კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ამ ბლოგში ყველა დაზღვეულია

ამ ბლოგში ყველა დაზღვეულია

973
4 / 5

          სამყაროში გარკვეული ტიპის ჭეშმარიტებები არსებობს, როგორებიცაა ყოველდღიურობა, გრავიტაცია და ის, რომ ნებისმიერ ტექსტს სჭირდება შესავალი. თუმცა ადამიანის გონებას შესწევს ძალა რომ, თუნდაც ჯერ საკუთარ ფიქრებში და შემდეგ რეალურად, ეს ერთგვარი სამყაროსეული გარდაუვალობები ხანდახან შეცვალოს და შექმნას რაიმე ახალი - გარისკოს.

          რისკი არსებობის განუყრელი ნაწილია. თუ გინდა რაიმე ახალი შექმნა, უნდა გარისკო. თუ თავად გინდა ახლიდან შეიქმნა, უნდა გარისკო. თუ არ გინდა გარისკვა, უნდა გარისკო რომ არ გარისკო. შესაბამისად, რისკიც გარდაუვალობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. სწორედ ამიტომ მეც გავრისკე და ეს ტექსტის დავწერე - უფრო კონკრეტულად კი, შემომერისკა.

          შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისკისგან დაზღვეული არავინაა. თუმცა სადაც ამ ტექსტის დაწერის გამბედაობა მეყო, დიახ, კიდევ უფრო გავრისკავ და ამავე ბლოგში ყველას დავაზღვევ - მათ შორის მკითხველსაც. დამატებით, დარწმუნებით ვიტყვი რომ მოცემულ ნაწერს ბედნიერი დასასრული ექნება. მეტიც, ზედმიწევნით ამ სიტყვებით დამთავრდება: „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი.“

          არ მინდა სადღეგრძელო გამომივიდეს, მაგრამ, მოდით, დავაზღვევ ყველა იმ ბავშვს, რომელიც პირველ ნაბიჯის გადადგმას გარისკავს, რადგან მსურს რომ ახალი გამოცდილებების მიღების არასოდეს შეეშინდეთ. შემდეგ დავაზღვევ ყველა ისეთ მოგზაურს, რომელიც ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვას გარისკავს, რადგან მჯერა რომ თავგადასავლებში ხიფათზე მეტი მიმოფანტული საოცრებები იმალება.  მესამედ კი დავაზღვევ ყველა იმ ნაწარმოების გმირს, რომელმაც გარისკა და მკითხველისთვის სიკვდილს ჩახედა თვალებში, რადგან თავგანწირვის შემდეგ ჩვენში ცხოვრება გააგრძელონ, როგორც შინაგანმა გაკვეთილებმა.

          ასევე გავრისკავ და ალავერდს ჩემ მეორე მე-სთან ვიქნები. მეტიც, კიდევ უფრო გავრისკავ და მის მაგივრად ვისაუბრებ. არც მას სურს სადღეგრძელო გამოუვიდეს. თუმცა, პირველ რიგში, ყველა იმ მიწათშემოქმედს დააზღვევს, რომელიც ბედავს და აგრო კულტურა ხელოვნების დონეზე აჰყავს, რადგან ვიცით რომ ბუნების მართვის ძალა არცერთ ადამიანს არ შესწევს. შემდეგ ტრანსპორტის ისეთ საშუალებებს დააზღვევს, რომლებსაც ადამიანები საკუთარ მიზნებამდე მიჰყავთ, რადგან ისინი ყველაფერს უფრო ამარტივებენ. საბოლოოდ კი თითოეულ იმ კუთვნილ ნივთს დააზღვევს, რომლის დაკარგვა არავის სურს, რადგან კარგად გვესმის რომ ცხოვრებაში ბედნიერებას პატარა დეტალები ქმნიან.

          ორივე ერთად კი იმ მესამე პირებს დავაზღვევთ, რომლებმაც ამ ტექსტის წაკითხვა გარისკეს, რადგან გვსურს რომ ჩვენი ნაწერით სხვა არ დავაზიანოთ.

          იმედია ახლა თითოეული ჩვენგანი კარგად ვხედავთ რომ სამყაროში ჭეშმარიტებებთან ერთად გარკვეული ტიპის რისკებიც არსებობს, როგორებიცაა რუტინა, დაცემა და ის, რომ შეიძლება ტექსტის დასასრული ვერ მოიფიქრო. თუმცა ადამიანებს გვაქვს შესაძლებლობა რომ, სურვილის შემთხვევაში, მსგავსი სამყაროსეული რისკები დავაზღვიოთ.

          დაზღვევა არსებობის საჭირო ნაწილია. თუ გინდა შექმნა რაიმე ახალი დიდი ზარალის გარეშე, უნდა დაეზღვიო. თუ თავად გინდა ახლიდან შეიქმნა, მაგრამ შინაგანი დანაკარგის გეშინია, უნდა დაეზღვიო. შესაბამისად, დაზღვევა ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მეც ეს ტექსტი დავაზღვიე - უფრო კონკრეტულად კი წერისას შემომეზღვია.

          შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა, ამ ბლოგში მაინც, ყველა დაზღვეულები ვართ. მათ შორის მკითხველიც. ტექსტს კი, როგორც შეგპირდით, ბედნიერი დასასრული აქვს. მეტიც, ზედმიწევნით ამ სიტყვებით მთავრდება: „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“

 

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია არსენ სებისკვერაძე