კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

„წინ და წინ ფინანსობანა“ - სპექტაკლი, რომელიც ბავშვებს არასდროს დაავიწყდებათ!

7 ქალაქი, 26 საჯარო სკოლა და 1000 ზე მეტი ბედნიერი მოსწავლე — ასე შეიძლება შევაჯამოთ ფინანსური განათლების შესახებ პირველი სპექტაკლის „წინ და წინ: ფინანსობანას“ საოცარი მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში.

სპექტაკლის მთავარმა გმირებმა : მართამ, თომამ და „ფინედუს“ კურსდამთავრებულმა ინფლუენსერმა ფინფინმა— ბავშვები თავგადასავლებით სავსე სამყაროში გადაიყვანეს, სადაც თამაშ-თამაშით ასწავლეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დაზოგვა, ბიუჯეტირება, მეწარმეობა, ფინანსური მიზნების დასახვა  და ფინანსური  უსაფრთხოება.

სპექტაკლი, რომელიც  8-12 წლის აუდიტორიისათვის  შეიქმნა, ნამდვილ ინტერაქციულ თავგადასავლად გადაიქცა ბავშვებისათვის.

ფინანსური განათლების თემაზე შექმნილი პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივით, კომპანია „თამაშობანასთან“ ერთად  შეიქმნა. პრემიერის და საქართველოს რეგიონებში გასტროლების მხარდაჭერები იყვნენ ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ბაზისბანკი.  

ფინანსური განათლების ამაღლება საინტერესო, სახალისო და ინოვაციური გზებით უკვე ტრადიციად იქცა და ამ მიმართულებით ფინედუს ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა. „თამაშობანას“ შემოქმედებითი გუნდის ჩართულობითა და კომერციული ბანკების მხარდაჭერით გასულ პერიოდში შემუშავდა მხიარული კომიქსები და სამაგიდე თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“. გარდა ამისა, ფინედუს გუნდის მიერ შემუშავდა არაერთი სამაგიდე თუ საგაკვეთილო თამაში, შეიქმნა ბეჭდური მასალები - კროსვორდები, ფაზლები, საბარათე თამაშები და სხვა.