კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ (www.finedugov.ge), პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება. 2026 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი მიზანია, ახალგაზრდებს გაუძლიეროს თავდაჯერება ფინანსურ გადაწყვეტილებებში, წაახალისოს სწორი კითხვების დასმა და ფინანსური განათლების საშუალებით დაეხმაროს უფრო გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში.
კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, წელსაც გაიმართება ბევრისათვის უკვე საყვარელი და პოპულარული პროექტი სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში". პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანები სკოლებს ესტუმრებიან და V-XII კლასის მოსწავლეებს სახალისო და ინტერაქტიულ ფორმატში გააცნობენ ფინანსური განათლების მნიშვნელოვან საკითხებს. ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების, კერძოდ: საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ბაზისბანკის, ტერაბანკისა და მიკრობანკ ემბისის თანამშრომლები.
რეგისტრაცია დაიწყება 17 მარტს, 16:00-ზე, ხოლო დასრულდება 19 მარტს, 16:00-ზე.
პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" შესახებ დამატებითი ინფორმაცია და რეგისტაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.