კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი

1. კონკურსის იდეა და მიზანი

12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას 1999 წლიდან გაეროს ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაში ახალგაზრდების როლის მნიშვნელობის აღნიშვნა და წახალისებაა. 

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წელს უკვე მესამედ უერთდება და აცხადებს ფოტოკონკურსს, სახელწოდებით „დაიჭირე ფინანსური კადრი“. 

კონკურსის ფარგლებში შერჩეული ნამუშევრები „ფინედუს“ ვებ-გვერდსა - www.finedu.gov.ge და მის სოციალურ არხებში - „Facebook“, „Instagram“, “LinkedIn” და „TikTok” გვერდებზე გამოქვეყნდება და საზოგადოებასა და ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

კონკურსის მიზნები:

  • ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება;
  • ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი ქმედებების ჩამოყალიბება და დამოკიდებულებების გაუმჯობესება;
  • ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება.

კონკურსი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ორგანიზებით, სს „ბაზისბანკის“, სს „კრედო ბანკის“, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის“, სს „პაშა ბანკი“ (რე ბანკი) სს „საქართველოს ბანკის“, სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“  და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობითა და მხარდაჭერით.

 

2. კონკურსის ზოგადი პირობები

2.1 კონკურსის სახელწოდება: „დაიჭირე ფინანსური კადრი“;

2.2 კონკურსი დაიწყება 2023 წლის 12 აგვისტოს, დასრულდება 2023 წლის 17 სექტემბერს და განხორციელდება საკონკურსო პირობების მე-5 თავში მოცემული ეტაპების შესაბამისად;

2.3 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ 14-29 წლის ფიზიკურ პირებს; (1994 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული პირები)

2.4 ერთი კონკურსანტის მხრიდან წარმოსადგენი ნამუშევრების რაოდენობა არ იზღუდება. 

 

3. საკონკურსო მოთხოვნები

3.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებს მოეთხოვებათ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი: (ა) გადაიღონ ფოტოსურათი ფინანსური განათლების ერთ ან რამდენიმე თემაზე, (ბ) მოიფიქრონ შესაბამისი სლოგანი, (გ) მოამზადონ ფოტოსურათის იდეის აღწერა („ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ერთობლიობაში ქვემოთ მოხსენიებულია, როგორც „ნამუშევარი“) და (დ) გამოგზავნონ კონკურსის ორგანიზატორთან;

3.2 ნამუშევრის ფოტოსურათი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: მასზე აღბეჭდილი კადრი უნდა ატარებდეს საგანმანათლებლო: საინფორმაციო და/ან მამოტივირებელ და/ან გამაფრთხილებელ იდეას და აუცილებლად უნდა ეხმიანებოდეს ქვემოთ მოცემული ფინასური განათლების თემებიდან ერთ ან რამდენიმე საკითხს:

  • პირადი ბიუჯეტი;
  • დაზოგვა;
  • დაზღვევა;
  • სესხება;
  • ინვესტირება;
  • ფინანსური უსაფრთხოება;
  • ბუნებრივი რესურსების დაცვა და მდგრადი ეკონომიკა.

3.3 ნამუშევრის სლოგანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უნდა პასუხობდეს ფოტოსურათის იდეას და ფოტოსურათის მსგავსად უნდა იყოს საგანმანათლებლო: საინფორმაციო და/ან მამოტივირებელი და/ან გამაფრთხილებელი ხასიათის. სლოგანის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 სიტყვას. სლოგანი არ უნდა იყოს აღბეჭდილი ფოტოსურათზე, არამედ მოწოდებული უნდა იყოს მხოლოდ ტექსტის სახით, ქართულ ენაზე; 

3.4 ნამუშევრის  იდეის აღწერა  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: მოცულობა უნდა იყოს 50-100 სიტყვა, შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და ნათლად აყალიბებდეს ფოტოსურათის გადაღების მოტივსა და დანიშნულებას, საჭიროებისამებრ, უნდა აღწერდეს გონივრულ ფინანსურ გადაწყვეტილებას, რომელიც ფოტოსურათის იდეას გაამყარებს.

3.5 ნამუშევარი უნდა იყოს აღქმადი და გასაგები ფართო აუდიტორიისთვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან რომელიმე კონკრეტულ სეგმენტზე; 

3.6 ნამუშევარი შექმნილი უნდა იყოს უშუალოდ მიმდინარე კონკურსისთვის;

3.7 ნამუშევარი არ უნდა იყოს კომერციული ხასიათის, და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

3.8 იმ შემთხვევაში, თუ ნამუშევარი შეიცავს საზოგადოებაში გადაღებულ ფოტო მასალას, კონკურსანტი ვალდებულია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სათანადო პერსონალურ მონაცემთა სუბიექტისგან ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან მოიპოვოს შესაბამისი თანხმობა.

3.9 ნამუშევარი, რომელიც არღვევს კონკურსის პირობებს, მათ შორის, არასრული სახით (მაგალითად, მხოლოდ ფოტოსურათის ფაილი სლოგანისა და იდეის აღწერის გარეშე) მოწოდებული ნამუშევარი გამოეთიშება კონკურსს;

3.10 კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსანტი/ავტორი საკონკურსო ნამუშევარზე საკუთრების უფლებას გადასცემს „ფინედუს“. მიღებული საკონკურსო ნამუშევრები  შესაძლოა, მოგვიანებითაც გამოქვეყნდეს „ფინედუს“ ვებ-გვერდსა და მის სოციალურ ქსელებში, მათ შორის „Facebook“, „Instagram“, „Linkedin“ „TikTok” გვერდებსა და „Youtube“ არხზე შესაბამისი ავტორის მითითებით. 

 

4. ნამუშევრების მოწოდება 

4.1 კონკურსანტმა ნამუშევარი უნდა გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge

4.2 კონკურსანტს ელექტრონული წერილის პასუხად გაეგზავნება ნამუშევრის მიღების დასტური არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი კონკურსის ფარგლებში მიღებულად არ ჩაითვლება. აღნიშნული საპასუხო წერილით დადასტურდება მხოლოდ ნამუშევრის მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. ნამუშევრების მოწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლებიც არ ბოლოვდება დომეინით „.ru“. სხვა შემთხვევაში, კონკურსანტის ნამუშევრის მიღება შეუძლებელი იქნება;

4.3 ელექტრონული წერილის სათაურის ველში კონკურსანტმა უნდა მიუთითოს შემდეგი ტექსტი - „ფოტოკონკურსი „დაიჭირე ფინანსური კადრი“. გზავნილის შინაარსში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ჩამოთვლილი ინფორმაცია:

  • კონკურსანტის სახელი და გვარი სრულად;
  • კონკურსანტის პირადი ნომერი;
  • კონკურსანტის ასაკი ან დაბადების წელი;
  • ნამუშევრის თემა/თემები;
  • ნამუშევარი სრულად (ფოტოსურათის აღწერა, სლოგანი, ფოტოსურათის ფაილი).

4.4 იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათის მოცულობა აჭარბებს მეილით გასაგზავნი ფაილის დასაშვებ ნორმას, კონკურსანტმა მის მიერ გადაღებული ნამუშევარი უნდა გამოგზავნოს "Wetransfer.com" ან "Google Drive" ან სხვა რელევანტური არხი/საშუალებით;

4.5 კონკურსანტმა ნამუშევარი უნდა გამოგზავნოს 26 აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით. დაგვიანებით მიღებული ნამუშევრები კონკურსს გამოეთიშებიან. 

 

5. კონკურსის ჩატარების ეტაპები

5.1 საკონკურსო ფოტოსურათები მიიღება 2023 წლის 12 აგვისტოდან - 26  აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით;

5.2 კონკურსის 1-ელი ეტაპი - ფინალისტების გამოვლენა: კონკურსის პირველ ეტაპზე ჟიურის მიერ გამოვლინდება არაუმეტეს 20 (ოცი) რჩეული ნამუშევარი (ფინალისტი), რომლებიც 1-ელ სექტემბერს გამოქვეყნდება ფინედუს “Facebook” გვერდზე; 

5.3 კონკურსის მე-2 ეტაპი - გამარჯვებულების გამოვლენა: ფინალისტი ნამუშევრებიდან 17 სექტემბერს გამოვლინდება 6 (ექვსი) გამარჯვებული, საიდანაც ხუთს კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ გამოავლენს კონკურსის ჟიური, ხოლო მეექვსე გამარჯვებული კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ გამოვლინდება „Facebook”-ზე გამოქვეყნებულ სურათებზე მომხმარებლების რეაქციების შესაბამისად.

5.4 კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ კონკურსს გამარჯვებულები ეყოლება შემდეგ ნომინაციებში:

  • „ყველაზე დასამახსოვრებელი ახალგაზრდული კადრი“
  • “საუკეთესო ფინანსური იუმორი“
  • I ადგილის მფლობელი;
  • II ადგილის მფლობელი;
  • III ადგილის მფლობელი;

5.5 კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ გამარჯვებული გამოვლინდება რეაქციების მიხედვით, რომელიც დაითვლება 16 სექტემბრის 18:00 საათის მდგომარეობით. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომლის დაფიქსირებაც შესაძლებელია „Facebook“ პოსტზე. ამასთან, კონკურსის ორგანიზატორი (ფინედუ/საქართველოს ეროვნული ბანკი) იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ფეისბუქრეაქციების არაკეთილსინდისიერი გზით და/ან არარეალური მომხმარებლებისაგან მოპოვების შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული რეაქციები არ გაითვალისწინოს რეაქცია ჯამურ რაოდენობაში. 

5.6 გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 2023 წლის 17 სექტემბერს, კონკურსის ფინალურ ღონისძიებაზე;

5.7 ერთმა კონკურსანტმა და/ან ერთმა ნამუშევარმა შესაძლებელია, გაიმარჯვოს ერთდროულად როგორც „ჟიურის რჩეულის“, ასევე „მომხმარებლის რჩეულის“ კატეგორიაში. ამასთან, „ჟიურის რჩეულის“ კატეგორიის თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულად შეიძლება დასახელდეს ერთი კონკურსანტის მხოლოდ ერთი ნამუშევარი.

5.8 „ფინედუ“ იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს ფოტოსურათები და/ან გამოაცხადოს კონკურსი ჩაშლილად, თუ შემოსული ნამუშევრების ხარისხი ან/და თემატიკა არ პასუხობს კონკურსის პირობებს;

5.9 იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ იქნა 20-ზე (ოცი) ნაკლები ნამუშევარი, „ფინედუ“ იტოვებს უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილოს ნამუშევრებიდან გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოვების განსხვავებული წესი.

 

6. ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები

6.1 საკონკურსო ნამუშევარს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • ფოტოსურათის ხარისხი/გარჩევადობა;
  • ფოტოსურათის კრეატიულობა/ორიგინალურობა;
  • ნამუშევარი (ფოტოსურათი, სლოგანი და იდეის აღწერა)  ფინანსური განათლების საკითხების აქტუალურობას ნათლად წარმოაჩენს;
  • ფოტოსურათი, სლოგანი და ნამუშევრის იდეის აღწერა ერთმანეთთან შესაბამისობაშია;
  • ნამუშევარი (ფოტოსურათი, სლოგანი და იდეის აღწერა) არის საგანმანათლებლო/შემეცნებითი ხასიათის;
  • ფოტოსურათი და სლოგანი გონივრული ფინანსური ქცევების მამოტივირებელი ან არაგონივრული ფინანსური ქცევის გამაფრთხილებელია.

 

7. პრიზები

7.1 კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ პრიზებს:

  • „ყველაზე დასამახსოვრებელი ახალგაზრდული კადრი“ – 2,000 (ორი ათასი) ლარი. 
  • “საუკეთესო ფინანსური იუმორი“ - 2,000 (ორი ათასი) ლარი. 
  • I ადგილის მფლობელი - 2,000 (ორი ათასი) ლარი. 
  • II ადგილის მფლობელი - 1,000 (ათასი) ლარი. 
  • III ადგილის მფლობელი - 500 (ხუთასი) ლარი. 
  • მომხმარებლის რჩეული“ - 500 (ხუთასი) ლარი. 

7.2  გამარჯვებულებისათვის პრიზებს აწესებენ და გამარჯვებულების დაჯილდოებას ახორციელებენ შემდეგი ორგანიზაციები: 

  • სს „ბაზისბანკის“, 
  • სს „კრედო ბანკის“, 
  • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის“, 
  • სს „პაშა ბანკი“ (რე ბანკი) 
  • სს „საქართველოს ბანკის“.

 

საპრიზო თანხის გაცემის წესებს და პროცედურებს, მათ შორის, არასრულწლოვანი გამარჯვებულების შემთხვევაში განსაზღვრავს ის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს გამარჯვებულის დაჯილდოებას.

 

8. კონკურსის ჟიური

8.1 კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იქნება შემდეგი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან:

  • საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • სს „ბაზისბანკი“
  • სს „კრედო ბანკი“
  • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“
  • სს „პაშა ბანკი“ (რე ბანკი) 
  • სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“
  • „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“

 

9. საკონტაქტო ინფორმაცია 

  • მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
  • ცხელი ხაზი: (+995 32) 2406406;
  • ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
  • ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/; 
  • „ფეისბუქის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge