ეკატერინე მიქაბაძემ მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხებზე ღია გაკვეთილი ჩაუტარა და სკოლის ბიბლიოთეკას ახალი საგანმანათლებლო მასალები გადასცა.
სკოლაში სტუმრობა ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ნაწილია, რითიც დაიწყო ღია გაკვეთილების მასშტაბური პროექტი "მოიწვიე ფინედუ კლასში". 2026 წლის კვირეული დევიზით - "ისაუბრე ფულზე" - განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე.
ფინანსებზე საუბარი, სწორედ პატარა ასაკიდან, სკოლიდან უნდა დავიწყოთ, ამ ასაკში ეყრება საფუძველი კრიტიკულ აზროვნებას, ყალიბდება პასუხისმგებლიანი ფინანსური ჩვევები და დამოკიდებულებები. ამიტომ ამ პერიოდში მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზრდასრულ ასაკში ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს - განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.
მიმდინარე ნაკადის ფარგლებში სკოლებს კომერციული ბანკებიდან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ტერაბანკის, კრედო ბანკისა და მიკრობანკი ემბისის თანამშრომლები შემოუერთდებიან.
ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნას საქართველო წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება. მისი მიზანია, ახალგაზრდებს გაუძლიეროს თავდაჯერება ფინანსურ გადაწყვეტილებებში, წაახალისოს სწორი კითხვების დასმა და ფინანსური განათლების საშუალებით დაეხმაროს უფრო გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ფულის გლობალური კვირეული 16-22 მარტს აღინიშნა, საქართველოში კამპანია უფრო მასშტაბურად, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და არაერთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობას მოიცავს.