კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფულის გლობალური კვირეული 2025 - მოიწვიე ფინედუ კლასში

ფულის გლობალური კვირეულის (GMW) აღნიშვნას საფუძველი 2012 წლიდან ჩაეყარა. ის მსოფლიო მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მისიაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მასთან არსებული ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ (www.finedugov.ge), პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეთერთმეტედ უერთდება.  

2025 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ფულის და ფულთან დაკავშირებული საკითხების, ასევე გონივრული ხარჯვისა და ფინანსური უსაფრთხოების თემებს შეეხება. წლევანდელი კვირეულის დევიზია „დაფიქრდი, სანამ აჰყვები, მართე ფული გონივრულად“ (Think before you follow, Wise money tomorrow).

წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად იგეგმება ბევრისათვის უკვე საყვარელი და პოპულარული პროექტი სახელწოდებით: მოიწვიე ფინედუ კლასში. პროექტის ფარგლებში 17 მარტი- 11 აპრილის შუალედში ფინედუს დესპანები სკოლებს ესტუმრებიან და III - XII კლასის მოსწავლეებისათვის სახალისო და გამორჩეულ გაკვეთილს ჩაატარებენ.

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.