კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსი სკოლებისა და ბიბლიოთეკებისათვის

1. კონკურსის იდეა, მიზანი, ამოცანა და ზოგადი შინაარსი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge  (შემდგომში - „ფინედუ“) უერთდება 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღის აღნიშვნის იდეას და სს „ბანკი ქართუ-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204891652), მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის „ფინედუ-ს კუთხე ბიბლიოთეკაში“ (შემდგომში - „კონკურსი“), რომლის მთავარი თემაც არის - ციფრული ფინანსური წიგნიერება. ამ კონკურსის მიზნებია: 

  • სასკოლო და საბიბლიოთეკო სივრცეებში ფინანსური განათლების თემებზე დისკუსიის წახალისება; 
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტიანი სწავლების მიზნით, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, ასევე, ფინანსურის წიგნიერებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის იდეებისა და რესურსების შეკრება;
  • ციფრული განათლებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

2. კონკურსის ზოგადი პირობები

2.1 კონკურსის ვადები:

  • გამოცხადების თარიღი: 2026 წლის 23 აპრილი;
  • კონკურსში ჩართვის/მონაწილეობის საბოლოო თარიღი:  2026 წლის 18 მაისი;
  • გამარჯვებულების გამოვლენის თარიღი: 2026 წლის 01 ივნისი.

2.2 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისა და        ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს (შემდგომში - „კონკურსანტი“);

2.3 კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს კონკურსი - „ფინედუ-ს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში“ 2025 წლის გამარჯვებული სკოლები. ამავე კონკურსის გამარჯვებულ მასწავლებლებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება სხვა სკოლაში/ბიბლიოთეკაში „ფინედუ-ს კუთხის“ მოწყობის მიზნით;

2.4 კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსანტი სკოლისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენელი კონკურსის პირობებით გამოგზავნილ მასალებზე საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ფინედუ-ს“. მიღებული პროეექტები/იდეები (შემდგომში - „ნაშრომი“ ან „საკონკურსო ნაშრომი“)  შესაძლოა საქართველოს ეროვნულ ბანკისა და „ფინედუ-ს“ მიერ გამოქვეყნდეს სხვადასხვა შესაბამის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“ გვერდებზე ავტორის სათანადო მითითებით, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;

2.5 კონკურსში მონაწილეობისთვის გაზიარებული ტექსტები/მასალები  არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს და/ან ზნეობრივ ნორმებს.

3. კონკურსში მონაწილეობის პირობები

3.1 კონკურსში ჩართვა შეუძლია სკოლაში ან ბიბლიოთეკაში დასაქმებულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აღწერს და წარმოადგენს საკონკურსო ნაშრომს წინამდებარე პირობების 3.3, 3.4 და 3.5 პუნქტებში აღწერილი შესაბამისად. 

3.2 კონკურსში მონაწილეობა და, შესაბამისად, გამარჯვება კონკურსანტს შეუძლია 2 (ორი) ფორმით: 

  • მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტის აღწერით;
  • საგანმანათლებლო პროექტის აღწერით და საქართველოს ეროვნული ბანკის/ფინედუ-ს წარმომადგენლის მოწვევის სურვილის გამოხატვით; 

3.3 კონკურსანტს ევალება მოიფიქროს, აღწეროს და გამოგზავნოს საკონკურსო ნაშრომი, რომელიც:

  • განხორციელდება წინამდებარე განაცხადის 6.1 პუნქტში მითითებული ერთი ან რამდენიმე მასალის გამოყენებით; 
  • დაუკავშირდება წინამდებარე განაცხადის მე-9 პუნქტში მოცემულ ციფრული ფინანსური წიგნიერების ერთ ან რამდენიმე თემას;
  • განხორციელების შემთხვევაში გამოიწვევს მიზნობრივ აუდიტორიაში ციფრული ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას;
  • განხორციელდება 2026 წლის 20 დეკემბრამდე;

3.4 საკონკურსო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ პირობებს:

  • შედგენილი უნდა იყოს დანართში მოცემული ფორმის შესაბამისად;
  • შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
  • წარმოდგენილი უნდა იყოს „MS Word-ის“ ან/და „PDF-ის“ ფორმატით;

3.5 საკონკურსო ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ქვემოთ მოცემული პირობების დაცვით:

  • არაუგვიანეს 2026 წლის 18 მაისის 23:59 საათისა;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@finedu.gov.ge;
  • ელექტრონული წერილის სათაურად (ე.წ. „Subject“) უნდა მიუთითოს „კონკურსი - ფინედუ-ს კუთხე ბიბლიოთეკაში“ ელექტრონული წერილის სათაურის მიუთითებლობის შემთხვევაში, ელექტრონული წერილის მიღება შეუძლებელი იქნება;
  • არ უნდა გამოიგზავნოს  ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც ბოლოვდება „დომეინით“ - „ru“. 

კონკურსანტი  ნაშრომის მიღების შესახებ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა მიიღებს დასტურს, სხვა შემთხვევაში საკონკურსო ნაშრომი მიღებულად არ ჩაითვლება. ამასთან, აღნიშნული საპასუხო შეტყობინებით დადასტურდება მხოლოდ საკონკურსო ნამუშევრის მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა კონკურსის პირობებთან.

3.6 კონკურსანტს, დამატებით, შეუძლია გამოხატოს სურვილი მოიწვიოს საქართველოს ეროვნული ბანკის/„ფინედუ-ს" წარმომადგენელი საკუთარ სკოლაში/ბიბლიოთეკაში. ამ მიზნით, კონკურსანტმა:

  • აღნიშნული სურვილის/მოწვევის შესახებ უნდა დაწეროს „ფინედუ-ს“ ოფიციალურ „Facebook-ის“ გვერდზე ამ კონკურსის შესაბამისი  პოსტის კომენტარების ველში; 
  • კომენტარში უნდა მიუთითოს მოწვევის ან/და „ფინედუ-ს“ კუთხის გახსნის მთავარი მოტივაცია/დასაბუთება. 

3.7 გამარჯვებული კონკურსანტები იღებენ ვალდებულებას, საკონკურსო ნაშრომში მითითებული პროექტი დააინიცირონ/განახორციელონ  2026 წლის 20 დეკემბრამდე და ამის შესახებ „ფინედუ-ს“ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია 1 (ერთი) კალენდარული კვირის ვადაში. ინფორმირებად ჩაითვლება ნებისმიერი ქვემოთ აღნიშნული:

  • ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@finedu.gov.ge;
  • „ფინედუ-ს“ ოფიციალურ „Facebook-ის“ გვერდზე კომენტარის დაფიქსირება კონკურსის პოსტზე;
  • კონკურსანტის მიერ აქტივობის ჩატარების/ინიცირების შესახებ საჯაროდ, სოციალური ქსელების („Facebook” ან „Instagram” ან „LinkedIn”) საშუალებით, ინფორმაციის მითითებისას მასზე „ფინედუ -ს“ შესაბამისი სოციალური ქსელის გვერდის მონიშვნა (ე.წ. „დათაგვა).

4.გამარჯვებულების გამოვლენა

4.1 გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2 (ორი) კატეგორიაში: 

  • „ჟიურის რჩეული“ - გამარჯვებული გახდება 29 (ოცდაცხრა) კონკურსანტი;
  • „მომხმარებლის რჩეული“ - გამარჯვებული გახდება 1 (ერთი) კონკურსანტი.

4.2 კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური შემოსული პროექტების შეფასების საფუძველზე;

4.3 კატეგორიაში „მომხმარებელის რჩეული“ გამარჯვებული გამოვლინდება კონკურსის „Facebook-ის“ კომენტარზე დაფიქსირებული რეაქციების რაოდენობის მიხედვით. გაითვალისწინება მხოლოდ წინამდებარე საკონკურსო განაცხადის 3.1 პუნქტის შესაბამისად კონკურსანტად განსაზღვრული პირების კომენტარები. გამარჯვებულად დასახელდება ყველაზე მეტი რეაქციის მქონე კომენტარში მითითებული სკოლა/ბიბლიოთეკა და მისი წარმომადგენელი. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელის დაფიქსირებაც შესაძლებელია „Facebook-ის“ პოსტზე. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ ჩათვალოს ის რეაქციები, რომელთა რეალობასაც ჩათვლის საეჭვოდ;

4.4 გამარჯვებული კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ შესაძლოა ემთხვეოდეს გამარჯვებულს კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“.

4.5 არასაკმარისი რაოდენობით შემოსული საკონკურსო ნაშრომის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას განსხვავებული წესით გამოავლინოს გამარჯვებულები.

5.საკონკურსო ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები

საკონკურსო ნაშრომებს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • ნათლად იკვეთება  ბიბლიოთეკისთვის ფინანსური განათლების კუთხის შექმნის საჭიროება;
  • წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ციფრული განათლებისა და/ან კიბერუსაფრთოების საკითხებს;
  • გამოყენებულია ინოვაციური და მდგრადი მიდგომები.

6. კონკურსის პრიზები და „ფინედუ-ს კუთხის“ მასალები

6.1. კონკურსის ორივე კატეგორიაში გამარჯვებულ კონკურსანტებს, საქართველოს ეროვნული ბანკი გადასცემს „ფინედუ-ს კუთხის“  შესაქმნელად შემდეგ მასალას:

  • კომიქსი „ბიუჯეტირება და დაზოგვა“-  4 (ოთხი) ცალი;
  • კომიქსი „ინვესტიციების მართვა“ - 4 (ოთხი) ცალი;
  • კომიქსი „მეწარმეობა“ – 4 (ოთხი) ცალი;
  • კომიქსი „ფინანსების მცველები“ – 4 (ოთხი) ცალი;
  • კომიქსი „დაგროვების ამბავი“ - 4 (ოთხი) ცალი;
  • ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების სახელმძღვანელოები მასწავლებლებისთვის IX კლასი და VII-VIII - 2-2 (ორ-ორი) ცალი;
  •  „ფინანსური განათლება მარტივად“ - 5 (ხუთი) ცალი;
  •  „მოგზაურობა ფულის სამყაროში“ - 10 (ათი) ცალი;
  • „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“ - 10 (ათი) ცალი;
  • მიკრო და მცირე ბიზნესის სახელმძღვანელო: ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება - 5 (ხუთი) ცალი;
  • ფულის თემატიკაზე ასაწყობი ფაზლი - 3 (სამი) ცალი;
  • სამაგიდო თამაში „ფინანსური სისტემის გზამკვლევი“ – 1 (ერთი) ცალი;
  • სამაგიდე თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“ - 1 (ერთი) ცალი;
  • სამაგიდო თამაში „ქართული ფული“ – 3 (სამი) ცალი;
  • სამაგიდო თამაში „აღმოაჩინე ქართული ფული“ – 3 (სამი) ცალი;
  • სამაგიდო თამაში „გამოიცანი სიტყვა“ – 2 (ორი) ცალი;
  • კროსვორდი - 3 (სამი) ცალი;
  • ფლაერების ნაკრები „ჩემი ფინანსური მეგზური“ – 1 (ერთი) ცალი;
  • სამაგიდე თამაში „ფულის ისტორია“ – 2 (ორი) ცალი;
  • სამაგიდე თამაში „ბიუჯეტირება ვრცლად“ – 1 (ერთი) ცალი;
  • სამეცნიერო პოპულარული დოკუმენტური ფილმების სერია - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“– 1 (ერთი) ცალი;
  • ფინედუ-ს სამაგიდე დროშა - 1 (ერთი) ცალი.

6.2. კონკურსის ორივე კატეგორიაში გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცემათ (გაეგზავნებათ დანართში მითითებულ მისამართზე ან ელექტრონულად) წიგნების გამომცემლობების 165 (ასსამოცდახუთი) ლარის ღირებულების 1 (ერთი) ვაუჩერი. ამასთან, თუ ერთი და იგივე კონკურსანტი დასახელდა გამარჯვებულად როგორც „ჟიურის რჩეულის“, ისე „მომხმარებლის რჩეულის“ კატეგორიაში, ამ შემთხვევაში, მას გადაეცემა 165 (ასსამოცდახუთი) ლარის ღირებულების 2 (ორი) ვაუჩერი;

6.3. კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ გამარჯვებულს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები ეწვევიან და  თემატურ საგანმანათლებლო აქტივობას ჩაატარებენ.

7. პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები

7.1. კონკურსში მონაწილეობით პირი ინფორმირებულია, რომ მისი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დამუშავდება კონკურსის  ჩატარების, გამარჯვებულების გამოვლენის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი ჩართულობის, კონკურსის გამჭვირვალობის, საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის, ხოლო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების, შემდგომი კომუნიკაციის, საჩუქრების გაგზავნისა და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირების მიზნით. რომლის საფუძველია, კონკურსანტის მომართვის განხილვა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი - ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ფინანსური განათლების თვალსაზრისით. 

7.2. კონკურსანტის მიერ მისი პერსონალური მონაცემების წარმოდგენის გარეშე, იგი ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას. 

7.3. კონკურსანტის პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონკურსის მსვლელობის პერიოდში, მათ შორის, გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების ვადით, ასევე, გამარჯვებულისთვის კონკურსით გათვალისწინებული მასალების მიწოდებისათვის საჭირო მოცულობით. 

7.4. პრიზების გადაცემის მიზნით, გამარჯვებული კონკურსანტის პერსონალური მონაცემი (სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი) გაზიარებული იქნება ფოსტასთვის (შპს მუვერსი; საიდენტიფიკაციო კოდი: 432549290; მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის 1; ტელეფონის ნომერი:  571 70 11 10). 

7.5. კონკურსის იდეის და გამჭვირვალობის მიზნის გათვალისწინებით,  საქართველოს ეროვნული ბანკის და „ფინედუს“ ოფიციალური ვებ-გვერდებისა თუ სოციალური ქსელების, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“   არხებში გამოქვეყნდება გამარჯვებული პირების მონაცემები (სახელი, გვარი, დამსაქმებელი სკოლის დასახელება და მისამართი,), რომელიც დარჩება ხელმისაწვდომი საჯაროდ ამ არხების არსებობის ვადების შესაბამისად. 

7.6. კონკურსანტის პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად. კონკურსანტს შეუძლია მოითხოვოს მის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ასევე, საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან/და ამ მონაცემების ასლების მიღება ყოველგვარი საფასურის გარეშე ელექტრონულ ფოსტაზე - info@nbg.gov.ge  განცხადების გამოგზავნის გზით.

7.7. ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. 

7.8. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კონკურსანტ მასწავლებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ლია მორალიშვილს (ტელ.: (+995)0322406406 (126); ელ. ფოსტა: dpo@nbg.gov.ge), ხოლო, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“ ან/და საქართველოს საერთო სასამართლოებს. 

8. ორგანიზატორის საკონტაქტო ინფორმაცია

კონკურსის ორგანიზატორთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;

ცხელი ხაზი: (+995)0322406406; 

ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;

ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/;

„Facebook-ის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.

9. ციფრული ფინანსური წიგნიერება

ციფრული ფინანსური წიგნიერება ნიშნავს ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ციფრულ გარემოში დამოუკიდებლად მიიღოს ინფორმირებული, უსაფრთხო და მდგრადი ფინანსური გადაწყვეტილებები.

მოცემული კონკურსის მიზნებისთვის ციფრული ფინანსური განათლების ძირითადი საკითხები შესაძლოა უკავშირდებოდეს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ მითითებულ თემასა და საკითხებს:

თემა 1: ფული და გადარიცხვები ციფრულ გარემოში

  • ციფრული სერვისების გამოყენება;
  • ელექტრონული ფული;
  • ონლაინ შესყიდვა;
  • ციფრული ხელშეკრულებები.

თემა 2: უსაფრთხოება ციფრულ გარემოში 

  • ინფორმაციის სანდოობა;
  • ფინანსური თაღლითობა;
  • პირადი ინფორმაცია;
  • პაროლები;
  • უფლებები და პასუხისმგებლობები.

თემა 3: ფინანსების დისტანციური მართვა 

  • პირადი ფინანსების მართვის ციფრული სერვისები;
  • ინვესტირება ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით;
  • დანაზოგების დისტანციური მართვა;
  • სესხება დისტანციურად.