საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის - www.finedu.gov.ge ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ფინანსური სექტორი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს უკვე მესამედ აღნიშნავს და აცხადებს ფოტოკონკურსს, სახელწოდებით „დაიჭირე ფინანსური კადრი“.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება; ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი ქმედებების ჩამოყალიბება და დამოკიდებულებების გაუმჯობესება; ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება.
კონკურსის ფარგლებში ფოტო ნამუშევრების მიღება 12 აგვისტოს დაიწყება და 27 აგვისტომდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს კონკურსში ჩასართავად ევალებათ, გადაიღონ ფოტოსურათი ფინანსური განათლების თემაზე, მოიფიქრონ შესაბამისი სლოგანი და იდეის აღწერა. ფოტოსურათზე აღბეჭდილი კადრი უნდა ატარებდეს საინფორმაციო, მამოტივირებელ ან გამაფრთხილებელ იდეას.
კონკურსის მხარდამჭერები არიან: ბაზის ბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“, რე | ბანკი, საქართველოს ბანკი და ახალგაზრდობის სააგენტო.
კონკურსის გამარჯვებულებისათვის დაწესებულია შემდეგი პრიზები:
- „ყველაზე დასამახსოვრებელი ახალგაზრდული კადრი“ – 2,000 (ორი ათასი) ლარი.
- “საუკეთესო ფინანსური იუმორი“ - 2,000 (ორი ათასი) ლარი.
- I ადგილის მფლობელი - 2,000 (ორი ათასი) ლარი.
- II ადგილის მფლობელი - 1,000 (ათასი) ლარი.
- III ადგილის მფლობელი - 500 (ხუთასი) ლარი.
- მომხმარებლის რჩეული“ - 500 (ხუთასი) ლარი.
1999 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული თარიღიდან ეს დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება და ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.
კონკურსის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.