საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმის www.finedu.gov.ge - ფინედუსა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, 31 ოქტომბრიდან საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
კამპანიის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისება წარმოადგენდა. კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი აქტივობა ფინედუს დესპანებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით ჩატარებული ღია გაკვეთილები იყო, რომლებსაც არაერთი სასიამოვნო და მოულოდნელი გამოხმაურება მოჰყვა.
კამპანიის საჭიროება გაიზიარეს და მას საკუთარი, დამოუკიდებელი აქტივობებით შეუერთდნენ არაფორმალური განათლების სექტორის წარმომადგენლები და სკოლები.
ადიგენის რაიონის სოფელ არალის საჯარო სკოლა
მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოაწყვეს და თანაკლასელებს ცოდნა გაუზიარეს ადიგენის რაიონის სოფელ არალის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ლიკა ჩილაშვილმა და მარიამ ხინგავამ.
ლიკამ და მარიამმა ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხის შესახებ ცოდნა მიიღეს ორგანიზაციების USAID-ის და ჯეოლაბის პარტნიორობით გამართული სამოქალაქო განათლების პროგრამის საზაფხულო ონლაინ სკოლაში.
დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა
მსოფლიო დაზოგვის დღესა და დაზოგვის მნიშვნელობაზე დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებთან საკუთარი ინიციატივით ღია გაკვეთილი ჩაატარა დედოფლისწყაროს მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის ფინანსური განათლების კლუბის ხელმძღვანელმა და ფინანსური განათლების ტრენერმა, ქ-ნმა ნინო მეხრიშვილმა, რომელსაც თავის მხრივ გავლილი აქვს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ჩატარებული ფინანსური განათლების სპეციალური სასკოლო ტრენინგები სახელწოდებით „სკოლა-ბანკი“.
ქ. თბილისის სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“
გარდა იმისა, რომ სკოლა-ლიცეუმმა „პრომეთემ“ ფინედუს დესპანებს მე-4 კლასელების შესახვედრად უმასპინძლა, თავადაც დამოუკიდებლად დაგეგმა სპეციალური პოსტერების კონკურსი. კონკურსში მე-7 კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ისინი 21 გუნდად დაიყვნენ და ერთი კვირის განმავლობაში გუნდურად იმუშავეს და ჟიურის წინაშე წარადგინეს მათ მიერ მომზადებული პოსტერები სახელწოდებით „მე ვზოგავ“. პოსტერების იდეისა და შინაარსის წარდგენაც მონაწილეებმა ასევე, გუნდურად განახორციელეს. კონკურსზე ფინედუს წარმომადგენელი მიწვეული იყო ჟიურის ერთ-ერთ წევრად.
ქ. თბილისის #12 საჯარო სკოლა
აქტივობებს, ასევე, ინტერესით შეუერთდნენ თბილისის მე-12 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ანი ფიფია და ილია ქობალია, რომელებმაც ფინედუს დესპანის სტუმრობის შემდეგ სურვილი გამოთქვეს ესაუბრათ ფულის ისტორიის შესახებ ვრცლად და მოემზადებინათ პრეზენტაცია. მიიწვიეს ფინედუ კლასში, ახლა უკვე მსმენელის სტატუსით და თანაკლასელებს გაუზიარეს დამოუკიდებლად მოძიებული და შესწავლილი ინფორმაცია ფულის წარმოშობის შესახებ.
როგორც აღმოჩნდა, ფინანსური და ეკონომიკური განათლება არაერთი სკოლისთვის პოპულარული და პრიორიტეტული კლასგარეშე აქტივობაა, რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობენ პედაგოგები და მოსწავლეები თავიანთი აქტიური ჩართულობით. ამას ადასტურებს ის უკუკავშირი, რომელიც ზემოთ აღნიშნული აქტივობების სახით მოჰყვა ფინედუს და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილების ჩატარებას დედაქალაქსა თუ რეგიონებში. აქტივობები ჯერ კიდევ გრძელდება, ეროვნული ბანკის დესპანებს ელიან რეგიონებში, სადაც მოსწავლეებს ნოემბრის ბოლომდე აუცილებლად ესტუმრებიან პარტნიორი ფინანსური სექტორის წარმომადგენლები და მოუყვებიან დაზოგვის შესახებ.