საბავშვო კომიქსები ფინანსური განათლების შესახებ
საბავშვო კომიქსები "ბიუჯეტირება და დაზოგვა", "ინვესტიციების მართვა", „მეწარმეობა“ და „ფინანსების მცველები“ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივითა და შემდეგი პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა: "ბაზისბანკი", „ემბისი“, "კრისტალი", "თიბისი", "საქართველოს ბანკი", "კრედო ბანკი" და "ლიბერთი ბანკი".
კომიქსების ილუსტრაციებისა და ტექსტების შემუშავებაში კი "თამაშობანას" შემოქმედებითი გუნდი იყო ჩართული.
"ბიუჯეტირება და დაზოგვა" მოზარდებს იმ სუპერძალის შესახებ მოუთხრობს, რომელიც მომავლის წინასწარ განჭვრეტასა და სათანადოდ დაგეგმვაში ეხმარება. აღნიშნულ კომიქსში 15 წლის თომას ისტორიაა მოთხრობილი, რომელსაც სანუკვარი მიზნის დასახვასა და განხორციელებაში მისი ოჯახის წევრები და 14 წლის მართა დაეხმარა. გაეცანით ამ ბროშურას, იქნებ, თქვენთვისაც გამოსადეგი აღმოჩნდეს თომას თავგადასავალი.
"ინვესტიციების მართვაში" ფულის სწორად და უსაფრთხოდ დაბანდების შესახებაა მოთხრობილი. აქაც მთავარი მოქმედი გმირები თინეიჯერი მეგობრები არიან, რომლებიც ფულის მოზიდვის გზებისა და დამატებითი სარგებლის მიღების გზებს იძიებენ ერთად. გაეცანით კომიქსს, იქნებ თქვენთვის საინტერესო ინვესტირების ხელსაწყოები აღმოაჩინოთ.
"მეწარმეობა" მოზარდებს იმ ძირითად ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ სამეწარმეო საქმის დაწყებასა და სწორ მიდგომებში დაეხმარება. ამ კომიქსში მართასა და თომას უკვე დემეც უერთდება. ისინი პატარა ბიზნესს კაფეს ერთ ცარიელ კუთხეში იწყებენ. გაეცანით კომიქსს, იქნებ მან გიბიძგოთ თქვენს იდეასაც შეასხათ ხორცი და ბიზნესად აქციოთ?
"ფინანსური მცველები" ფულის დაცვის შესახებაა. თუ გსურთ, იყოთ თავისუფალი ინტერნეტშიც და ცხოვრებაშიც, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, როგორ დაიცვათ ის, რაც ასე მნიშვნელოვანია –ფული, დრო და მიზნები. ამ კომიქსის მთავარი გმირებიც მართა და თომა არიან და მათი ამბავი იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებზე დაგვაფიქრებთ, რომლებიც ფინანსურ უსაფრთხოებაში გამოგადგებათ.