კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნულ ბანკში მასწავლებელთა ტრენინგები გრძელდება

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge) ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრირებულ ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს.

მასწავლებელთა ტრენინგები ოქტომბერში 2 ნაკადად - ონლაინ და ფიზიკური მონაწილეობის ფორმატით ჩატარდა. 5-დღიან ტრენინგზე განხილული იყო საგან „მოქალაქეობაში“ შემავალი ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, მათ შორის: ფული, ბაზარი, პირადი ბიუჯეტი, დაზოგვა, სესხება, დაზღვევა, ფინანსური თაღლითობა, საფინანსო ორგანიზაციები, მომხმარებლის უფლებები, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები. მასწავლებლები, თეორიული საკითხების გარდა, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და საკლასო აქტივობებსაც გაეცნენ, რაც მათ ინტერაქტიური გაკვეთილების დაგეგმვაში, მათ მოსწავლეებს კი საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში დაეხმარებათ.

ტრენინგის მონაწილეებს,  სერტიფიკატები და დამხმარე სასწავლო მასალა გადაეცათ.

მასწავლებელთა გადამზადების პროცესი ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის და დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება. დღემდე ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდა 770-ზე მეტი მასწავლებელი.