კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუზე სკოლებისთვის განკუთვნილი კონკურსი იწყება

კონკურსი
23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს თარიღი UNESCO-ს მიერ 1995 წელს დაწესდა  და მიზნად ისახავს წიგნის კითხვის წახალისებისა და ავტორების პატივისცემის იდეას, ასევე, წიგნების მასშტაბური შესაძლებლობების წარმოჩენას - დააკავშიროს ერთმანეთთან წარსული და აწმყო, გააბას ხიდები განსხვავებულ თაობებსა და კულტურებს შორის. თავად თარიღი, 23 აპრილი სიმბოლურ ხასიათსაც ატარებს, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი სამი ავტორი: უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.

საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი - www.finedu.gov.ge  მხარდამჭერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უერთდება აღნიშნულ თარიღსა და წიგნის საყოველთაო და განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეას და ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზაციისა და მათი სხვადასხვა სფეროში ინტეგრირებულობის წარმოჩენის მიზნით აცხადებს კონკურსს სკოლებისა და მასწავლებლებისთვის  სახელწოდებით "ასწავლე ფინანსები ლიტერატურით".

კონკურსის ფარგლებში სკოლებში ჩატარდება გაკვეთილი ან სხვა ტიპის აქტივობა, რომლის ფარგლებშიც, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს მხატვრულ ნაწარმოებს და დაუკავშირებს ფინანსური განათლების საკითხ(ებ)ს. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ღონისძიების ამსახველი ბმული სკოლის ფეისბუქ გვერდიდან,  სკოლამ / მასწავლებელმა უნდა გააზიაროს ფინედუს საკონკურსო პოსტის კომენტარში.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება როგორც გამარჯვებული სკოლები, ისე გამარჯვებული მასწავლებლები, რომლებმაც ჩაატარეს საკონკურსო ღონისძიება.

კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინედუ, მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზის ბანკი და კრედო ბანკი. 

კონკურსის მთავარი იდეაა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრონ ფინანსური განათლების საკითხები და დაინახონ მათი აქტუალობა და მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ლიტერატურაში.

კონკურსში მონაწილეობა  31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.  გამარჯვებულები კი 5 მაისს გამოცხადდება

გამარჯვებული სკოლები საჩუქრად ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაძენად გამომცემლობ(ებ)ის 500 ლარიან ვაუჩერებს, ხოლო გამარჯვებული მასწავლებლები 1 წლიან წვდომას ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" ბიბლიოთეკასა და გამომცემლობ(ებ)ის 50 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ.

კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ აქ