კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი

1. კონკურსის იდეა და მიზანი

 1999 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული თარიღიდან ეს დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება და ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალი  www.finedu.gov.ge – (შემდგომში - ფინედუ) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წელს მეორედ უერთდება.  

ინიციატივის ფარგლებში ცხადდება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი, რომლის გამარჯვებულები სწორედ 2022 წლის 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ფინანსური განათლების საკითხებით, ამ მიმართულებით მათი ჩართულობის გაზრდა, ასევე, ისეთი პროექტების/იდეების ინიცირება, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებში ფინანსური განათლების გავრცელების ეფექტური გზებისა და მეთოდების მოძიებას. 

2. კონკურსის ზოგადი პირობები 

  1. კონკურსის სახელწოდება: „ახალგაზრდები მოსწავლეებისთვის“.
  2. კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 12 ივლისი, 2022 წ. 
  3. კონკურსის 1-ელი ეტაპის გამარჯვებულები (ფინალისტები) გამოვლინდებიან 2022 წლის 5 აგვისტოს. 
  4. კონკურსი დასრულდება და გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის 12 აგვისტოს. 
  5. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომლის ასაკი კონკურსის დაწყების თარიღისთვის, 12 ივლისისთვის არის 18-დან 25 წლის ჩათვლით;
  6. თითო კონკურსანტს შეუძლია საკონკურსოდ წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი.
  7. კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსანტი/ავტორი საკონკურსო ნამუშევარზე საკუთრების უფლებას გადასცემს ფინედუს. მიღებული საკონკურსო ნამუშევრები (პროექტები/იდეები) შესაძლოა, მოგვიანებითაც სხვა ფორმით გამოქვეყნდეს ფინედუს ვებ-გვერდსა და მის სოციალურ ქსელებში, მათ შორის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ლინკდინის“ გვერდებსა და იუთუბის არხზე ავტორის მითითებით. 

3. მოთხოვნები საკონკურსო და საპრეზენტაციო ნამუშევრებთან დაკავშირებით 

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტს ევალება:

  • შეიმუშაოს და გამოგზავნოს საკონკურსო პროექტი/იდეა (შემდგომში - საკონკურსო ნამუშევარი), სადაც ასახავს ფინანსური განათლების სასწავლო გეგმას 3 ასაკობრივი სეგმენტის შესაბამისად, კერძოდ:
    • 1-ელიდან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის; 
    • მე-5 -დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის;
    • მე-10 -დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის. 
  • ფინალში გადასვლის შემთხვევაში მოამზადოს და პირადად წარადგინოს საფინალო დავალების შესაბამისად ზემოხსენებული სეგმენტებიდან ერთ-ერთისთვის განკუთვნილი სასწავლო გეგმის სრული/დეტალური პრეზენტაცია (შემდგომში - საკონკურსო პრეზენტაცია). 

2. საკონკურსო ნამუშევარი უნდა მოიცავდეს ზემოაღნიშნული სამივე სეგმენტისთვის შექმნილ სასწავლო გეგმას, აღნიშნულ საკონკურსო განაცხადზე თანდართული №1 დანართის ფორმატით, ქვემოთ მოცემული საკითხების მითითებით:

  • სასწავლო საკითხების აღწერა - მაგალითად: ფული და მისი მნიშვნელობა, ბიუჯეტირება, დაზოგვა, სესხება, ფინანსური უსაფრთხოება, ინვესტირება, ცხოვრებისეულ/ფინანსურ  გამოწვევებთან გამკლავება, მომხმარებელთა უფლებები, დაზღვევა, ფინანსური უსაფრთხოება და სხვა (ფინანსური განათლების საკითხების დეტალურად გასაცნობად კონკურსანტებს შეუძლიათ, ისარგებლონ ფინედუს ვებგვერდით). დასაბუთებული უნდა იყოს, რატომ შეირჩა კონკრეტული საკითხ(ებ)ი ამ კონკრეტული სეგმენტისთვის;
  • სწავლების მეთოდი -  რომელი სწავლების ფორმაც უნდა აირჩიოს კონკურსანტმა, მაგალითად, იქნება ეს გაკვეთილი თუ ტრენინგი, უნდა აღწეროს, სწავლების პროცესში რა მეთოდს გამოიყენებს, მაგალითად, დისკუსიას, კეთებით სწავლებას, მოდელირებული სიტუაციების განხილვას, როლურ თამაშებს, ინდივიდუალურ ან ჯგუფურ დავალებას, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას და სხვა.  დასაბუთებული უნდა იყოს რატომ შეირჩა კონკრეტული მეთოდი(მეთოდები) ამ კონკრეტული სეგმენტისთვის;
  • სწავლების პერიოდულობა და ხანგრძლივობა - აღწერილი უნდა იყოს მოსწავლეებთან შეხვედრები რა სიხშირით უნდა ჩატარდეს. მისაღებია სწავლების ნებისმიერი პერიოდულობა და ხანგრძლივობა;
  • სასურველი შედეგი - კონკურსანტმა უნდა აღწეროს, რა შედეგზე გაიყვანს მოსწავლეებს შემოთავაზებული მეთოდით სწავლება, კერძოდ, რა ეცოდინებათ და რისი გაკეთება შეეძლებათ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ.

 3. საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის დეტალები: 

  • კონკურსანტის მიერ პირველ ეტაპზე წარმოდგენილი ნამუშევარი მოწოდებული უნდა იყოს Microsoft Word-ის ფორმატით, ამ საკონკურსო განაცხადზე თანდართული №1 დანართის ფორმით;
  • ცალკეული სეგმენტისთვის შემუშავებული სასწავლო გეგმის აღწერა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას (ჯამში სამივე სეგმენტზე -  1,500 სიტყვას); 
  • საკონკურსო ნამუშევარი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
  • კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@finedu.gov.ge  (სამუშაო საათებში დაუბრუნდება ნამუშევარზე მიღების დასტურიც). კონკურსანტმა წერილის სათაურად უნდა მიუთითოს „ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის თემატური კონკურსისთვის“, ხოლო წერილის შინაარსში - თავისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ქალაქი. ფინალში გადასვლის შემთხვევაში, საფინალო დავალებას კონკურსანტი იმავე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს, რომლიდანაც გამოგზავნის საკონკურსო ნამუშევარს;

4. საკონკურსო პრეზენტაცია კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა უნდა მოამზადონ კონკურსის ორგანიზატორების მხრიდან მიღებული დავალების შესაბამისად. აღნიშნული დავალება, კერძოდ, მოსწავლეთა ასაკობრივი სეგმენტი და სასწავლო გეგმა, შეირჩევა კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევრიდან;

5. საკონკურსო პრეზენტაციის წარდგენის ფორმატი კონკურსანტს არ ეზღუდება. იმ შემთხვევაში, თუ ის აპირებს პრეზენტაციის წარდგენას Power Point/PDF-სგან განსხვავებული ფორმატით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მას დაევალოს წარმოადგინოს პრეზენტაციისთვის  საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა (მაგალითად, ლეპტოპი). სხვა შემთხვევაში, შეუძლია ფაილი მიაწოდოს კონკურსის ორგანიზატორებს;

6. ფინალში გადასულ კონკურსანტს მოეთხოვება, წარადგინოს დავალების შესაბამისად პროექტის/იდეის სრული და დეტალური აღწერა, რაც უნდა გამომდინარეობდეს კონკურსის  პირველ ეტაპზე წარდგენილი საკონკურსო ნამუშევრიდან. მაგალითად, თუ კონკურსანტის დავალება დაწყებითი კლასისთვის დაზოგვის თემის სწავლების გეგმის წარდგენა იქნება, საკონკურსო პრეზენტაციაში აღნიშნულ თემაზე სასწავლო გეგმა დეტალურად უნდა იქნეს გაშლილი და წარმოდგენილი. სასწავლო გეგმა, მაგალითად, უნდა მოიცავდეს მინიმუმ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რა ფორმატით მოხდება მოსწავლეებისთვის მასალის მიწოდება, როგორი იქნება შეხვედრის მიმდინარეობა, შერჩეული თემის სწავლებას რამდენი შეხვედრა დაეთმობა, რა საკითხებად დაიყოფა თემა,  რა მეთოდები იქნება გამოყენებული სწავლების პროცესში, როგორ განაწილდება გეგმა დროში, როგორი იქნება უკუკავშირის სისტემა, როგორ და როდის შემოწმდება მოსწავლეების ცოდნის დონის ცვლილება, რა ტიპის მასალა იქნება გამოყენებული მასწავლებლის/ტრენერის მიერ. 

4. კონკურსის ჩატარების ეტაპები  

1. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება კონკურსის გამოქვეყნებიდან  26 ივლისის 23:59 სთ-ის ჩათვლით; 

2. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

  • კონკურსის პირველ ეტაპზე საკონკურსო ნამუშევრების შეფასების საფუძველზე გამოვლინდება არაუმეტეს 12 ფინალისტი, ფინალისტების ვინაობა გამოქვეყნდება ფინედუს ვებგვერდსა და „ფეისბუქ“ გვერდზე 2022 წლის 5 აგვისტოს;
  • ფინალისტები 2022 წლის 5 აგვისტოსვე, მათ მიერ დაფიქსირებულ საკონტაქტო მეილზე მიიღებენ დავალებას (თემისა და სეგმენტის დასახელებას) საკონკურსო პრეზენტაციის მოსამზადებლად; 
  • კონკურსის მე-2 ეტაპი, ანუ ფინალი ჩატარდება 2022 წლის 12 აგვისტოს. კონკურსანტების მიერ წარდგენილი საკონკურსო პრეზენტაციების შეფასების  საფუძველზე, ამავე თარიღში, საბოლოოდ გამოვლინდება 5  გამარჯვებული.  
  • კონკურსის გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ფინედუს ვებგვერდსა და “ფეისბუქ” გვერდზე 2022 წლის 12 აგვისტოს.

3. კონკურსის ფინალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებული დეტალები გამოქვეყნდება 2022 წლის 5 აგვისტოს ფინედუს ვებგვერდისა და “ფეისბუქ” გვერდის საშუალებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ იქნა 12-ზე ნაკლები ნამუშევარი ან/და ფინალში გადავა 5-ზე ნაკლები კონკურსანტი, კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილოს და დაადგინოს გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოვების განსხვავებული წესი.

5. კონკურსის ჟიური  

1. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იქნება 6 ორგანიზაციის წარმოადგენლებისაგან:

  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • სს „კრედო ბანკი“, 
  • სს „ბაზის ბანკი“ 
  • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“.   
  • ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი 

6. საკონკურსო ნამუშევრებისა და საკონკურსო პრეზენტაციების შეფასების კრიტერიუმები 

1. საკონკურსო ნამუშევარს ჟიური კონკურსის 1-ელ ეტაპზე შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • შინაარსის  სრულყოფილება და სიმარტივე;
  • თემ(ებ)ის შერჩევის არგუმენტაცია;
  • სწავლების მეთოდ(ებ)ის შერჩევის არგუმენტაცია;
  • პროექტის/იდეის პრაქტიკულობა/განხორციელებადობა;
  • დასახული/სასურველი შედეგების მიღწევის რეალურობა.

2. საკონკურსო პრეზენტაციას კი ჟიური ფინალურ ეტაპზე შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • პრეზენტაციის შინაარსი - თემა, გეგმა, პრაქტიკულობა და დასახული შედეგის რეალურობა;
  • პრეზენტაციის ვიზუალური მხარე, რაც მნიშვნელოვანი იქნება წარმოდგენილი დავალების აღსაქმელად;
  • საპრეზენტაციო უნარები - მათ შორის, დამაჯერებლობა; 
  • პრეზენტატორის, როგორც მომავალი მასწავლებლის/ტრენერის უნარ-ჩვევები.

3. საკონკურსო ნამუშევრები და საკონკურსო პრეზენტაციები შეფასდება თითოეული კრიტერიუმის მიხედვით ჟიურის მიერ მინიჭებული ქულებით, ხოლო ფინალისტებისა თუ  გამარჯვებულების გამოვლენა განხორციელდება საერთო, ჯამური ქულების შესაბამისად.

7. კონკურსის პრიზები  

1. კონკურსის ფარგლებში გამოვლილ  5 გამარჯვებულს დაკავებული საპრიზო ადგილის შესაბამისად გადაეცემა შემდეგი პრიზები: 

  • 1-ელი ადგილი - ფულადი პრიზი 3,000 ლარი (პრიზს აწესებს - სს „საქართველოს ბანკი“);
  • მე-2 ადგილი - ფულადი პრიზი 2,000 ლარი (პრიზს აწესებს სს „ბაზის ბანკი“);
  • მე-3 ადგილი - ფულადი პრიზი 1,000 ლარი (სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“);
  • მე-4 ადგილი - ფულადი პრიზი 1,000 ლარი (პრიზს აწესებს ს.ს „კრედო ბანკი“);
  • მე-5 ადგილი - ფულადი პრიზი 1,000 ლარი (პრიზს აწესებს - სს „თიბისი ბანკი“). 

2. დამატებით, ფინალში გადასული 12 კონკურსანტიდან (ფინალში მიღწეული შედეგის მიუხედავად) საქართველოს ეროვნული ბანკი თავის რჩეულ 3 მონაწილეს შესთავაზებს 3-თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ფინანსური განათლების განყოფილებაში. სტაჟირების პერიოდში შერჩეული მონაწილეები:

  • გაეცნობიან ეროვნული ბანკის საქმიანობას, 
  • გაივლიან ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგს, გაეცნობიან სპეციალურ სასწავლო სატრენინგო მოდულებს,
  • ჩაერთვებიან მოსწავლეების პრაქტიკულ სასწავლო აქტივობებში.

 8. საკონტაქტო ინფორმაცია  

1. მისამართი: საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2;

2. ცხელი ხაზი: (+995)32)2406406; 

3. ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;

4. ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/;

5. „ფეისბუქის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/;

6. განაცხადის ბმული ეროვნული ბანკის ვებგვერდზე იხილეთ აქ.

9. საკონკურსო განაცხადის დანართი #1- საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის ფორმა