კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

„ფინანსური განათლება სკოლაში“ - საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულდა

მასწავლებელთა კონკურსის - "ფინანსური განათლება სკოლაში" ფარგლებში ნამუშევრების მიღება დასრულდა. 

კონკურსი ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუზე"  მიმდინარე წლის 12 ივნისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეეძლო.

კონკურსის მიზანი მასწავლებელთა ფინანსური განათლების საკითხებით უფრო მეტად დაინტერესება და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნაა, რაც მოსწავლეებში ამ საკითხების სწავლების პროცესის ეფექტურობას შეუწყობს ხელს.  

კონკურსით დადგენილ ვადებში სულ 65 ნამუშევარი შემოვიდა, რომლებიც სამივე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) მოსწავლეებისთვის ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად სასწავლო აქტივობებს გულისხმობს.

მიღებული ნამუშევრები დაიშიფრება და კონფიდენციალურობის სრული დაცვით კონკურსის ჟიურის გაეგზავნება შესაფასებლად. ჟიურის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენლები არიან. 

კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე, 2024 წლის 15 იანვარს ჟიური 20 ფინალისტს შეარჩევს, კონკურის საბოლოო გამარჯვებულები კი 24 იანვარს გამოვლინდებიან, როდესაც  ოცივე შერჩეული კონკურსანტი საკუთარ ნამუშევრებს ჟიურის წევრებს ფინალურ ღონისძიებაზე წარუდგენს. 

კონკურსი ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზისბანკის", სს "ლიბერთი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "პსპ დაზღვევის" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის"  ჩართულობითა და მხარდაჭერით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ კონკურსის პირობები.