საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ "სკოლა-ბანკის" პროექტის ფარგლებში, მასწავლებელთა ტრენინგების სესიებზე მორიგ მიღებას აცხადებს! მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მასწავლებლების ორი ნაკადი დატრენინგდება - პირველი ნაკადისთვის ტრენინგები 11-12 მარტს ჩატარდება, ხოლო მეორესათვის 13-14 მარტს. ტრენინგები საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში (ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1) ჩატარდება.
"სკოლა-ბანკის" პროექტი 2 ეტაპიანია და გულისხმობს:
- მასწავლებელთა 2-დღიან ტრენინგს და სპეციალური სახელმძღვანელოთი აღჭურვას,
- მასწავლებლების მიერ საკუთარი მოსწავლეებისთვის „სკოლა-ბანკის“ მოდულით გათვალისწინებული 15 გაკვეთილის ჩატარებას.
"სკოლა–ბანკი" საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International–ის (ამჟამად კი, Aflatoun International) მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამაა, რომელიც მოზარდებში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება. ფინანსური განათლება, თავის მხრივ, დაეხმარება ბავშვებს გონივრულად მართონ პირადი ფინანსები და მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები.
"სკოლა-ბანკის" მოდულით სწავლება VII-IX კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მოდულის ფარგლებში ბავშვები ეცნობიან ფინანსური განათლების ისეთ საკვანძო თემებს, როგორებიცაა დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება. მოდულის ეს თემები შესაბამის სახელმძღვანელოში მოზარდებისათვის გასაგები ენითა და სახალისო ფორმითაა მოცემული.
მასწავლებელთა 2-დღიან ტრენინგზე დაიფარება ყველა ის თემა და სწავლების აქტიური მეთოდი, რაც "სკოლა-ბანკის" სახელმძღვანელოშია მოცემული.
ტრენინგზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, რომელსაც არ აქვს გავლილი აღნიშნული ტრენინგი და რომელიც მზად არის მიღებული მასალებისა და ცოდნის საფუძველზე მოსწავლეებს პროექტით გათვალისწინებული 15 გაკვეთილი ჩაუტაროს.
ტრენინგზე დასწრება უფასოა, მონაწილეებს გადაეცემათ სრული სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, დაინტერესებულმა მასწავლებელმა შეავსოს მოცემული სარეგისტრაციო ფორმა. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება განაცხადების შევსების რიგითობის მიხედვით.