საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (სიდა) პარტნიორობით საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვიდეორგოლი შეიქმნა. აღნიშნული რგოლი ეფუძნება ფერმერთათვის შემუშავებულ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს „მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები".
ვიდეორგოლი გაჯერებულია მარტივი ენით გადმოცემული პრაქტიკული მაგალითებითა და რჩევებით. მისი მიზანია, მეწარმეს დაეხმაროს უკეთ გაერკვეს ბიზნესის მოკლე თუ გრძელვადიან საჭიროებებში, განსაზღვროს ბიზნესის გადახდისუნარიანობა, დაფინანსების წყაროს მოძიებისას სწორად შეარჩიოს საკუთარ ბიზნესზე მორგებული პირობები, ასევე, გაერკვეს საკუთარ უფლებებში ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, საბოლოო ჯამში კი მიიღოს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, დამატებით იგეგმება დისტანციური კრეათონის ორგანიზებაც, სადაც შეიქმნება გრაფიკული ხასიათის ანიმაციები, მცირე ვიდეოები, ინფოგრაფიკები და სხვა კრეატიული ნამუშევრები, რომელთა გამოყენებითაც ფერმერები მათი ბიზნესის საჭიროებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ. კრეათონის მონაწილეებს ფერმერებისთვის საინტერესო მასალის მოსამზადებლად აღნიშნული ვიდეორგოლის გამოყენებაც შეეძლებათ.