კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გლობალური ფულის კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი

ნახატების კონკურსი
გლობალური ფულის კვირეული, მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს გარშემო 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

გლობალური ფულის კვირეულის (შემდგომში - „კვირეული“) აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“), პარტნიორებთან ერთად, წელს მერვედ უერთდება. მიმდინარე წელს კვირეული 21-დან 27 მარტის ჩათვლით აღინიშნება. წლევანდელი კვირეულის დევიზია - „შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!“ („Build your future, be smart about money!“)

ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,  რამდენადაც სწორედ ადრეული ასაკიდანვე მიღებული ცოდნა და განვითარებული ჯანსაღი ქცევები და დამოკიდებულებები დაეხმარება ახალგაზრდებს მიიღონ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები, ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან მომხმარებლებად და იზრუნონ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე.

2022 წლის კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესების, ახალგაზრდებში ფულის ისტორიის, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისების მიზნით, ასევე, უკრაინის მხარდაჭერის, მშვიდობისა და თავისუფლების ღირებულებების მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკი და „ფინედუ“ აცხადებს ფულის თემაზე ნახატების ღია კონკურსს  სახელწოდებით „ფული და მშვიდობა“. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ ნახატების მეშვეობით წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა, მოსაზრებები და დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებზე, ქართული და უკრაინული ფულისა და ზოგადად, ფინანსური საკითხების მიმართ და შეეცდებიან უპასუხონ შემდეგ კითხვას: როგორი მინდა, რომ იყოს ფული მშვიდობიან და თავისუფალ სამყაროში?

ფულის თემაზე ნახატების ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ შემდეგი პირობების გათვალისწინებით.

 

კონკურსის ტიპი:

ღია კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 წლამდე ასაკის  ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს ნამუშევარს დადგენილ ვადებში.

განცხადების გამოქვეყნების თარიღი: 11 მარტი, 2022 წ. 

 

კონკურსის პირობები:

კონკურსანტს მოეთხოვება ხატვის კონკურსისთვის ნამუშევრების მომზადება-წარდგენისას გაითვალისწინოს შემდეგი პირობები:

1. ნახატი უნდა პასუხობდეს მოცემულ საკონკურსო პირობებს, ხელს უწყობდეს ქართული და/ან უკრაინული ფულის ნიშნების პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას, ორი სახელმწიფოს მეგობრობისა და საყოველთაო მშვიდობის მხარდაჭერას;

2. ნახატი შექმნილი უნდა იყოს კონკურსანტის მიერ სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში; 

3. ნახატი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართელოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს; 

4. კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი საკუთრების უფლებას გადასცემს „ფინედუს“. მიღებული ნახატები გამოქვეყნდება „ფინედუს“ ვებ-გვერდსა და შესაბამის სოციალურ არხებზე და მიეთითება ავტორის ვინაობა. „ფინედუ“ ნახატებს გაავრცელებს მისი სხვადასხვა არხით, მათ შორის, სოციალური ქსელით, სხვადასხვა დაინტერესებული პირებისთვის გაზიარების გზით. ასევე, ნახატის ვებ-გვერდიდან წაშლა მხოლოდ „ფინედუს“ გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს. ნახატები ისევე, როგორც ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სხვა მასალა, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

5. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ მიიღოს ან წაშალოს კომენტარებიდან ისეთი ნახატები, რომლებიც არღვევს კონკურსის პირობებს.

6. კონკურსის თემაა „ფული და მშვიდობა“

  • კონკურსანტს შეუძლია საკუთარი ინტერპრეტაციით დახატოს მიმოქცევაში არსებული რომელიმე ქართული ან უკრაინული ბანკნოტი ან მონეტა, ან შექმნას ახალი ნომინალი, რომელიც იმავდროულად გამოეხმაურება მშვიდობის თემატიკასაც;
  • კონკურსანტმა ბანკნოტის საკუთარ ნახატებზე, იქ, სადაც რეალურ ბანკნოტებზე მითითებულია საქართველოს ან უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერები, უნდა განათავსოს საკუთარი ხელმოწერა;
  • კონკურსანტმა ან მისი სახელით ნებისმიერმა პირმა ნახატი „ფინედუს“ „ფეისბუქ“ გვერდზე (www.facebook.com/finedu.gov.ge) გამოქვეყნებულ კონკურსის სპეციალური პოსტის კომენტარად უნდა ატვირთოს და მიუთითოს კონკურსანტის სახელი, გვარი და ასაკი;
  • ნახატების გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. ამ შემთხვევაში წერილის სათაურად უნდა მიუთითოს „ნახატების კონკურსი“, ხოლო წერილის შინაარსში - კონკურსანტის სახელი, გვარი და ასაკი. ასეთ შემთხვევაში „ფინედუს“ შესაბამისი წარმომადგენელი მიღებულ ნახატს კონკურსანტის სახელით თავად ატვირთავს „ფინედუს“ „ფეისბუქ“ გვერდზე (www.facebook.com/finedu.gov.ge).

7. მხატვრული შესრულების მოთხოვნები:

ქართული ფულის დიზაინი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ელემენტებს:

  • ვალუტის დასახელება ქართულ ენაზე და ნომინალი ციფრებით - მაგ. „5 ლარი“, „10 ლარი“, „50 თეთრი“, ა.შ;
  • ემიტენტი ქვეყნის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე -„საქართველო“, „Georgia”;
  • გამოშვების წელი - „2022“;
  • ბანკნოტისთვის ლარის სიმბოლო - „₾“; მონეტისთვის: ლარის სიმბოლო-„₾“ ან სიტყვა - „თეთრი“;

უკრაინული ფულის დიზაინი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ელემენტებს:

  • ვალუტის დასახელება უკრაინულ ენაზე და ნომინალი ციფრებით - მაგ. „200  гривень“, „50 копійок“, ა.შ.;
  • ემიტენტი ქვეყნის დასახელება უკრაინულ ენაზე - „Україна“;
  • გამოშვების წელი - „2022“;
  • ბანკნოტისთვის გრივნის სიმბოლო - „₴“;  მონეტისთვის: სიტყვა - „гривень“, „гривні“, „гривня“, „копійок“.

კონკურსანტს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს და დიზაინში გამოიყენოს ნებისმიერი დამატებითი ესკიზი, წარწერა, სიმბოლო და ა.შ;

8. ტექნიკური შესრულების მოთხოვნები:

  • საკონკურსო ნახატის ფოტო ვერსია უნდა იყოს მაღალი ხარისხის და კარგად აღქმადი/გარჩევადობის მაღალი მაჩვენებლით.
  • ნახატის შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი მასალა - აკვარელი, ზეთის საღებავი, ფანქარი, ფლომასტერი, და ა.შ. 

 

ნაშრომების საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოდგენის ვადა:

საკონკურსო მასალების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 21 მარტი

 

ნამუშევრების განხილვისა და გამარჯვებულების გამოვლენის ვადები და პირობები:

1. საკონკურსო ნამუშევრების განხილვა და 10 გამარჯვებული ნახატის გამოვლენა მოხდება 2022 წლის 26 მარტს. 5 გამარჯვებული გამოვლინდება კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომელშიც შევლენ საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპერტები, 5 გამარჯვებული კი გამოვლინდება კომენტარებზე რეაქციების მიხედვით, რომელიც დაითვლება 25 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელის დაფიქსირებაც შესაძლებელია „ფეისბუქის“ პოსტზე. 

2. გამარჯვებული ნამუშევრები ფინანსური განათლების პორტალზე - www.finedu.gov.ge და „ფეისბუქის“ გვერდზე - https://www.facebook.com/finedu.gov.ge გამოქვეყნდება. ნამუშევრები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა პროექტებში და/ან გამოცემებში. 

3. გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმბოლურ საჩუქრებსა და საგანმანათლებლო მასალებს:

  • წიგნი-ალბომი „ფული საქართველოში“
  • ჰუდი ფინედუსა და გლობალური ფულის კვირეულის სიმბოლიკით
  • საგანმანათლებლო ბროშურები “მოგზაურობა ფულის სამყაროში“ და „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“
  • სერტიფიკატი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

- მისამართი: საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2 

- ცხელი ხაზი: (+995 32)2406406 

- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge

- ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/

- „ფეისბუქის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/

 

სასარგებლო ინფორმაცია:

ინფორმაცია ქართული ფულის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე: https://nbg.gov.ge/georgian-money

ინფორმაცია უკრაინული ფულის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ უკრაინის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე: https://bank.gov.ua/en/uah

ამას გარდა, საინტერესო ფაქტები  ქართული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ შეგიძლიათ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ვებგვერდზე მოიძიოთ: https://www.moneymuseum.nbg.gov.ge/main.php 

საინტერესო ფაქტები უკრაინია ბენკნოტებისა და მონეტების შესახებ შეგიძლიათ უკრაინის ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ვებგვერდზე მოიძიოთ: https://museum.bank.gov.ua/museum/en.html