მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1924 წლიდან ბევრ ქვეყანაში, საქართველოში კი 2012 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. მისი მიზანი დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და წახალისებაა. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა „გროვიაა“, ხოლო მისი ადრესატი ძირითადი სეგმენტი ბავშვები და ახალგაზრდები არიან.
საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე წელს უკვე მეათედ აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი და ინიციატორია საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა www.finedu.gov.ge - ფინედუ.
2021 წლის დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, წელსაც დისტანციურად ჩატარდება. ფინედუ და საქართველოს ეროვნული ბანკი ნებისმიერ მსურველს, მათ შორის სკოლის მასწავლებლებს, ღონისძიებაში მენტორის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად იწვევს. მენტორების მისია იქნება დაზოგვასთან, მის საჭიროებასა და სარგებლიანობასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელება. ამ მიზნით ისინი ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საინტერესო ვებინარებს გაივლიან, მიიღებენ სრულ ინსტრუქტაჟს და მასალებს, შემდეგ კი, თავის მხრივ, 12-15 წლის ახალგაზრდებს მოუყრიან თავს და მათ სახალისო გაკვეთილს ჩაუტარებენ. ჩატარებული გაკვეთილის ფარგლებში შეკრებილი იდეებით მენტორები ხუთკაციანი გუნდებით ფინალურ ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე ფინედუს ფეისბუქ გვერდზე ჩატარდება Live ვიქტორინა, სადაც ახალგაზრდები დასმული შეკითხვების პასუხებზე გუნდურად იმუშავებენ.
კონკურსის გამარჯვებულებს ღონისძიების პარტნიორი კომერციული ბანკები დააჯილდოებენ. კერძოდ, გამარჯვებულ მენტორებს 500 ლარიან ანაბარს, ხოლო გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს 300 ლარიან ანაბარს გაუხსნიან. ინიციატივის ფარგლებში სულ 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.
ღონისძიების თანაორგანიზატორები წელსაც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები იქნებიან: სს „ბაზისბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „კრედო ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „საქართველოს ბანკი“.
მეტი ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.
1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად.