საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მისმა ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუმ" რეგიონში მცხოვრები ტრენერების მომზადების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.
2024 წლის 11-13 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის 18-მა წარმომადგენლმა სპეციალური ტრენერთა ტრენინგი გაიარა. მონაწილეები სამი დღის განმავლობაში გაეცნენ ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, ისაუბრეს რეგიონის სპეციფიკასა და სწავლების პროცესის გამოწვევებზე. ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატიც გადაეცა.
პროექტის მომდევნო ეტაპი მონაწილეების მიერ ფინედუს ორგანიზებული საჩვენებელი ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს, რომლის შედეგების მიხედვითაც საბოლოოდ შეირჩევა 8 ანაზღაურებადი ტრენერი. ფინედუს ტრენერები კი საკუთარ საცხოვრებელ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის 2025 წლის განმავლობაში 80-მდე საგანმანათლებლო შეხვედრას ჩაატარებენ.
შერჩეული ტრენერების ფინანსური განათლების საკითხებში გადამზადება 2024 წლის დეკემბერში, ხოლო რეგიონებში მოსახლეობის ტრენინგების ჩატარება 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
ფინანსური განათლების გავრცელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების პორტალი - "ფინედუ" მხარდამჭერ პარტნიორთან, სს "საქართველოს ბანკთან" ერთად ფინანსური განათლების გამავრცელებელი ანაზღაურებადი ტრენერების შერჩევა-გადამზადების პროექტს სახელწოდებით "ფინედუს ტრენერი" ახორციელებს.პროექტში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეეძლო, რომელსაც ფორმალური ან არაფორმალური სწავლების გამოცდილება ჰქონდათ. სულ დაინტერესება 140-მა კანდიდატმა გამოთქვა, საიდანაც პირველ ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. კანდიდატების შერჩევისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უპირატესობა მიენიჭა საზღვრისპირა და მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებელ მონაწილეებს.