულად გასაგებს გახდიან, რომ ეს საკითხები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.  

გარდა ამისა, კონკურსი გამოეხმაურება 23 აპრილის თარიღის კიდევ ერთ, წიგნების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის იდეას და მისი საშუალებით და კონკურსის მონაწილე ავტორების სახელით ერთ-ერთ სასკოლო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა წიგნები.

კონკურსის დევიზია „დაწერე, აჩუქე, მოიგე!“

კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინედუ, მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა დიოგენე, გამომცემლობა არტანუჯი, გამომცემლობა ინტელექტი და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია. 

კონკურსის მთავარი იდეაა, დააფიქროს ადამიანები ფინანსური განათლების საკითხებზე და დაანახოს მათი აქტუალობა და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საკონკურსო ნამუშევრები  23 ივნისის ჩათვლით მიიღება. ფინალის 20 მონაწილის ვინაობა 4 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილოება  ფინედუს დაბადების დღეს 9 სექტემბერს მოხდება.

მხატვრული ნაწარმოების კონკურსის პარალელურად კონკურსანტების სახელით ერთ-ერთი სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა წიგნები. 

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული რომლებიც ფულად პრიზებთან ერთად დაწესებულ სხვა ფასიან საჩუქრებსაც მიიღებენ.

ნამუშევრები შეფასდებიან 2 კატეგორიაში - 1) ფინანსური განათლების საკითხების ადექვატურად წარმოჩენა და 2) ნამუშევრის მხატვრული, ლიტერატურული ხარისხი. პირველ კატეგორიაში შეფასებას გააკეთებენ ეროვნული ბანკისა და ფინანსირი განათლების ეროვნული სტრატეგიის კომიტეტის წევრი ორგანიზაციები, ხოლო ლიტერატურული ღირებულების ნაწილში შეფასება გაკეთდება ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს პროფესიონალების მიერ.

 

კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ აქ