კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუზე ნახატების კონკურსი "ფული და მშვიდობა" დაიწყო

ნახატების კონკურსი
გლობალური ფულის კვირეული მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

გლობალური ფულის კვირეულის (კვირეული) აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge (ფინედუ) პარტნიორებთან ერთად, წელს მერვედ შეუერთდება. მიმდინარე წელს კვირეული 21-დან 27 მარტის ჩათვლით აღინიშნება. წლევანდელი კვირეულის დევიზია - „შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!“ („Build your future, be smart about money!“)

ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,  რამდენადაც სწორედ ადრეული ასაკიდანვე მიღებული ცოდნა და განვითარებული ჯანსაღი ქცევები და დამოკიდებულებები დაეხმარება ახალგაზრდებს მიიღონ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები, ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან მომხმარებლებად და იზრუნონ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე.

2022 წლის კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესების, ახალგაზრდებში ფულის ისტორიის, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისების მიზნით, ასევე, უკრაინის მხარდაჭერის, მშვიდობისა და თავისუფლების ღირებულებების მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნითსაქართველოს ეროვნული ბანკი და ფინედუ აცხადებს ფულის თემაზე ნახატების ღია კონკურსს  სახელწოდებით "ფული და მშვიდობა". კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ ნახატების მეშვეობით წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა, მოსაზრებები და დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებზე, ქართული და უკრაინული ფულისა და ზოგადად, ფინანსური საკითხების მიმართ და შეეცდებიან უპასუხონ შემდეგ კითხვას: როგორი მინდა, რომ იყოს ფული მშვიდობიან და თავისუფალ სამყაროში?

კონკურსის დაწყების თარიღია 2022 წლის 11 მარტი. ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 21 მარტი. საკონკურსო ნამუშევრების განხილვა და 10 გამარჯვებული ნახატის გამოვლენა მოხდება 2022 წლის 26 მარტს. 5 გამარჯვებული გამოვლინდება კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომელშიც შევლენ საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპერტები, 5 გამარჯვებული კი გამოვლინდება კომენტარებზე რეაქციების მიხედვით, რომელიც დაითვლება 25 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელის დაფიქსირებაც შესაძლებელია ფეისბუქის პოსტზე. 

კონკურსის შესახებ დეტალურ პირობებს გაეცანით ბმულზე.