კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოში დაზოგვის მსოფლიო დღე აღინიშნება

ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმის www.filendu.gov.ge (ფინედუს)ა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობითა და განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასეულობით სკოლის მხარდაჭერით  საქართველო წელსაც, ტრადიციულად,  უერთდება დაზოგვის მსოფლიო დღის საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნება.

2025 წლის კამპანია ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესაც ეძღვნება. სწორედ ამიტომ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტი "მოიწვიე ფინედუ კლასში" 2 ოქტომბერს, ლარის გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად ლარის გამოცხადების დღეს დაიწყო და მთელი ოქტომბრის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაგრძელდა.

დაზოგვის დღის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული პროექტის - "მოიწვიე ფინედუ კლასში,   ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები V-XII კლასელებს ესტუმრნენ და, თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით, სახალისო და შემეცნებითი ღია გაკვეთილები ჩაუტარეს. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში გაკვეთილი 250-მდე კლასის 5,700-მდე მოსწავლეს ჩაუტარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, აქედან დაახლოებით 75% რეგიონების სკოლებში. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, განხორციელდა საპილოტე აქტივობაც, რომლის ფარგლებშიც ფინედუს დესპანის როლის მორგება ეროვნული ბანკის თანამშრომლების შვილებმაც შეძლეს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 9 დესპანმა საკუთარ სკოლებში თანატოლებზე მორგებული, თამაშზე დაფუძნებული გაკვეთილი ჩაატარა.

"მოიწვიე ფინედუ კლასში" ფარგლებში განხორციელდა ვიზიტები რეგიონების იმ 21 სკოლაშიც, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მორიგ კონკურსში - "ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში" - გაიმარჯვეს. აღნიშნულ სკოლებს ეროვნული ბანკის დესპანები ესტუმრნენ, ღია გაკვეთილები ჩაუტარეს და საკუთარი ბიბლიოთეკების აღსაჭურვად ახლად შექმნილი დამატებითი ბეჭდური საგანმანათლებლო მასალა გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ამ მისიით სკოლებს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, თეიმურაზ ხომერიკიც ეწვივნენ.

მასწავლებლების ინტერესისა და მოთხოვნიდან გამომდინარე, 31 ოქტომბერს გამოცხადდება დამატებითი ინიციატივაც, რომლის ფარგლებში ღია გაკვეთილების ჩატარების საშუალება სკოლის მასწავლებლებსაც მთელი ნოემბრის განმავლობაში შეეძლებათ.

31 ოქტომბერს დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველოში უკვე 14 წლიანი ისტორია აქვს. გლობალურად კი მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა და მოსახლეობაში დაზოგვის წახალისებასა და დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. საქართველოში ამ თარიღის აღნიშვნა ძირითადი მიზნობრივი სეგმენტი მოსწავლე-ახალგაზრდობაა, რადგანაც საუკეთესო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაზოგვის სარგებლიანობაზე საუბარი ამ ასაკში უფრო ეფექტურია, ისევე, როგორც დაზოგვის ჩვევების გამომუშავება. 

ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რამდენადაც ის არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მოსახლეობის, და შემდეგ, ქვეყნის ფინანსური კეთილდღეობისათვის. აღნიშნული დღის აღნიშვნაც სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება.