კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსი „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“

1. კონკურსის იდეა, მიზანი და ზოგადი შინაარსი

ფინანსური განათლება თანამედროვე სამყაროში საბაზისო ცხოვრებისეულ კომპეტენციად მიიჩნევა. ფინანსურად განათლებულ მომხმარებლებს უკეთ ესმით ფინანსური საკითხებისა და პროდუქტების არსი, აქვთ სათანადო ცოდნა, უნარი და რწმენა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, იღებენ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, იციან ვის მიმართონ რჩევისათვის და მოქმედებენ ისე, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობის დონე. 

საუკეთესო პრაქტიკისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, ფინანსური განათლება რაც შეიძლება ადრე, სასკოლო ასაკიდან უნდა იწყებოდეს. ასეთ შემთხვევებში სწავლება უფრო ეფექტურია და  მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისა და გრძელვადიანი ფინანსური კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ფინანსური წიგნიერების საკითხებსაც ითვალისწინებს. იმავდროულად, მნიშვნელოვანია სწავლების მეთოდებზე მუშაობა და ფინანსური განათლების ზოგად განათლებასთან ინტეგრაცია. ამ მხრივ, მნიშვნელოვნად მიიჩნევა ლიტერატურის, როგორც განათლების მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხის გამოყენებაც ფინანსური განათლების მისაწოდებლად.

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს თარიღი „UNESCO-ს“ მიერ 1995 წელს დაწესდა  და მიზნად ისახავს წიგნის კითხვის წახალისებისა და ავტორების პატივისცემის იდეას, ასევე, წიგნების მასშტაბური შესაძლებლობების წარმოჩენას - დააკავშიროს ერთმანეთთან წარსული და აწმყო, გააბას ხიდები განსხვავებულ თაობებსა და კულტურებს შორის. თავად თარიღი, 23 აპრილი სიმბოლურ ხასიათსაც ატარებს, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი სამი ავტორი: უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პორტალი - www.finedu.gov.ge  (შემდგომში - "ფინედუ") მხარდამჭერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უერთდება აღნიშნულ თარიღსა და იდეას და ასევე,  სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზისბანკის" და სს "კრედო ბანკის" მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით "ასწავლე ფინანსები ლიტერატურით". 

კონკურსის ზოგადი მიზნები და ამოცანებია:

  1. მასწავლებელთა მოტივირებას ფინანსური განათლების საკითხებით მეტად დაინტერესება და ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარება;
  2. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტურად სწავლების მიზნით მასწავლებელთათვის დამხმარე მასალების შეკრება;
  3. მოსწავლე ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტურობის ზრდას.

კონკურსის ფარგლებში სკოლის დაინტერესებული წარმომადგენელი სკოლაში ჩაატარებს აქტივობას/ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებთან განიხილავს მხატვრულ ნაწარმოებს, სადაც მოცემულია და/ან დასკვნა კეთდება  ფინანსური განათლების  საკითხებთან დაკავშირებით. ჩატარებული აქტივობის აღწერა და შესაბამისი მასალები კი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი გახდება სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

2. კონკურსის ზოგადი პირობები

2.1 კონკურსის სახელწოდება: "ასწავლე ფინანსები ლიტერატურით";

2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 23 აპრილი, 2024 წელი; 

2.3 კონკურსი დასრულდება 2024 წლის 31 მაისს  და შესაბამისი გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის 05  ივნისს;

2.4 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებულ ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლას/მასწავლებელს;

2.5 კონკურსში მონაწილეობით, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი კონკურსის პირობებით გამოგზავნილ მასალებზე საკუთრების უფლებას გადასცემს "ფინედუს" და საქართველოს ეროვნულ ბანკს. მიღებული ნამუშევრები შესაძლოა გამოქვეყნდეს მითითებული სუბიექტების მიერ სხვადასხვა ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის "Facebook-ის", "Instagram-ის", "Linkedin-ის" გვერდებსა და "Youtube-ის" არხზე ავტორის ვინაობის შესაბამისი მითითებით და რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, კონკურსში მონაწილეობით პირი აცხადებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკის და "ფინედუს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. კონკურსში მონაწილეობის პირობები:

3.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

  • კონკურსანტ სკოლაში (შემდგომში - "კონკურსანტი სკოლა") სკოლის დაინტერესებულმა წარმომადგენელმა (შემდგომში - "კონკურსანტი მასწავლებელი") უნდა ჩატარდეს ნებისმიერი სახის ღონისძიება,მაგ.: ღია გაკვეთილი, დადგმა, დისკუსია, პროექტი და ა.შ.(შემდგომში - "ღონისძიება") რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები კონკურსანტ მასწავლებელთან ერთად განიხილავენ მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოებს, რომელშიც პირდაპირ მოცემულია და/ან ახსნილია და/ან მკითხველს შეუძლია მოიაზროს ფინანსური განათლების საკითხები, მასთან დაკავშირებული გამოწვევები, სირთულეები თუ შესაძლებლობები და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. ღონისძიება მიზნად უნდა ისახავდეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის ამაღლებას და/ან სწორი ქცევების წახალისებას და/ან გონივრული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას;
  • ღონისძიების აღწერა პოსტის სახით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციას ღონისძიების ჩატარების ადგილის, განხილული მხატვრული ნაწარმოების, აქტივობის მიმდინარეობის შესახებ  (შემდგომში - "საკონკურსო პოსტი"), კონკურსანტმა სკოლამ უნდა განათავსოს სკოლის ოფიციალურ "Facebook" გვერდზე 2024 წლის 31 მაისის 23:59 საათის ჩათვლით. პოსტში მონიშნული უნდა იყოს „ფინედუს“ ოფიციალური "Facebook" გვერდი. გარდა აღნიშნულისა, ხსენებული პოსტი უნდა იყოს საჯარო (ე.წ. "Public") და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ასევე, პოსტის ტექსტში ასახული უნდა იყოს იმ ნაწარმოების და ავტორის დასახელება, რომლის ირგვლივაც ჩატარდა ღონისძიება, ფინანსური განათლების საკითხი, რომელიც განხილული იქნა ნაწარმოების ჭრილში, მიგნებები, დასკვნები და სხვა. სასურველია, პოსტს ერთვოდეს ღონისძიების ამსახველი სურათები;
  • კონკურსანტმა სკოლამ ან კონკურსანტმა მასწავლებელმა ან სკოლის ნებისმიერმა სხვა, უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საკონკურსო პოსტის შესაბამისი ბმული მცირე ინფორმაციასთან ერთად უნდა დადოს "ფინედუს" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე გამოქვეყნებული კონკურსის პოსტის კომენტარად (შემდგომში - "საკონკურსო კომენტარი");
  • შეცვლილი (ე.წ. "Edited") საკონკურსო კომენტარი გამოეთიშება კონკურსს;
  • კონკურსანტმა მასწავლებელმა 2024 წლის 31 მაისის 23:59 საათის ჩათვლით, "ფინედუს" ოფიციალურ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე - info@finedu.gov.ge უნდა გამოგზავნოს ჩატარებული ღონისძიების აღწერის ფორმა "MS Word-ის" ან/და "PDF" ფორმატით (შემდგომში - "საკონკურსო ნამუშევარი") და ის უნდა შეავსოს ამ კონკურსის დანართში მოცემული შაბლონის მიხედვით; დანართი - შაბლონი
  • ნამუშევების მოწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც არ ბოლოვდება "დომეინით" ".ru". სხვა შემთხვევაში კონკურსანტის ნამუშევრის ადრესატამდე მიწოდება შეუძლებელი იქნება.

3.2 ფინანსური განათლების საკითხები, რომელიც იქნება განხილული ღონისძიებაზე შესაძლოა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე თემას:

  • ფული;
  • დაზოგვა;
  • დაზღვევა;
  • პირადი ფინანსების მართვა (საჭიროება და სურვილი, პრიორიტეტების დალაგება შესაძლებლობების მიხედვით), 
  • კერძო და საჯარო საკუთრება;
  • ქველმოქმედება;
  • ადგილობრივი ბიუჯეტი;
  • სახელმწიფო ბიუჯეტი;
  • ფინანსური ორგანიზაციები და პროდუქტები;
  • გააზრებული სესხი;
  • ბაზარი;
  • მომხმარებლის უფლებები;
  • ფინანსური თაღლითობა და უსაფრთხოება;
  • ინვესტიცია;
  • კონკურენცია;
  • ვალუტა და გაცვლითი კურსი.

3.3 ღონისძიება ჩატარებული უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისათვის;

3.4 კონკურსანტ სკოლაში  შესაძლოა ჩატარდეს ერთზე მეტი ღონისძიება, ამასთან, თითოეული ეს ღონისძიება ასახული უნდა იყოს ერთი პოსტის სახით და გაზიარებული უნდა იყოს დამოუკიდებელ კომენტარად;

3.5 საკონკურსო პოსტი შექმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;

3.6 ღონისძიების იდეა/აღწერა  არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"  საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს და/ან ზნეობის ნორმებს; 

4. გამარჯვებულების გამოვლენის პირობები:

4.1 კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის 05 ივნისს.

4.2 კონკურსში გამარჯვებულად დასახელდება არაუმეტეს 10 (ათი) კონკურსანტი სკოლა და არაუმეტეს 20 (ოცი) კონკურსანტი მასწავლებელი, საიდანაც არაუმეტეს 9 (ცხრა) სკოლა და არაუმეტეს 19 (ცხრამეტი) მასწავლებელი გამარჯვებულად შეირჩევა კონკურსის "Facebook" პოსტზე კომენტარის რიგითობის მიხედვით, ხოლო 1 (ერთ) სკოლას და 1 (ერთ) მასწავლებელს "ფინედუს რჩეულის" სახით გამოავლენს ფინედუ;

4.3 კომენტარების რიგითობაში გაითვალისწინება მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც: (ა) თემატურად და შინაარსობრივად პასუხობდნენ კონკურსის იდეას და მითითებულ საკითხებს, (ბ) კომენტარი და ღონისძიების აღწერა მოწოდებულია დადგენილ ვადებში, (გ) მოწოდებული ღონისძიების აღწერის შაბლონი შევსებული იყო სრულად და (დ) კომენტარი არ ყოფილა დაკორექტირებული (edited);

4.4 ერთი კონკურსანტი სკოლა და ერთი კონკურსანტი მასწავლებელი გამარჯვებულად შესაძლოა დასახელდეს მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობისა;

4.5 ერთი ღონისძიებისთვის გამარჯვებულად გამოვლინდება მხოლოდ ერთი მასწავლებელი, მიუხედავად მის განხორციელებაში ჩართული მასწავლებლების რაოდენობისა. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად დასახელდება ის მასწავლებელი, რომელიც ღონისძიების აღწერაში პირველად იყო მითითებული;

4.6 "ფინედუს"რჩეული შეიძლება გახდეს ნებისმიერი კონკურსანტი სკოლა, მათ შორის, ის სკოლა, რომელიც რიგითობის მიხედვით მოხვდა გამარჯვებულ სკოლებს შორის.

5. კონკურსის პრიზები და მათი გადაცემის წესი

5.1 გამარჯვებულ სკოლებს, მათ შორის, "ფინედუს" რჩეულ სკოლას, გადაეცემათ წიგნების გამომცემლობის 500 (ხუთასი) ლარიანი ვაუჩერი სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაძენად; 

5.2 გამარჯვებული მასწავლებლები მიიღებენ პრიზს - ერთ წლიან წვდომას ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" ბიბლიოთეკაზე და წიგნების გამომცემლობის 50 (ორმოცდაათი) ლარიან ვაუჩერს;

5.3 გამარჯვებული კონკურსანტისთვის პრიზების გადაცემა მოხდება გამარჯვებულების გამოცხადებიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის ვადაში. 

6. საკონტაქტო ინფორმაცია 

  • მისამართი: საქართველო, თბილისი, 0114, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
  • ცხელი ხაზი: (+995)0322406406; 
  • ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge; 
  • ვებ-გვერდი: https://nbg.gov.ge/, https://www.finedu.gov.ge/
  • "Facebook-ის" ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge /. 

7. სასარგებლო ინფორმაცია: