საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განთლების პორტალი ფინედუ პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეორედ, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება.
სწორედ ახალგაზრდების იდეების წასახალისებლად, ასევე, ფინანსური განათლების საკითხების მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტზე მორგებული გზებისა და მეთოდების დასაინიცირებლად ცხადდება კონკურსი სახელწოდებით "ახალგაზრდები მოსწავლეებისთვის". კონკურსის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების საკითხების სწავლების ინდივიდუალური ხედვა. კონკურსი ტარდება სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "ბაზის ბანკის", სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის", ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისა" და კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის ჩართულობით.
ნამუშევრების მიღება დაიწყება 12 ივლისს და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსის ფინალური ეტაპი კი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, 12 აგვისტოს ჩატარდება. კონკურსის ჟიური 5 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებსაც დაკავებული ადგილების მიხედვით 1,000-3,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადაეცემათ. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი 3 რჩეულს დაასახელებს და მათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ფინანსური განათლების განყოფილებაში სტაჟირებას შესთავაზებს.
1999 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული თარიღიდან ეს დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება და ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.
კონკურსის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.