კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაზოგვის მსოფლიო დღე 2025

31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა!

ეს თარიღი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წელს უკვე 101-ედ აღინიშნება.

დაზოგვის მსოფლიო დღის ისტორია 1924 წელს, იტალიის ქალაქ მილანში იწყება, დღესდღეობით კი მას თანამედროვე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. ამ დღის მიზანი მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისებაა.

საქართველო დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნას 2012 წლიდან უერთდება და მას სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობით აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად იგეგმება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული პროექტი - "მოიწვიე ფინედუ კლასში".

წლევანდელი კამპანია ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესაც ეძღვნება. სწორედ ამიტომ, პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში ფინედუს დესპანები სკოლებს ესტუმრებიან: ვიზიტები 2 ოქტომბერს, ლარის გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადების დღეს დაიწყება და გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე, დაზოგვის მსოფლიო დღემდე. ფინედუს დესპანები V-XII კლასების მოსწავლეებისათვის თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით სახალისო და გამორჩეულ აქტივობას ჩაატარებენ.

დაზოგვის მსოფლიო დღის 2025 წლის კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ პროექტში „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ჩასართავად და მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.