ფინანსური განათლების თემაზე შექმნილი პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი კომპანია „თამაშობასთან“ ერთად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა. პრემიერის და საქართველოს რეგიონებში გასტროლების მხარდაჭერები არიან ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ბაზისბანკი.
თეატრალური წარმოდგენის პერსონაჟები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ცოდნას აუმაღლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება.
სპექტაკლი დაიდგმება შემდეგ ქალაქებში:
22 ნოემბერი - ქ. ბათუმი და ქ. ოზურგეთი;
23 ნოემბერი - ქ. ქუთაისი და ქ. გორი;
29 ნოემბერი - ქ. თელავი;
30 ნოემბერი - ქ. ბორჯომი.
სპექტაკლზე დასასწრებად მოწვევა დაეგზავნათ აღნიშნული ქალაქების იმ სკოლებს, რომელთა მასწავლებლებიც, 2025 წელს, ფინედუს პროექტებში აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდნენ.
სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა ეძლევა 8-დან 12 წლამდე ასაკის 625 მოსწავლეს.
ფინანსური განათლების ამაღლება საინტერესო, სახალისო და ინოვაციური გზებით უკვე ტრადიციად იქცა და ამ მიმართულებით ფინედუს ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა. „თამაშობანას“ შემოქმედებითი გუნდის ჩართულობითა და კომერციული ბანკების მხარდაჭერით გასულ პერიოდში შემუშავდა მხიარული კომიქსები და სამაგიდე თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“. გარდა ამისა, ფინედუს გუნდის მიერ შემუშავდა არაერთი სამაგიდე თუ საგაკვეთილო თამაში, შეიქმნა ბეჭდური მასალები - კროსვორდები, ფაზლები, საბარათე თამაშები და სხვა.