კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მასწავლებელთა კონკურსის ფინალური ღონისძიება

24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ორგანიზებული მასწავლებლების კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები.

მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნასა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობას.

კონკურსში მასწავლებლები საქართველოს ყველა კუთხიდან ჩაერთნენ. კერძო და საჯარო სკოლების სხვადასხვა სკოლის 65 მასწავლებლიდან ფინალურ ეტაპზე 20 მასწავლებელი გადავიდა. ფინალისტებმა თავიანთი ნამუშევრები დასკვნით ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე წარადგინეს, სადაც კონკურსით გათვალისწინებული დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდნენ.

საბოლოოდ ჟიურიმ, რომელიც კონკურსის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, 5 სპეციალური პრიზის, ორი II ადგილისა და სამი I ადგილის მფლობელები გამოავლინა.

კონკურსის მთავარი გამარჯვებულები გახდნენ:

  • I ადგილი დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის წარმოდგენლი ნამუშევრისთვის - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე;
  • I ადგილი საბაზო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის - ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე;
  • I ადგილი საშუალო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" მასწავლებელი ნანა კუპრეიშვილი;
  • II ადგილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი;
  • II ადგილი -  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის ბესიკ კაპანაძის სახელობის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ჩაგელიშვილი. 

სპეციალური პრიზების მფლობელები კი გახდნენ:

  • საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რჩეული - თბილისის 172-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნესტან კუბლაშვილი;
  • საქართველოს ბანკის რჩეული - ქრისტეფორე III-ის სახელობის დაბა სურამის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგა გოგალაძე;
  • თიბისი ბანკის რჩეული - რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა მაღალდაძე;
  • საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის რჩეული - თბილისის 172-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნესტან კუბლაშვილი;
  • პსპ დაზღვევის რჩეული - ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე

კონკურსის გამარჯვებულებს კონკურსის პირობებით გათვალისწინებული პრიზები გადაეცათ, დამატებით, კონკურსის ოცივე ფინალისტი სპეციალური სერტიფიკატებით, სამახსოვრო საჩუქრებითა და საგანმანათლებლო მასალებით დაჯილდოვდა. 

დაჯილდოების ღონისძიება სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. კონკურსანტებს სიტყვით მიმართეს, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.

"დღეს გვისრულდება ერთი წელი, რაც განვაახლეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც არა მხოლოდ რეგიონულ და საერთაშორისო, არამედ უკვე ქართულ გამოცდილებას ეყრდნობა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია არა მხოლოდ მყარი სტრატეგია და ხედვა, არამედ მსგავსი ღონისძიებების ძალიან კონკრეტული პორტფელი. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ფინანსური წიგნიერების საკითხების სკოლაში სწავლების ხელშეწყობის მიზნით, 700-მდე მოქალაქეობის მასწავლებელმა გაიარა გადამზადება. განათლების სამინისტროსთან კოლაბორაციით კი შეიქმნა ორი დამხმარე სახელმძღვანელო მე-7 და მე-9 კლასის მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის. ამ კონკურსით კი თავად მასწავლებლებს მივეცით უნიკალური შესაძლებლობა შეექმნათ საინტერესო სასწავლო რესურსები, რომელთა გამოყენება მათ კოლეგებსაც შეეძლებათ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.

კონკურსის მხარდამჭერი ორგანიზაციები იყვნენ: სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, პსპ დაზღვევა და საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი.

ღონისძიების ფოტოები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეაში.