ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო, საფინანსო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფინანსური განათლების მასწავლებლები.
"ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან სწორედ ფინანსურად განათლებული ადამიანი არის ჯანსაღი საფინანსო სისტემისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი. გასულ წლებში ეროვნულმა ბანკმა, პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეგიონებში ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით და ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა "ფინედუს" ინიციატივით განხორციელებული რეგიონული საგანმანათლებლო პროექტების შედეგები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების წარმომადგენლების მონაწილეობით კი პანელური დისკუსია "ერთი შეხვედრიდან ახალ შესაძლებლობებამდე" გაიმართა.
პროექტმა "სტუმრად ეროვნულ ბანკში" 85-ზე მეტი სკოლა და 2,200-ზე მეტი მოსწავლე მოიცვა, ფინანსური განათლების შესახებ სხვადასხვა წლებში გამართულ კონკურსებში 6,000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ფინანსური განათლების ინოვაციურ სპექტაკლს კი 1,500-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც "ფინედუმ" რამდენიმე წლის წინ ჩაუყარა საფუძველი მასწავლებლების გაძლიერება და ჩართულობაა. ინიციატივა მასწავლებლებისთვის ტრენინგებს გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 1,300-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა.
მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების, რეგიონებისთვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნისა და ამ მიმართულებით საჯარო, საგანმანათლებლო და საფინანსო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.