კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტრენინგები მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის გრძელდება

საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge) მოქალაქეობის მასწავლებელთა ტრენინგებს განაგრძობს. ტრენინგების მიზანი სკოლებში ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების სწავლებისას სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერაა.

ამ ეტაპზე ტრენინგების მორიგი 2 ნაკადი ჩატარდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 39 მასწავლებელი გადამზადდა. 

ტრენინგების თემატიკა ფარავდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მე-9 კლასის საგან „მოქალაქეობაში“ ინტეგრირებულ ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: პროფესია და სამსახური, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, საფინანსო ორგანიზაციები და მომსახურებები, დაზღვევა, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა.

ტრენინგების მონაწილე მასწავლებლებს თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული სავარჯიშოები და საკლასო აქტივობებიც მიეწოდათ, რომლებიც მათ გაკვეთილების საინტერესოდ დაგეგმვაში დაეხმარებათ. მონაწილეებს სრულ სასწავლო მასალებთან ერთად მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

მსგავსი ტრენინგები პერიოდულად მომავალშიც დაიგეგმება. ინფორმაცია ტრადიციულად „ფინედუს“ ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება, დარეგისტრირება კი სამოქალაქო განათლების მიმართულებით მომუშავე ნებისმიერი დაინტერესებული მასწავლებლისთვის იქნება შესაძლებელი. 

მასწავლებელთა გადამზადების პროცესი ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის და დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება. დღემდე ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდა 700-ზე მეტი მასწავლებელი.