კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფულის გლობალური კვირეული 2026 დაიწყო

gmw2026
ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის კამპანია დღეს, 16 მარტს დაიწყო და 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველო წელსაც, ტრადიციულად 2012 წლიდან დაწყებულ აქტივობებს შეუერთდება, რომელშიც წლიდან წლამდე მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანა მონაწილეობს. კამპანია კვირეულის ფორმატით ცხადდება, სლოგანით "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე" მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას.

საქართველო ამ გლობალურ ინიციატივაში საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით 2014 წლიდან მონაწილეობს, აქტივობების ორგანიზება ხორციელდება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში. წლევანდელ კამპანიაში მისსავე პლატფორმა ფინედუსთან (www.finedu.gov.ge) ერთად ჩართულნი იქნებიან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი, მიკრობანკი ემბისი და ეროვნული სასახლე.

2026 წლის ფულის გლობალური კვირეულის დევიზია: "ისაუბრე ფულზე" (ENG: Smart Money Talks). წლევანდელი თემა ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბრის და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი მიზანია ახალგაზრდებს გაუძლიეროს თავდაჯერებულოა ფინანსურ გადაწყვეტილებებში, წაახალისოს სწორი კითხვების დასმა და ფინანსური განათლების საშუალებით დაეხმაროს უფრო გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში.

საქართველო წლევანდელ კამპანიას არაერთი აქტივობით შეუერთდება, რომლებიც არა მხოლოდ ერთი კვირის, არამედ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი ასეთია:

ღია გაკვეთილებით ვიზიტები სკოლაში - "მოიწვიე ფინედუ კლასში"

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში კვლავ გაიმართება პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში. 1 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა სკოლაში, მათ შორის რეგიონებშიც ჩატარდება ღია გაკვეთილები, სადაც V-XII კლასის მოსწავლეები ფინანსური განათლების მნიშვნელოვან საკითხებს თამაშზე დაფუძნებული ინტერაქტიული ფორმატით გაეცნობიან.

სკოლებს ეწვევიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები - ფინედუს დესპანები. 

ფინედუს დესპანის კლასში მოსაწვევად, დაინტერესებული სკოლის დირექტორმა, დირექციის წარმომადგენელმა ან ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა უნდა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც 17 მარტს, 16:00-ზე გამოქვეყნდება. 

პროექტის  პარტნიორები იქნებიან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი და მიკრობანკი ემბისი.

ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი"

18 მარტიდან 7 აპრილის  ჩათვლით გაიმართება ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი".

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ფინანსური საკითხებისადმი ინტერესის გაღვივება და ფულის ისტორიის, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისება.  კონკურსის იდეაა, ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ფულის მნიშვნელობაზე და ქართული ეროვნული ვალუტა შემოქმედებითად დაუკავშირონ იმ კუთხეს, ქალაქსა თუ სოფელს სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ, საკუთარი ხედვით შექმნან თავისუფალი ნომინალის ბანკნოტი, რომელიც ასახავს მათ ქალაქს, სოფელს ან რეგიონს/კუთხეს – მის ისტორიას, კულტურას, ბუნებასა და სიმბოლოებს.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ 6-დან 17 წლის ჩათვლით ნებისმიერ ფიზიკურ პირს. ამისათვის მათ, სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში, უნდა შექმნან ბანკნოტის ნახატი, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და წარმოადგინოს ისინი დადგენილ პირობებსა და ვადებში. 

კონკურსის პარტნიორები იქნებიან: საქართველოს ბანკი და ბაზისბანკი.

კომიქსების კონკურსი "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე"

ფინედუზე 2026 წელი ციფრული წიგნიერებისა და კიბერუსაფრთხოების წლად გამოცხადდა. მოსწავლეებში კიბერუსაფრთხოების და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების, უსაფრთხო ფინანსური ქცევის პოპულარიზაცისა და ამ თემაზე დიალოგების წახალისების მიზნით, 31 მარტს დაიწყება კომიქსების კონკურსი "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე".

კონკურსის ფარგლებში VII-XII კლასის მოსწავლეებმა უნდა შექმნან კომიქსი, რომელიც ასახავს ფინანსურ და კიბერ საფრთხეს და აჩვენებს, როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მასწავლებლის ჩართულობით, 2-4 მოსწავლისგან შემდგარი გუნდების ფორმატში. 

კონკურსის პარტნიორები იქნებიან: საქართველოს ბანკი და ბაზისბანკი.

გაკვეთილების წახალისება სკოლებში - "გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი"

სკოლებში გაკვეთილების ჩატარების წახალისების მიზნით გაიმართება პროექტი "გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი". პროექტი საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს საშუალებას მისცემს გახდნენ ფინედუს დესპანი მასწავლებლები და  ფინედუს მიერ მომზადებული მასალებისა და ინსტრუქციის საფუძველზე სკოლაში ფინანსური განათლების ინტერაქტიული გაკვეთილები ჩაატარონ.

პროექტი 15 აპრილს დაიწყება და 15 მაისამდე გაგრძელდება.

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია #ისაუბრეფულზე გაიმართება და ფინედუს სოციალურ ქსელებში გავრცელდება სხვადასხვა თემატური და სასარგებლო საგანმანათლებლო პოსტები.