ფინანსური განათლება აგრომეწარმეებისთვის
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (სიდა) ჩართულობით, ფერმერთათვის განკუთვნილი ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა და პრაქტიკული სახელმძღვანელო „მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები" შეიმუშავა.
პროგრამის მიზანია აგრო სექტორში მოღვაწე მეწარმეებს ხელი შეუწყოს მათი ბიზნესის საჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაზე შესაფერისი საფინანსო პროდუქტი შეარჩიონ და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღონ.
პროგრამის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული, რომელიც თავის მხრივ გზამკვლევსა და აგრომეწარმეთა ტრენინგის ჩასატარებლად განკუთვნილ პრეზენტაციას მოიცავს, სწორედ აგრობიზნესის საჭიროებებს პასუხობს.
პროგრამა მარტივი ენითაა შედგენილი და გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით, რჩევებითა და ნიმუშებით, რათა მეწარმემ ადვილად შეძლოს თეორიული უნარების პრაქტიკაში გამოყენება. სახელმძღვანელოს გაცნობის შედეგად მეწარმეს საშუალება მიეცემა განსაზღვროს ბიზნესის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი საჭიროებები, გაერკვეს საკუთარ უფლებებსა და პასუხისგებლობებში, გაიგებს, თუ როგორ შეიძლება გაზარდოს საკუთარი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა ენერგოეფექტური ინვესტიციებით, შეიტყოს აგროდაზღვევის მნიშვნელობისა და შესაძლებლობების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში განვითარებულია სახელმძღვანელო "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები". ასევე, მომზადებულია გზამკვლევი და პრეზენტაცია მეწარმეთა ტრენინგის ჩასატარებლად. შემუშავებული მასალა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი.