კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

მამალი

მამალი

905
3.1 / 5

ცხვირი შუშაზე მაქვს მიჭყლეტილი, უზარმაზარი, სქელმინიანი სათვალე მიკეთია და ღობეზე შემომჯდარ მამალს შევცქერი.

მამალი აღმოსავლეთისკენ იმზირება, წითელი, ბრდღვიალა ბიბილო და მრისხანე თვალები აქვს, კიდევ წვეტიანი, ყვითელი დეზები და ულამაზესი კუდი. კუდის შავი, თეთრი, ალისფერი, ნარინჯისფერი, ყავისფერი და ლურჯი უსწორმასწორო ბუმბულები, რკალად მოხრილან და ოდნავ ირხევიან.

სათვალეს ვიხსნი და ვცდილობ მთელი სახით ავეკრა მინას, არაფერი გამომდის, გვერდულად ცდისას, ლოყა მიცივდება და მინას ვშორდები.

ალბათ მამაზე ვფიქრობ...

მამა აფხაზეთში, ყველაზე მწვანე ქალაქის გარეუბანში, ახალ, მაღალ და მრავალბინიან სახლებს აშენებს, დროდადრო, როცა შინ ბრუნდება, დედასთან დიალოგებში მესმის, რომ შემოსავლიდან დანაზოგს უნდა მიუმატონ, იმდენი გახადონ, რომ "სადმე აქეთ, შუაგულ აფხაზეთში" სახლი აიშენონ... რომ დედას ხელფასით თავს გაიტანენ, მამის შემოსავალს კი შეინახავენ... რომ აუცილებლად მიაღწევენ მიზანს...

პერიოდულად, (ეს ალბათ ხელფასის დროა) დიდ ოთახში ბავშვებს ჭადრაკის დაფა გვაქვს გაშლილი, მშობლები მაგიდის კიდესთან სხედან. დედას სქელი, ნაცრისფერყდიანი რვეული უდევს წინ, კიდევ ცივი და უცნაურსუნიანი ნივთი,  რომელსაც სეიფის გასაღებს ეძახიან,  ოღონდ არ ვიცი, სეიფი სადაა და არც ის ვიცი, გასაღებს სად ინახავენ.

ჭადრაკი არ მიყვარს, ვერაფრით ვერ ვიგებ, რა საჭიროა მეფის მოკვლა, ეს ხომ ყველაზე მაღალი და ლამაზია ფიგურებს შორის. ჭადრაკი არ მიყვარს, მაგრამ ჯიბრისთვის ვეთამაშები უმცროს ძმას, რომელიც ყოველთვის მიგებს და წამდაუწუმ გარბის მამასთან, საჭადრაკო სვლის სისწორის გადასამოწმებლად.

მაგიდის კიდიდან სიტყვები ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღწევენ... "ეს ქორწილშია ჩასაწერი, ფარდები საყიდელია, ბავშვების ფეხსაცმელიც... აქედან 170 მანეთის გადადება შეიძლება, ესეც დაამატე, სახურავისთვის გვეყოფა..."

მერე, ჩემთვის გაურკვეველი წესრიგით ალაგებენ თანხას პატარა, შოკოლადისფერ ჩემოდანში და დედა გასაღების ჩხაკუნით გადის ოთახიდან.

დრო გადის...

სამოსახლო სახლ-კარად იქცევა...

კითხვები - ცოდნად...

შეგრძნებები - ემოციებად...

მშობლების თვალებში ჩამდგარი იმედი-სიხარულად...

ჩემს სახლს უზარმაზარი ფანჯრები და მოზრდილი ეზო აქვს, ეზოს მიღმა ხეხილის ბაღია, სულ უკან სიმინდის ყანა. ბაღში უთვალავი მანდარინის, ფორთოხლის, ფეიხოას და ლიმონის ხეები დგას... და თხილი, ბევრზე ბევრი თხილი...

სკოლიდან დაბრუნებისას, ჯერ სახურავი ამოიწვერება, მერე აივნის მოაჯირები ჩნდება და სახლის წინ მდგარი ბროწეულიც თუ გამომიჩნდა, ეს ნიშნავს, რომ უკვე ახლოს ვარ ჭიშკართან... რა ხანია სქელმინიან სათვალეს არ ვატარებ, არა იმიტომ რომ არ მჭირდება, არამედ იმიტომ რომ გაკეთებისთანავე დაცინვის ობიექტად მაქცევს, არაუშავს, მინაზე ცხვირმიჭყლეტილს, გარემოს თვალიერებაშიც არ მიშლის ხელს.

გარეთ ვიყურები... ღობეზე მამალი ზის, წითელი ბიბილო ბრდღვიალებს შუადღის მზეზე, მამალი ყვითელი დეზებით ჩაბღაუჭებია მავთულს და მრისხანედ გასცქერის აღმოსავლეთს.