წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად იგეგმება ბევრისათვის უკვე საყვარელი და პოპულარული პროექტი სახელწოდებით: „მოიწვიე ფინედუ კლასში". პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანები სკოლებს ესტუმრებიან და მოსწავლეებისათვის სახალისო და გამორჩეულ გაკვეთილს ჩაატარებენ.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები ღონისძიებაში ჩართვით დაინტერესებული პირებისათვის
რა დანიშნულება და ისტორია აქვს ფულის გლობალურ კვირეულს?
ფულის გლობალური კვირეულის (GMW) აღნიშვნას საფუძველი 2012 წლიდან ჩაეყარა. ის მსოფლიო მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მისიაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.
კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მასთან არსებული ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ (www.finedugov.ge), პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეთერთმეტედ უერთდება.
2025 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ფულის და ფულთან დაკავშირებული საკითხების, ასევე გონივრული ხარჯვისა და ფინანსური უსაფრთხოების თემებს შეეხება.
წლევანდელი კვირეულის დევიზია „დაფიქრდი, სანამ აჰყვები, მართე ფული გონივრულად“ (Think before you follow, Wise money tomorrow).
ვისთვისაა განკუთვნილი გაკვეთილები და რა ფორმატით ჩატარდება მოსწავლეებთან შეხვედრა?
გაკვეთილები ჩაუტარდებათ III-XII კლასის მოსწავლეებს.
- III-VI კლასელებს ფინედუს დესპანები განახლებული, ინტერაქციული პრეზენტაციებით ესტუმრებიან.
- VII-XII კლასელებს კი ფინედუს დესპანები პრეზენტაციასთან ერთად, სპეციალურ სამაგიდე თამაშით სახელწოდებით „ფინანსური ასოციაციობანა“ ესტუმრებიან და ბავშვებს ფინანსურ ტერმინებზე დააფიქრებენ. სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა" შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია "თამაშობანას" მიერ.
შეხვედრის ჩასატარებლად საკმარისია საკლასო ოთახის გამოყოფა.
რა ხანგრძლივობის იქნება ფინედუს დესპანების სტუმრობა?
გათვალისწინებულია 2 საგაკვეთილო საათის ხანგრძლივობის შეხვედრები.
შესაძლებელია თუ არა კლასების გაერთიანება?
შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, კლასების გაერთიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად მოსწავლეების რაოდენობა არ იქნება 29 მოსწავლეზე მეტი.
როდის განხორციელდება სკოლებში ვიზიტები?
ფინედუს დესპანების ვიზიტები განხორციელდება მასწავლებლისა და დესპანის ურთიერთშეთანხმებულ დროს, 17 მარტი - 11 აპრილის შუალედში.
ვინ იქნებიან ფინედუს დესპანები? ვინ ესტუმრებიან სკოლებს?
ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების, კერძოდ: თიბისი ბანკის, ბაზისბანკის, კრედო ბანკის, ტერაბანკისა და მიკრობანკ ემბისის თანამშრომლები. თითოეულ მასწავლებელს ელექტრონულ ფოსტაზე წინასწარ ეცნობება, თუ რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესტუმრება მის კლასს.
რა არის საჭირო ღონისძიებაში ჩასართავად?
ფინედუს დესპანის კლასში მოსაწვევად საჭიროა, დაინტერესებულმა მასწავლებელმა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოს ფინედუს მხრიდან დაკავშირებას საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
კლასის ღონისძიებაზე დარეგისტრირება და ფინედუს დესპანის კლასში მოწვევა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, მათ შორის, კლასის სადამრიგებლო გაკვეთილის ფარგლებში.
დაინტერესებულმა მასწავლებელმა სკოლაში ვიზიტის საკითხი დამოუკიდებლად უნდა შეათანხმოს სკოლის დირექციასთან.
არსებული რესურსების გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდულია და სკოლების/კლასების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის რიგითობის და საგანმანათლებლო დაწესებულების ლოკაციაზე წვდომის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
რა მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო სკოლისგან ფინედუს დესპანის დასახვედრად?
საკლასო გაკვეთილები ითვალისწინებს პრეზენტაციის წარდგენას PowerPoint ფორმატში, ამიტომ მისი საინტერესოდ წარმართვისთვის სასურველია, საგაკვეთილო სივრცეში იყოს პრეზენტაციის გაშვების შესაძლებლობა.
საკლასო ოთახში შესაძლებელი უნდა იყოს მაგიდების გადალაგება ისე, რომ რამდენიმე მოსწავლემ შეძლოს მაგიდის ირგვლივ დაჯდომა.
გაკვეთილის მსვლელობისას საჭირო იქნება ფურცლები და კალმები/ფანქრები.
როდის დასრულდება რეგისტრაციის პროცესი?
რეგისტრაცია დასრულდება დაგეგმილი ადგილების შევსებისთანავე, არაუგვიანეს 12 მარტისა.
სად არის განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა?
როდის და როგორ მოხდება საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება დარეგისტრირებულ კლასში ვიზიტთან დაკავშირებით?
ფინედუს წარმომადგენელი დარეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მასწავლებლებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 20 მარტისა.
ვის შეიძლება მივმართოთ ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხებით:
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ფეისბუქის გვერდის - https://www.facebook.com/finedu.gov.ge - მესენჯერი