კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

"შავი დღისთვის" შენახული ბებოს ფული

"შავი დღისთვის" შენახული ბებოს ფული

8294
4 / 5

ბავშვობაში თამაშისას სახლში ხშირად ვაწყდებოდი ხოლმე  უჯრებში, ან საწოლის "ლეიბების" ქვეშ საგულდაგულოდ გადამალულ ლარის კუპიურებს. ბებიაჩემს რომ ვეკითხებოდი, ეს ფული რად გინდა, თუ მინც არ ხარჯავ მეთქი, "შავი დღისთვის" ვინახავო, ამაყად მეუბნებოდა და მარიგებდა, რომ "შავი დღე" ყველას ცხოვრებაში შეიძლება დადგეს და რომ აუცილებელია, ცოტაოდენი ფული ყოველთვის გქონდეს გადანახული. მე, რა თქმა უნდა, მის დარიგებას ყურადღებას არასდროს ვაქცევდი და სასაცილოდაც არ მყოფნიდა. მეტიც, ჩემ მიერ განვლილი 22 შეგნებული წლის განმავლობაში, არც ერთხელ მომსვლია თავში აზრად, რომ ერთი თეთრი მაინც გვერდზე გადამედო. 

დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსო, ხომ გაგიგიათ? 

ჰოდა, მეც მაგ პრინციპით ვცხოვრობდი,  სანამ ერთ ავადსახსენებლ დღესაც,  2020 წლის მარტში, პანდემიის გამო სამსახურის გარეშე არ დავრჩი. სწორედ იმ დღეს მივხდი, რომ დღეებს ფერები აქვთ. იმ დღეს იმასაც მივხდვი, რომ სიტყვა "დაზოგვა"  სასაუბრო და სალიტერატურო მეტყველებაში ტყულად არ არსებობს. 

რა უნდა მექნა? 

დიდი ფიქრისა და ტვინის ჭყლეტვის შემდეგ დარცხვენილმა ბებოს მივაკითხე. მანაც ამაყად ამოაძვრინა ლეიბიდან გადანახული ფული და "ხომ გეუბნებოდი" ტონით მომაჩეჩა ხელში. ასე გაჭირვებით გადავიტანე ეს პერიოდი წლების განმავლობაში ბებოს მიერ დაზოგილი ლარებითა და წინა ზაფხულს გაკეთებული კონსერვებით. 

ზაფხულში მუშაობა დავიწყე და პირველად ჩემს ცხოვრებაში, ფულის დახარჯვის შესაძლო გზებზე ფიქრის ნაცვლად, შენახვაზე დავფიქრდი. ბებომ შენ ისეთი ხარ, ფულს ხელში არ გაიჩერებ, ბანკში შეიტანე, ანაბარი გახსენიო. მაინც რამდენს ნიშნავს, როცა ადამიანი კარგად გიცნობს, არა? ამჯერად მოვუსმინე და გავითვალისწინე კიდეც მისი რჩევა.  

ამ ზაფხულს წინა ზაფხულის საცურაო კოსტუმი მეცვა, წინა შემოდგომას ნაყიდი სათვალე მეკეთა და წინა გაზაფხულს ნაყიდი ჩანთით დავდიოდი. მაგრამ ეს სულაც არ მაწუხებდა. მე ხომ ფულს ვინახავდი. მართალია ხშირად  გამირბოდა თვალები ნაირ-ნაირი ნივთებისკენ, მაგრამ ამ მომენტებში ტიტანურ ძალას ვიკრებდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი:  ნუთუ მართლა გჭირდება ეს ვარდისფერი ჩანთა, რომელის მსგავსიც უკვე გაქვს, ნუთუ მართლა გინდა ამ სასტუმროში დასვენება, როცა შეგიძლია ზღვასთან ახლოს სოფელი რომ გაქვს იქ წახვიდე...  თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარ თავს ვძლევდი და ვიმარჯვებდი. მართალია ერთი-ორჯერ დავმარცხდი და ის სათვალე მაინც ვიყიდე, მაგრამ ეგ არ ითვლება. შეცდომები მოსულა. 

ასე და ამგვარად, მე და ბებომ კვლავ შევაგროვეთ ის ფული, რომელიც ამ გაზაფხულს დავხარჯეთ და თავისი ადგილი მივუჩინეთ ლეიბის ქვეშ. 

ახლა შავი დღის აღარ მეშინია, ახლა შემიძლია ბებოს კომპიუტერი ვუყიდო, კატას საწოლი, იქნებ, ოდესმე პარიზშიც წავიდეთ, იქნებ, მაგისტრატურაზე სწავლა დამეწყო...  ხანდახან ფეისბუქი ძველ პოსტებს მახსენებს. ჩემს თავს ვაკვრიდები და ვხვდები, რამდენად შევიცვალე ამ მოკლე დროში. თურმე შესაძლებელი ყოფილა, ცხოვრება და ფულის დაზოგვა ერთდროულად, თურმე მართლა საჭიროა უჯრაში ჩუმად, საგულდაგულოდ გადაინახო ცოტაოდენი.