მასწავლებელთა ტრენინგი ამჯერად ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 17-19 ივნისს ჩატარდა. ტრენინგზე განხილული იყო ეროვნული სასწავლო გეგმით „მოქალაქეობის“ საგანში ინტეგრირებული ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, მათ შორის: ფული, ბაზარი და ფასი, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, პირადი ფინანსების მართვა, საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები, ფინანსური უსაფრთხოება და მომხმარებლის უფლებები. კურსი, სტანდარტულად, თეორიული საკითხების მიწოდებასთან ერთად პრაქტიკულ აქტივობებსა და სიმულაციებსაც ითვალისწინებდა.
ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და სრული სასწავლო მასალა.
იმ მასწავლებლებისთვის კი, ვინც ტრენინგზე ფიზიკურად დასწრებას ვერ ახერხებენ, ონლაინ ტრენინგი 23-27 ივნისს არის დაგეგმილი.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა და სწავლების აქტიური მეთოდები მასწავლებლებს, ერთი მხრივ, მოქალაქეობის საგანის სწავლებისას საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილების დაგეგმვაში დაეხმარება, მეორე მხრივ, კი სხვა გაკვეთილებსა თუ საკლუბო მუშაობის პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობებს გააფართოებს.
მასწავლებელთა ტრენინგების შესახებ ინფორმაცია ფინედუს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე პერიოდულად ქვეყნდება, ტრენინგის გავლა კი ნებისმიერ დარეგისტრირებულ მასწავლებელს უფასოდ შეუძლია.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2018 წლიდან ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის და დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება. დღემდე ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდა 800-ზე მეტი მასწავლებელი.